ახალი ამბები

შსს-ს ცნობით, ვაზიანის ბაზიდან გაუჩინარებული სამხედრო თბილისში იპოვეს

24 დეკემბერი, 2020 • 909
შსს-ს ცნობით, ვაზიანის ბაზიდან გაუჩინარებული სამხედრო თბილისში იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მომსახურე სამხედრო თეიმურაზ გიუნაშვილი იპოვეს. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გიუნაშვილი თბილისში იპოვეს, ის თავს კარგად გრძნობს და ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

“სამხედრო მოსამსახურე თ.გ. 21 დეკემბერს, 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს”,-აცხადებენ შსს-ში.

ეს მუხლი თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.  თავდაცვის სამინისტრომ გუშინ, 23 დეკემბერს, გაავრცელა ინფორმაცია სამხედროს დაკარგვის შესახებ. სამინისტროს ცნობით, თეიმურაზ გიუნაშვილი მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში მსახურობს, მან 21 დეკემბერს დატოვა ვაზიანის სამხერდო ბაზა, თუმცა მეორე დღეს აღარ გამოცხადდა:

“საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი მსახურობს თავდაცვის ძალებში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში. აღნიშნული სამხედრო პირი 21 დეკემბერს, 09:00 სთ- მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია, რაც დასტურდება პატაკითა და გამშვები პუნქტის სათვალთვალო ვიდეოკამერებით. 22 დეკემბერს, როდესაც აღნიშნული პირი შესაბამის დროს არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, მისმა უშუალო მეთაურმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დროულად განახორციელა სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან.”

მასალების გადაბეჭდვის წესი