ახალი ამბები

Wizz air საქართველოში ფრენების განახლებას გაზაფხულიდან ვარაუდობს

21 დეკემბერი, 2020 • 1051
Wizz air საქართველოში ფრენების განახლებას გაზაფხულიდან ვარაუდობს

“ვიზიარის” დირექტორი ჯოზეფ ვარადი ამბობს, რომ ავიაკომპანია ქართულ ბაზარზე დაბრუნდება ფრენებზე შეზღუდვების მოხსნისთანავე, რაც კომპანიის გათვლით, სავარაუდოდ, გაზაფხულზე, მარტსა და აპრილში უნდა მოხდეს.

რაც შეეხება ქუთაისში ავიაკომპანიის ბაზის ხელახლა გახსნის საკითხს, მისი თქმით, ავიამომისვლის აღდგენიდან გარკვეულ პერიოდში ბაზასაც აღადგენენ.

“საქართველოდან არ გავსულვართ ჩვენი ნებით ან სურვილით. ავიაკომპანიამ ბაზარი ლოქდაუნისა და იმ შეზღუდვების გამო დატოვა, რომელიც არა მარტო საქართველოს მთავრობამ შემოიღო, არამედ სხვა მთავრობებმაც. ყოველივე ამან გამოიწვია საქართველოს, როგორც სასურველი ბაზრის, ჩაკეტვა ავიაკომპანიებისთვის და ამის გამოძახილი იყო ჩვენი გადაწყვეტილებაც. ხაზი მინდა გავუსვა იმ გარემოებას, რომ ვრჩებით საქართველოს ერთგულნი და დავბრუნდებით მაშინვე, როგორც ბაზარი გაიხსნება და ვიმედოვნებ, რომ ეს მომავალი წლის მარტ-აპრილში მოხდება. ცხადია, ჩვენ დავაკვირდებით, როგორ განვითარდება პანდემიასთან დაკავშირებული მოვლენები და როგორი მდგომარეობა იქნება სხვადასხვა ქვეყნებში, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. როგორც კი ბაზარი გაიხსნება, გონივრულობის ფარგლებში “ვიზიარი” დაბრუნდება და ქუთაისის აეროპორტში ბაზა გაიხსნება”,-ამბობს ავიაკომპანიის დირექტორი BMG-თან საუბრისას.

14 დეკემბერს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ მთავრობა საერთაშორისო ფრენებზე ყველა შეზღუდვის მოხსნას თებერვლიდან გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი