ახალი ამბები

სასწრაფოს გამოძახების ადგილზე მისვლის დრო 4-ჯერ შემცირდა – ტიკარაძე

22 დეკემბერი, 2020 • 1073
სასწრაფოს გამოძახების ადგილზე მისვლის დრო 4-ჯერ შემცირდა – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სასწრაფოს გამოძახების ადგილამდე მისვლის დრო პანდემიის დასაწყისიდან დღემდე 4-ჯერ შემცირდა.

დღეს პარლამენტი უსმენს მინისტრობის კანდიდატებს, მათ შორის, ეკატერინე ტიკარაძეს. რამდენიმე დღის წინ „ოცნებამ“ განაცხადა, რომ მინისტრთა შემადგენლობას, იუსტიციის სამინისტროს გარდა, არ ცვლის. თუმცა მინისტრები ხელახლა უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა.

დღევანდელ გამოსვლაში ტიკარაძემ  თქვა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში 13 300-ზე მეტი მედიკოსია ჩართული, რომლებიც მოქალაქეებს გადაუდებელ და ჰოსპიტალურ დახმარებას უწევენ.

„განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო გადაუდებელი დახმარების ექიმებზე, რომლებიც შესაძლებლობებიდან გამომდინარე უმოკლეს დროში ახერხებენ სწრაფ რეაგირებას მოქალაქეთა დასახმარებლად. 2020 წლის პირველი იანვრიდან გადაუდებელი დახმარება გაეწია 1 200 000 მოქალაქეს, სასწრაფოს დაგვიანება არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი, რაზეც მინდა აღვნიშნო: როდესაც ობიექტური კრიტიკა მოდის მოსახლეობიდან, მე ვარ სოლიდარული. მაგრამ როდესაც მიზანმიმართული ნეგატივი მოდის დესტრუქციული ჯგუფებიდან, ყველამ უნდა გაცვიხსენოთ, თუ რამდენად დიდი შრომის ფასად უწევს სასწრაფოს ექიმებს პანდემიის სირთულეებთან გამკლავება.

დღეისათვის მნიშვნელოვნად არის შემცირებული სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე რეაგირების დრო და, შესაბამისად, შემცირდა გამოძახებაზე დაყოვნების მაჩვენებელი. გამოძახებაზე საშუალო მოლოდინის დრო წინა პერიოდში იყო სააათი და 24 წუთი, რომელიც დღეს 20 წუთამდეა შემცირებული“, – ამბობს ტიკარაძე.

მისი თქმით, 2020 წლის განმავლობაში გადაუდებელი დახმარების სამსახური გაერთიანდა სამინისტროს ქოლგის ქვეშ. მას გადაეცა 140 ახალი ავტომობილი, გაიხსნა 26 ადმინისტრაციული შენობა, ხოლო დასაქმებულებს გაეზარდათ ხელფასი.

მომავალ წელს კი მედიკოსებსის დაზღვევის უზურნველსაყოფად 1.5 მილიონი ლარი გამოიყოფა.

მასალების გადაბეჭდვის წესი