ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის “საკვები პროგრესისთვის” პროგრამის ფარგლებში, საქართველოში 14 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალი შემოვიდა.
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ტვირთი ფოთის პორტში შემოვიდა და სამი გზავნილიდან პირველია. დარჩენილი ნაწილი კი მომდევნო თვეში ჩამოვა და ხელმისაწვდომი იქნება კერძო სექტორისთვის ქართულ ბაზარზე გასაყიდად.
“გაყიდვებიდან შემოსულ თანხას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ინვესტიციის სახით სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში ჩადებს, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს ფერმერებისა და მწარმოებლების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. ამასთანავე, გაუმჯობესდეს საკვების უსაფრთხოება და ხარისხი საქართველოს რძის პროდუქტისა და საქონლის ხორცის წარმოებაში”, – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.