ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანს სიუნიქის გზა ჩაუკეტეს – მან პროვინციაში ვიზიტები გააუქმა

21 დეკემბერი, 2020 • 1120
ფაშინიანს სიუნიქის გზა ჩაუკეტეს – მან პროვინციაში ვიზიტები გააუქმა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გააუქმა მანამდე დაგეგმილი ვიზიტი სომხურ ქალაქებში: გორისში, კაპანსა და მეღრში. აღნიშნული ქალაქები სიუნიქის პროვინციაში მდებარეობს, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში, აზერბაიჯანისა და სომხეთის მხარეების მონაწილეობით, სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის პროცესი მიმდინარეობს.

სომხური მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ეს გადაწყვეტილება ქალაქ სისიანში მიიღო, რომელიც გორისისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს.

“ჩვენ არ ავყვებით პროვოკაციებს. მეღრში, კაპანსა და გორისში ეს მოსალოდნელია. დღეს ჩვენ შევხვდით სიუნიქის ხალხს. პატივი მივაგეთ სიუნიქელი ჯარისკაცების ხსოვნას. ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება”, – განაცხადა ფაშინიანმა ქალაქ სისიანში.

მისივე თქმით, მას ჰქონდა სურვილი, რომ ჩასულიყო ქალაქებში, თუმცა გზა ბლოკირებულია, რადგან “მოწინააღმდეგეებს არ სურთ, რომ პრემიერ-მინისტრი ქალაქებში ჩავიდეს, რადგან იქ კარგად შეხვდებიან”.

“მე მათ ვთავაზობ შეთანხმებას. გახსნან გზა, ჩავიდეთ და ვნახოთ, თუ რა განწყობით შემხვდება მოსახლეობა. თუ ისინი არ ხსნიან გზებს, არაუშავს, ჩვენ სხვა დროს ჩავალთ”, – ამბობს ნიკოლ ფაშინიანი.

სისიანში ვიზიტის დროს მოხდა ინციდენტი ნიკოლ ფაშინიანსა და ადგილობრივ სასულიერო პირს შორის, რომელმაც ხელი არ ჩამოართვა პრემიერ-მინისტრს და ეკლესიის დატოვებისკენ მოუწოდა.

ფაშინიანის სიუნიქში ვიზიტის დროს, ქალაქ გორისის მერმა მოსახლეობას გზების ბლოკირებისკენ მოუწოდა, რის გამოც იგი დააკავეს.


სიუნიქი სომხეთის უკიდურესი სამხრეთით მდებარე პროვინციაა. მას აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან აზერბაიჯანი, სამხრეთიდან ირანის ისლამური რესპუბლიკა, ხოლო ჩრდილოეთიდან ვაიოცძორის სომხური პროვინცია ესაზღვრება.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ, სიუნიქის საზღვარს მთლიანად სომხური მხარე აკონტროლებდა. მას შემდეგ, რაც 10 ნოემბერს მხარეებს შორის ომის დასრულების შესახებ შეთანმხება შედგა, სიუნიქის მოსაზღვრე ლაჩინის, ზანგელანისა და ქუბადლის რაიონები აზერბაიჯანმა დაიკავა.

დემარკაციის დროს სომხური მხარე ტოვებს წარსულში დაკავებულ ტერიტორიებს, რაც ოპოზიციური ძალების მხრიდან სომხეთის მთავრობის კრიტიკის საფუძველი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი