ახალი ამბები

დაგეგმილი პროვოკაცია დისკრედიტაციისთვის – FSB ნავალნის აუდიოჩანაწერზე

22 დეკემბერი, 2020 • 1109
დაგეგმილი პროვოკაცია დისკრედიტაციისთვის – FSB ნავალნის აუდიოჩანაწერზე

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (FSB) ამბობს, რომ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის განცხადება, რომლის თანახმადაც, უწყების თანამშრომელმა მისი მოწამვლის მცდელობა აღიარა, “დაგეგმილი პროვოკაციაა FSB-ს დისკრედიტაციისთვის”.

რას თქვა მანამდე ნავალნიმ?

ნავალნიმ თავისი ორგანიზაციის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ Youtube-ის არხზე შესაბამისი ვიდეო 21 დეკემბერს გამოაქვეყნა და ის უკვე 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

ამ ვიდეოში ნავალნი ამბობს, რომ FSB-ს სპეციალური ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, კონსტანტინ კუდრიავცევს 14 დეკემბერს სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით დაუკავშირდა, რომელმაც მისი მობილურის ნომერი დაფარა. ნავალნიმ კუდრიავცევს თავი წარუდგინა უსაფრთხობის საბჭოს ერთ-ერთ თანამშრომლად. ოპოზიციონერის განცხადებით, კუდრიაცევმა აღიარა, რომ წამლავდა. ვიდეოს თან ერთვის აუდიოჩანაწერიც.

აუდიოჩანაწერში კუდრიავცევად წოდებული პირი თავიდან ორჭოფობს, თუმცა ადასტურებს, რომ მონაწილეობას იღებდა მოწამვლაში და მანამდეც, 2017 წლიდან თვალს ადევნებდა ნავალნის – „აკურატული კაცია, ხშირად იცვლის ნომერს. თითქოს გრძნობს..“

FSB კვლავ უცხოური სპეცსამსახურების კვალზე საუბრობს

უშიშროების სამსახური ალექსეი ნავალნის მიერ ჩატარებულ გამოძიებაში უცხო ქვეყნების კვალს ხედავს.

“კორუფციასთან ბრძოლის ფონდის” დამფუძნებლის[ნავალნის] გამოძიება შეუძლებელი იქნებოდა უცხოეთის სპეციალური სამსახურების ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის გარეშე”, – ციტირებს FSB-ს რუსული “რია ნოვოსტი”.

უწყების განცხადებით, მეთოდი, რომელიც ნავალნიმ გამოიყენა, “კარგად ცნობილი ტექნიკაა უცხოური სპეცსამსახურებისათვის, რომლებიც არაერთხელ გამოიყენეს ანტირუსული მოქმედებებისას. ის შეუძლებელს ხდის საუბრის რეალური მონაწილეების იდენტიფიცირებას”.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ” ამ “გამოძიებას” უსაფრთხოების სამსახურები შეამოწმებენ” და “პროცედურულ შეფასებას მისცემენ”.

ნავალნის ზემოხსენებულ ვიდეოს წინ უძღოდა Bellingcat-ის ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, ალექსეი ნავალნი სწორედ FSB-მ მოწამლა ნოვიჩოკით.

აღნიშნულ გამოძიებაზე მუშაობდნენ რამდენიმე მსხვილი გამოცემის – Bellingcat-ის, The Insider-ს, Der Spiegel-ისა და CNN-ს- თანამშრომლები.

ნავალნის მოწამვლა

ნავალნი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის – „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ – წევრები იმთავითვე ამბობდნენ, რომ ნავალნი მოწამლეს.

მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოხმაურებისა, ნავალნის რუსეთიდან 2 დღეს არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 22 აგვისტოს, ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს.

ამის შემდგომ გერმანულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნოვიჩოკის მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს. საწამლავის კვალი ნავალნის ორგანიზმში გერმანიაში, ბუნდესვერის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოაჩინეს.

22 აგვისტოს ნავალნი ბერლინში, კლინიკა Charité-ში გადაიყვანეს. კლინიკამ დაადასტურა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს.

ნავალნი „ეფესბემ“ ნოვიჩოკით მოწამლა | bellingcat-ის გამოძიება

მასალების გადაბეჭდვის წესი