ნეტგაზეთი | ცვლილება 300-ლარიანი კომპენსაციების წესში, რომელიც დაქირავებით დასაქმებულებს ეხებათ ცვლილება 300-ლარიანი კომპენსაციების წესში, რომელიც დაქირავებით დასაქმებულებს ეხებათ – Netgazeti
RU | GE  

ცვლილება 300-ლარიანი კომპენსაციების წესში, რომელიც დაქირავებით დასაქმებულებს ეხებათ

დაქირავებით დასაქმებული პირები, ვინც მუშაობდა ისეთ ობიექტზე, რომლის საქმიანობაც 28 ნოემბრიდან მთავრობის გადაწყვეტილებით შეჩერდა და ვისაც სამსახურში ხელფასის ჩარიცხვა ბოლოს 4 დეკემბრის ჩათვლით უფიქსირდება, დეკემბრის თვეში ერთჯერად 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ. ამის შესახებ მთავრობის ახალი დადგენილება გუშინ, 18 დეკემბერს გამოიცა.

“დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და 2020 წლის 5 დეკემბრიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდში ამავე დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო)”, – წერია მთავრობის დადგენილებაში.

აღნიშნულ ცვლილებამდე მთავრობამ 2 დეკემბრის დადგენილებით განსაზღვრა, რომ  ამ კომპენსაციას მხოლოდ ის დაქირავებით დასაქმებულები მიიღებდნენ, ვისაც ხელფასის ჩარიცხვა ბოლოს შეზღუდვების გამოცხადების მეორე დღეს, 27 ნოემბერს უფიქსირდებოდათ.

აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით, 300-ლარიანი კომპენსაციის გარეშე რჩებოდნენ დაქირავებით დასაქმებული ის პირები, ვისაც , პირობითად ნოემბრის თვის ხელფასი, 27 ნოემბრის შემდეგ ჩაერიცხათ, თუმცა დეკემბერსა და იანვარში შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

2 დეკემბრის დადგენილებაში არსებულმა ამ ჩანაწერმა, დაქირავებით დასაქმებულების და მათი დამსაქმებლების ნაწილში პროტესტი გამოიწვია, რადგან მთავრობამ ახალი შეზღუდვების შესახებ განცხადება 26 ნოემბერს გააკეთა, თუმცა მაშინ არ დაუკონკრეტებიათ, რომ იმ შემთხვევაში თუ დაქირავებით დასაქმებულებს ხელფასი 27 ნოემბრის შემდეგ ჩაერიცხებოდათ, 300-ლარიან კომპენსაციას ვერ მიიღებდნენ.

რა უძღოდა წინ ამ ცვლილებას

შეზღუდვების დაწესებამდე ორი დღით ადრე, 26 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგის მეშვეობით, მოსახლეობას მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპი გააცნო. 300-ლარიან დახმარებებზე საუბრისას გახარიამ განმარტა, რომ აღნიშნულ კომპენსაციას საცალო ვაჭრობის სექტორში მომუშავე თვითდასაქმებულები მიიღებდნენ. ფორმალურად დასაქმებული პირების კომპენსაციაზე საუბრისას პრემიერმა მხოლოდ 6 თვეზე გადანაწილებული 1 200-ლარიანი დახმარების შესახებ ისაუბრა.

26 ნოემბერს, საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ 300-ლარიანი კომპენსაციების შესახებ ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმაც. მან განმარტა, რომ ღია და დახურული ტიპის ბაზრობებზე, სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში, მაღაზიებსა თუ რესტორმენებში დასაქმებული ადამიანები 300-ლარიან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებდნენ და დამსაქმებელს მოუწოდა დროულად წარედგინათ ინფორმაცია დასაქმებულების შესახებ. თუმცა მაჭავარიანს არ დაუკონკრეტებია რა ვადებს გულისხმობდა “ინფორმაციის დროულად მიწოდებაში” და არც ის განუმარტავს, რომ დამსაქმებლებს ხელფასების გაცემა ორ დღეში, 26 და 27 ნოემბერს უნდა მოესწროთ.

“ძალიან მნიშვნელოვანია, ამ თანხის გაცემა მოხდეს წლის ბოლომდე. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იურიდიულმა პირებმა, გადასახადის გადამხდელმა პირებმა დროულად მოგვაწოდონ სწორი ინფორმაცია დასაქმებულების შესახებ – იქნება ეს ღია თუ დახურული ტიპის ბაზრობებზე, სხავადასხვა სავაჭრო ცენტრში, მაღაზიებსა თუ რესტორანში დასაქმებული ადამიანები. შემოსავლების სამსახურის ბაზებით ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით გადამხდელებს, რომ რაც შეიძლება მარტივად მოხდეს ამ ინფორმაციის შეგროვება და შესაბამისად, დროულად დაიწყოს ამ თანხების გადახდა, ამიტომ კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ყველას – მაქსიმალურად სწრაფად და ზუსტად მოგვაწოდონ ეს ინფორმაცია. დეტალები იქნება გაწერილი შემოსავლების სამსახურის მიერ და უახლოეს დღეებში მოგახსენებთ მის ტექნიკურ ნაწილს”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა 26 ნოემბერს.

27 ნოემბერს კი მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა კომპენსაციების გაცემის ზოგადი წესები, სადაც 300-ლარიანი კომპენსაციების მიმღებად დაასახელა იმ ობიექტებში დასაქმებული პირები და ინდ. მეწარმეები, რომელთაც საქმიანობა დეკემბერ-იანვრის თვეში დაწესებული შეზღუდვების შედეგად შეუჩერდათ. თუმცა ოფიციალური განმარტება იმის, შესახებ, რომ დაქირავებით დასაქმებულ პირებს 300-ლარიანი კომპენსაციის ასაღებად, ხელფასი 27 ნოემბრის ჩათვლით უნდა ჰქონოდათ აღებული, 2 დეკემბერით დათარიღებულ დადგენილებამდე არ გაკეთებულა.

საქართველოს მთავრობის 2 დეკემბრის დადგენილებაში კი ჩაიწერა, რომ:

“დაქირავებულს, თუ ის 2020 წლის 27 ნოემბრის მდგომარეობით დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა იმ დამქირავებლის სასარგებლოდ, რომელსაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №699 დადგენილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება და ამ პერიოდიდან ამავე დამქირავებლისაგან არ იღებს ხელფასს (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო)” ეკუთვნის 300 -ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია’.

აღნიშნულ დადგენილებაში საუბარი არ არის 1200-ლარიანი კომპენსაციების შესახებ. ასევე, შემოსავლების სამსახურსა და მთავრობაში ამ დრომდე არ აკეთებენ განმარტებას, თუ როდის გამოიცემა ფორმალურ სექტორში დასაქმებულთა კომპენსაციების გაცემის შესახებ დადგენილება ან როდის დაიწყება რეგისტრაცია აღნიშნული დახმარების მისაღებად.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპის მიხედვით 300-ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა სავარაუდო რაოდენობა 100 ათასს შეადგენს, ბიუჯეტი კი 30 მილიონი ლარით არის განსაზღვრული მაშინ, როდესაც 1 200 ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა სავარადო რაოდენობა 125 ათასს შეადგენს და ბიუჯეტი 150 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

თუმცა, რადგან მთავრობის დადგენილებით 300-ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია დაქირავებით დასაქმებულ პირებსაც ეკუთვნით და ანტიკრიზისულ გეგმაში ფორმალურ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 125 000 ადამიანით არის განსაზღვრული, გამოდის, რომ 300-ლარიანი დახმარების მიმღებთა რაოდენობა 125 000-ზე მეტი უნდა იყოს.

კომპენსაციების გამოყოფილი თანხები ასახულია ბიუჯეტის ბოლო პროექტშიც, რომელიც 30 ნოემრბით თარიღდება, თუმცა ბიუჯეტის საბოლოო დამტკიცებამდე პროექტში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი