ახალი ამბები

დისტანციური სწავლების ჰაბად გადაქცევა ხომ არ გვეფიქრა – დეპუტატის კითხვა მინისტრს

22 დეკემბერი, 2020 •
დისტანციური სწავლების ჰაბად გადაქცევა ხომ არ გვეფიქრა – დეპუტატის კითხვა მინისტრს

დღეს საქართველოს პარლამენტში განათლების მინისტრობის კანდიდატს, მიხეილ ჩხენკელს უსმენენ. მოსმენის დროს, ერთ-ერთმა დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა მას ჰკითხა, ხომ არ უნდა გადაედგა სამინისტროს შესაბამისი ნაბიჯი და საქართველო ხომ არ ჩამოყალიბებულიყო, როგორც დისტანციური სწავლების რეგიონული ჰაბი.

გიორგი ამილახვარი, რომელიც განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს მოადგილეა, ჩხენკელს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

„თქვენ ახსენეთ დისტანციური სწავლება და ეს ნამდვილად თქვენი და თქვენი სამინისტროს ერთ-ერთ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ამ რთულ პერიოდში – როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ასევე, უმაღლესი და პროფესიული განათლების სფეროში – თუ როგორ მოახდინა სისტემამ ადაპტაცია და სრული უწყვეტობა შესთავაზა, როგორ ჩვენს მოსწავლეებს, ასევე სტუდენტებს.

რა თქმა უნდა, პანდემია არის გამოწვევა, მაგრამ, მე ვფიქრობ, განათლებაში იმ დაგროვილი გამოცდილებით, მეთოდოლოგიით, იმ სასწავლო რესურსების დიჯიტალიზაციით, რაც ამ სფეროში დაგვიგროვდა, ხომ არ გვეფიქრა – და მექნება ასეთი ინიციტიავა, რომ სამომავლოდ გვეფიქრა –  გარკვეული დისტანციური სწავლების ჰაბად ჩამოგვეყალიბებინა საქართველო. ეს ეხება იმ საგანმანათლებლო პროგრამებს, სადაც ამის შესაძლებლობა არის და არამც და არამც იქ, სადაც ტექნიკური თუ ლაბორატორიული სამუშაოებია საჭირო.

ვინაიდან, მე ვფიქრობ, მსოფლიო მიდის აქეთკენ და არაერთმა ქვეყანამ დაიწყო ამაზე ფიქრი. საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, იმ ევროპის სტანდარტებთან თავსებადობის კუთხით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგად და რეგიონალურ ჰაბად, მიზიდულობის ცენტრად ჩამოვაყალიბოთ დისტანციურ სწავლებაში“, – ამბობს ამილახვარი.

მანამდე, სიტყვით გამოსვლისას, დისტანციური სწავლების შესახებ ჩხენკელმაც ისაუბრა. მან თქვა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფა მოხერხდა.

„პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის უზრუნველყოფა. Covid-19-ის პრევენციისა და მოსწავლეებისთვის განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრომ სკოლებისთვის დროულად შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები და წარმატებით დანერგა სისტემაში დისტანციური სწავლების სხვადასხვა პლატფორმა“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება უშუალოდ ამილახვარის კითხვას, ჩხენკელი ეთანხმება ჰაბის ჩამოყალიბების იდეას:

„ჰაბი ახსენეთ თქვენ და აბსოლუტურად გეთანხმებით, როგორც მოხსენებაში აღვნიშნე, ჩვენ გვიხარია, რომ უცხოელი პარტნიორების მხრიდან ძალიან მაღალი შეფასებები მიიღო იმ ღონისძიებებმა, რომლებიც ჩვენ გავატარეთ დისტანციური სწავლების დანერგვის თვალსაზრისით. შეიქმნა ერთგვარი ქართული „ნოუჰაუ“ -აქ ტელესკოლამ ძალიან დიდი როლი ითამაშა და აგრძელებს ამ მნიშვნელოვან მისიას.

უკვე მოხდა მთელ რიგ მინისტერიალებზე ჩვენი გამოცდილების გაზიარება და ე,ს რასაკვირველია, გაგრძელდება“, – ამბობს ჩხენკელი და ამატებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის „მაიკროსოფტი“ ეხმარება საქართველოს, რომ ამ ჰაბის ჩამოყალიბება მოხდეს.


მარტის მონაცემებით, საქართველოში ყველა ბავშვს ინტერნეტზე და, შესაბამისად, დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობა არ აქვს.

ქვეყნის მასშტაბით მრავლადაა რეგიონები, სადაც ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა 50 პროცენტზე დაბალია.

მაგალითად, იმერეთსა და ქვემო ქართლში ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი არის 55-57%, აჭარაში – 83%, თბილისში- 114.8% (ერთ ადამიანზე რამდენიმე აბონენტის ნომერი მოდის). ყველა სხვა რეგიონში ინტერნეტიზაციის მაჩვენებელი კი 50%-ზე ბევრად დაბალია. მაგალთად, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 6%-მდეც ვერ აღწევს.

ვრცლად:

დისტანციური სწავლების რეკომენდაცია და მოსწავლეები ინტერნეტის გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი