“პატრიოთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, პარტიის სიის მეოთხე ნომერი, ავთანდილ ენუქიძე პარტიის შემომწირველია და “ის თავისუფალია მის ქმდებებში”. ამის შესახებ ინაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ინაშვილის თქმით, პარტიის “პოლიტიკური შემადგენლობა”, მათ შორის, თავად ინაშვილი, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე, მეათე მოწვევის პარლამენტში არ შევა:
“ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გოჩა თევდორაძე – არ შევდივართ პარლამენტში, ანუ პარტიის პოლიტიკური შემადგენელი არ შედის მეათე მოწვევის პარლამენტში. ყველა პარტიაში არის ბიზნესშემადგენელი. ბატონი ავთო წლების მანძილზე არის ჩვენი პარტიის მხარდამჭერი. ის არის ჩვენი პარტიის შემომწირველი, აფინანსებდა არჩევნებს, შესაბამისად, ის თავისუფალია თავის ქმედებებში. მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს ჩავერიოთ ბატონი ავთანდილის გადაწყვეტილებაში. ის თავისუფალი ადამიანია, თავად იღებს გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება, როგორც მე დღეს მოვისმინე, მიღებული აქვს”, – განაცხადა ინაშვილმა.
ინაშვილის თქმით, მისი ინფორმაციით, პარტიული სიის “მთელი შემადგენლობა, რომელსაც განცხადებები დაწერილი აქვს, პარლამენტში შესვლას არ გეგმავს “დღევანდელი მდგომარეობით”.
“პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო სიის მეოთხე ნომრის, ავთანდილ ენუქიძის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს, 23 დეკემბერს გავრცელდა. როგორც ენუქიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, ის კვლავ რჩება “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერად და მეგობრად, თუმცა, პარტიული სიის სხვა წევრებისგან განსხვავებით, მანდატის დატოვების შესახებ განცხადების ჩაბარებას არ აპირებს.
“მათ აქვთ ასეთი შეხედულება, მე მაქვს ასეთი შეხედულება… ჩვენთან პარტიაში არ არის ეგრე, თავისუფალი ხალხი ვართ ჩვენ და ვისაც რა შეხედულება აქვს, ვერავინ ვერ შემზღუდავს. არც უცდია არავის ჩემი შეზღუდვა, პირიქით, ყველას თავისი აზრი აქვს”, – განაცხადა ენუქიძემ “რუსთავი 2”-თან საუბარში.
ენუქიძეს ნეტგაზეთიც დაუკავშირდა, თუმცა კომენტარზე უარი განაცხადა.
ორი დღის წინ, 21 დეკემბერს “პატრიოტთა ალიანსმა” პარლამენტს მანდატების გაუქმების შესახებ მიმართა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოჩა თევდორაძემ მაშინ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ პარტიული სიის 132-ვე წევრმა დაწერა განცხადება, რომლის თანახმადაც ისინი პარლამენტში არ შევიდოდნენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, “პატრიოტთა ალიანსმა” 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებზე 3.14% მიიღო და მეათე მოწვევის პარლამენტში 4 მანდატი მოიპოვა, ავთანდილ ენუქიძე კი პარტიის სიის მეოთხე ნომერია. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ინფორმაციით, ის “პატრიოტთა ალიანსის” სიის უპარტიო წევრია.
რაც შეეხება დანარჩენ წევრებს, სიაში პირველ სამ ადგილს ინაწილებენ ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცნობით, ენუქიძემ პარტიას, რომლის სიითაც შედის პარლამენტში, 2016 და 2020 წლებში 60-60 ათასი ლარი შესწირა.
ასევე, “საერთაშიროსო გამჭვირვალობის” ინფორმაციით, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ბიზნესში ფლობდა წილებს, მათ შორის, “თბილისი პარკინგსა” და “იანდექს ჯორჯიაში”.
ამასთან, ავთანდილ ენუქიძე 2000 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც მუშაობდა ეკოლოგიური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე.