ახალი ამბები

UK-დან შემოსული პირები სავალდებულო კარანტინს გაივლიან | უწყებათაშორისი საბჭო

21 დეკემბერი, 2020 • 1663
UK-დან შემოსული პირები სავალდებულო კარანტინს გაივლიან | უწყებათაშორისი საბჭო

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდი ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირები საქართველოში შემოსვლისას სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

ახალი რეგულაცია ვრცელდება ყველა ქვეყნის მოქალაქეზე, რომელთაც საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ.

ხოლო კარანტინის ვადად 12 დღე განისაზღვრა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

როგორც საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ისედაც არ შედის მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ იმ 18 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებისთვის და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებისთვის შესაბამისი პირობებით დასაშვები იყო ქვეყანაში შემოსვლა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველის დიდ ბრიტანეთთან არც პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა  აქვს.

„შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, ბიზნესვიზიტორებს, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ჰქონდათ მოგზაურობის ისტორია დიდ ბრიტანეთში, და ასევე, იმ 18 ქვეყნის ყველა მოქალაქეს ან რეზიდენტს, რომელთათვის გარკვეული პირობებით დასაშვებია ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

რას გეგმავენ სხვა სახელმწიფოები

მსოფლიოს არაერთი ქვეყანა, ვირუსის ახალი შტამის აღმოჩენის გამო, დიდ ბრიტანეთთან მიმოსვლას სხვადასხვა ფორმით წყვეტენ. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, გერმანიამ კვირა ღამეს შეაჩერა საჰაერო მიმოსვლა დიდ ბრიტანეთთან. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დღეიდან ბრიტანელი და სამხრეთაფრიკელი მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ გერმანიაში შესვლას, მათ შორის, საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო გზების გამოყენებით.

საფრანგეთიც კვირიდან წყვეტს 48 საათის განმავლობაში დიდი ბრიტანეთიდან მგზავრების მიღებას.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე დე კროუმ განაცხადა, რომ “სიფრთხილის გამო” ბელგიაც წყვეტს ბრიტანეთთან სარკინიგზო მიმოსვლას.

“არსებობს უამრავი კითხვა ახალი მუტაციის შესახებ, თუ უკვე არ არის გავრცელებული კონტინენტურ ევროპაშიც”,- დასძინა ბელგიელმა პრემიერ-მინისტრმა.

ნიდერლანდები, დღეიდან პირველი იანვრის ჩათვლით, აწესებს გადაადგილების შეზღუდვის რეგულაციებს ბრიტანეთიდან მომავალი პირებისთვის. ქვეყანაში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეც, რაც დიდმა ბრიტანეთმა ინგლისსა და უელსში ახალი შტამის აღმოჩენის გამო კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებელი რეგულაციები გაამკაცრა.

იტალიამ აკრძალა ფრენები ბრიტანეთიდან. შეზღუდვა 6 იანვრამდე გაგრძელდება. ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება იტალიაში მიიღეს მას შემდეგ, რაც რომში კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს. იტალიამ ასევე აკრძალა იმ არამოქალაქე პირთა ქვეყანაში შესვლა, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ბოლო 14 დღის მანძილზე იმყოფებოდნენ და იტალიაში სხვა ქვეყნიდან ცდილობენ შესვლას.

ირლანდიამ, მსგავსად გერმანიისა, 48- საათიანი შეზღუდვა დააწესა საჰაერო ფრენებზე, რომელიც კვირიდან ამოქმედდა.

ავსტრია, შვედეთი, რუმინეთი და ბულგარეთიც იმ ქვეყანათა შორის არიან, რომლებმაც სამგზავრო შეზღუდვები დააწესეს.

ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა კანადაც აწესებს აკრძალვას საჰაერო გადაადგილებაზე, რომელიც კვირა ღამით დაიწყო და 72 საათი გაგრძელდება. პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, მოგზაურები, რომლებიც ქვეყანაში კვირას, შეზღუდვების ამოქმედებამდე ჩამოვიდნენ, ხელახალ შემოწმებას გაივლიან.

ელ-სალვადორი კრძალავს ნებისმიერი არამოქალაქე პირისთვის ქვეყანაში შესვლას, თუ ის ბოლო ერთი თვის მანძილზე იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში.

რატომ არის მნიშვნელოვანი ახალი შტამი 

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაახლოებით ერთი კვირის წინ განაცხადა კორონავირუსის ახალი შტამის აღმოჩენის შესახებ, რომელიც აქამდე არსებულ შტამებზე სწრაფად ვრცელდება.

ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენქოქის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, სულ მცირე, 60-მა თვითმმართველობამ ახალი შტამით ინფიცირების 1000-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა. ჰენქოქის თქმით, ინგლისის სამხრეთ ნაწილში ინფიცირებულთა სწრაფი ზრდა შესაძლოა სწორედ ახალი შტამით აიხსნას.

„ჩვენ უნდა გადავდგათ სწრაფი და გადამწყვეტი ნაბიჯები. აუცილებელია, რომ შევაჩეროთ ეს მომაკვდინებელი ვირუსი მანამ, სანამ ვაქცინა ხელმისაწვდომი არ იქნება“, – ამბობს ჰენქოქი.

ახალ შტამზე საუბრისას მინისტრი ასევე დასძენს, რომ დიდი ალბათობით, Covid 19-ის წინააღმდეგ შემუშავებული ვაქცინა ამ ახალ შტამის წინააღმდეგაც ეფექტიანი იქნება. 

ჰენქოქი ასევე აცხადებს, რომ ინფორმაცია ახალი შტამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უკვე მიეწოდა.


გაერთიანებულ სამეფოში კორონა ვირუსის 2 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. გაერთიანებული სამეფოა პირველი ქვეყანაც, სადაც კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი