ახალი ამბები

“დავურეკე ჩემს მკვლელს. მან აღიარა” – ნავალნი აუდიოჩანაწერს აქვეყნებს

21 დეკემბერი, 2020 • 1191
“დავურეკე ჩემს მკვლელს. მან აღიარა” – ნავალნი აუდიოჩანაწერს აქვეყნებს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ მის მოწამვლაში მონაწილე ერთ-ერთ პირს თავად დაუკავშრდა, მან კი, თავის მხრივ, დანაშაული აღიარა.

ნავალნიმ ცოტა ხნის წინ მისი ორგანიზაციის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ Youtube-ის არხზე ვიდეო გამოაქვეყნა, სათაურით – „მე დავურეკე ჩემს მკვლელს. მან აღიარა“.

ამ ვიდეოში ნავალნი ამბობს, რომ „ეფესბეს“ სპეციალური ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, კონსტანტინ კუდრიავცევს 14 დეკემბერს დაუკავშირდა და თავი უსაფრთხობის საბჭოს ერთ-ერთ თანამშრომლად წარუდგინა. ვიდეოს დასაწყისში კი ახსნა, რომ სადაზვერვო სამსახურის ჯგუფის წევრს სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით დაუკავშირდა, რომელმაც მისი მობილურის ნომერი დაფარა.

ნავალნი კუდრიავცევს უხსნის, რომ დავალებული აქვს 2-გვერდიანი ანგარიშის დაწერა, რომელშიც ჯგუფის წევრთა შეფასებები უნდა იყოს გაერთიანებული. სწორედ ამ საბაბით უსვამს კუდრიავცევს კითხვებს  სპეცოპრაციის დეტალების შესახებ.

აუდიოჩანაწერში კუდრიავცევად წოდებული პირი თავიდან ორჭოფობს, თუმცა ადასტურებს, რომ მონაწილეობას იღებდა მოწამვლაში და მანამდეც, 2017 წლიდან თვალს ადევნებდა ნავალნის – „აკურატული კაცია, ხშირად იცვლის ნომერს. თითქოს გრძნობს..“

ის ასევე დასძენს, რომ ოპერაციის სხვა მონაწილეებმა კარგად გათვალეს ყველაფერი, თუმცა, როდესაც საქმე მსგავს მოქმედებებს ეხება, დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოებებს. ნავალნის კითხვაზე, სპეცოპრაციის ჩაფლავების მიზეზი იყო თუ არა ის, რომ თვითმფრინავი [რომელშიც ნავალნი შეუძლოდ გახდა] მალე დასვეს, ის პასუხობს:

„კი, ასე ვფიქრობ, შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად დასრულებულიყო [პილოტს თვითმფრინავი ადრე რომ არ დაესვა]“.

ალექსეი ნავალნი ასევე ამბობს, რომ სწორედ კუდრიავცევია ის პირი, რომელმაც მისი ნივთები საავადმყოფოდან წაიღო. ეს კითხვა სატელეფონო საუბრისას დასვა, პასუხად კი მიითო – „[ტანსაცმელი] დავამუშავეთ.. ვრეცხავდით, სხვადსხვა ხსნარებით… კვალი და მსგავსი რამ რომ არ ყოფილიყო,“.

რამდენიმე დღის წინ Bellingcat-მა ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ალექსეი ნავალნი „ეფესბემ“ ნოვიჩოკით მოწამლა.

აღნიშნულ გამოძიებაზე მუშაობდნენ რამდენიმე მსხვილი გამოცემის – Bellingcat-ის, The Insider-ს, Der Spiegel-ისა და CNN-ს- თანამშრომლები.

გამოძიების თანახმად, თავდასხმაში რუსული საგარეო დაზვერვის სამსახურის 8 წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათი სამოქმედო სქემის მიხედვით, ერთ-ერთი მათგანი, ვლადიმერ ბოგდანოვი ოპერაციის შესახებ ცნობებს „ეფესბეს“ ხელმძღვანელს – ალექსანდრ ბორტნიკოვს აწვდიდა. ბორტნიკოვი კი თავის მხრივ – ვლადიმერ პუტინს.

ვრცლად:

ნავალნი „ეფესბემ“ ნოვიჩოკით მოწამლა | bellingcat-ის გამოძიება


ნავალნი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მას ფრენისას გული წაუვიდა. ნავალნის ოჯახი და ორგანიზაციის – „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ – წევრები ამბობენ, რომ ნავალნი მოწამლეს.

მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა და საერთაშორისო გამოხმაურებისა, ნავალნის რუსეთიდან 2 დღეს არ უშვებდნენ. საბოლოოდ, 22 აგვისტოს, ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს.

ამის შემდგომ გერმანულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნოვიჩოკის მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს. საწამლავის კვალი ნავალნის ორგანიზმში გერმანიაში, ბუნდესვერის ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოაჩინეს.

22 აგვისტოს ნავალნი ბერლინში, კლინიკა Charité-ში გადაიყვანეს. კლინიკამ დაადასტურა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნივთიერებით მოწამლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი