ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საგარეოს განმარტება აფხაზური ბარათების თურქულ ბანკებში მომსახურებაზე

22 დეკემბერი, 2020 • 1089
საგარეოს განმარტება აფხაზური ბარათების თურქულ ბანკებში მომსახურებაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა აფხაზური ბარათების თურქულ ბანკებში მომსახურების შესახებ კომენტარი გააკეთა.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო და ყველა შესაბამისი დარგობრივი უწყება საქმის კურსშია და აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ საკითხზე. საზოგადოებისთვის რომ გასაგები იყოს, რეალურად საქმე გვაქვს რუსულ საგადასახადო ბარათ “МИР”-თან და რუსეთის მცდელობასთან, რომ რუსული სისტემით დამზადებულ ბარათ “აფრას” პოპულარიზაციით მოახდინოს ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წარმოჩენა”, – აცხადებენ დეპარტამენტში.

აქვე ნათქვამია, რომ “სინამდვილეში, ბარათი “აფრა” სხვა არაფერია, თუ არა რუსული საგადასახადო ბარათი “МИР”, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონში სახელწოდება “აფრა” აქვს მინიჭებული და აფხაზურ ბარათადაა წარმოჩენილი. რეალურად, სისტემა აფიქსირებს მხოლოდ რუსულ საგადასახადო ბარათ “МИР”-ს და ტექნიკურ სირთულეებთანაა დაკავშირებული იმის იდენტიფიცირება, თუ სადაა დამზადებული “МИР”-ზე მიბმული კონკრეტული საბანკო ბარათი”.

უწყების ცნობითვე, თურქ პარტნიორებთან უკვე შედგა არაერთი კომუნიკაცია.

“შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო მუშაობას ყველა პარტნიორ სახელმწიფოსთან აღნიშნულ საკითხზე. მოგეხსენებათ, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მით უმეტეს, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ყველა მათგანი ურყევად ატარებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენთან რუსეთის ნებისმიერი უკანონო მცდელობის აღმოფხვრა-პრევენციის მიზნით”.

აფხაზური მხარის, კერძოდ, დე ფაქტო ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აფხაზურ საბანკო პლასტიკურ ბარათებს, “აპრას” უკვე ემსახურება ორი მსხვილი თურქული ბანკიც- «Is Bank» [იშბანკი] და «Ziraat Bank» [ზირაათ ბანკი]. აღნიშნული ბანკები საქართველოს ტერიტორიაზეც საქმიანობენ.

სოხუმის ცნობითვე, დღესდღეობით, АПРА «World» ბარათებს ემსახურებიან შემდეგ ქვეყნებში: რუსეთის ფედერაცია, ბელარუსი, უზბეკეთი, სომხეთი და თურქეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი