ახალი ამბები

“თავისუფლება პოლიტპატიმრებს” – ავტომობილებით მსვლელობა იმართება

21 დეკემბერი, 2020 • 850
“თავისუფლება პოლიტპატიმრებს” – ავტომობილებით მსვლელობა იმართება

დღეს, 21 დეკემბერს, სამოქალაქო აქტივისტები ავტომობილებით მსვლელობას მართავენ და იმ ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლებიც, მათი განცხადებით, პოლიტიკური პატიმრები არიან.

მათ შორის არიან “მთავარი არხის” მეწილე გიორგი რურუა და ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. აქტივისტები ასევე მხარდაჭერას უცხადებენ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საქმეზე ბრალდებულებს, აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს.

ავტომობილების კოლონა თბილისის ცენტრალურ უბნებს და იმ სახელმწიფო უწყებებს გაივლის, რომელთაც, აქტივისტების აზრით, დანაშაული მიუძღვით საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობაში.

“ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ არ ჰყავდათ პოლიტპატიმრები, თუმცა ვიხილეთ, რომ 8 მარტის შეთანხმების შემდეგ მოუწიათ რამდენიმე პოლიტპატიმრის გამოშვება ციხიდან. ასე მოუწევს ახლაც, იმიტომ, რომ საქართველო დიქტატურისთვის არ არის განწირული. მხოლოდ დიქტატურაში ხდება ის, რომ ადამიანებს აკავებენ, რადგან წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის პროპაგანდისტულ მიზნებს სჭირდებოდა, ხოლო გიორგი რურუა დასაჯეს იმისთვის, რომ იგი აფინანსებდა და გვერდში ედგა ოპოზიციურ აზრს საქართველოში.

მსგავსი ტიპის პოლიტიკური დევნა ხდება მხოლოდ დიქტატორულ საქართველოში და დიქტატურა საქართველოში ვერ დამყარდება. სულ მალე ჩვენ სამოქალაქო პროტესტით და საერთაშორისო ზეწოლის შედეგადაც შევძლებთ და უარს ვათქმევინებთ ჩიხზე და დიქტატორულ სტილზე ჩვენს ხელისუფლებას”, — განაცხადა “ფორმულასთან” სამოქალაქო აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ამ ადამიანების გათავისუფლებას ოპოზიციაც ითხოვს და მათი გათავისუფლების საკითხი “ქართულ ოცნებასთან” მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთი მოთხოვნაა. თუმცა მმართველი გუნდი ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი