ახალი ამბები

ჭოხონელიძე მგალობელი არ იყო, ეს იყო შეღავათი – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

19 დეკემბერი, 2020 • 1038
ჭოხონელიძე მგალობელი არ იყო, ეს იყო შეღავათი – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე მგალობელი არ იყო და ის შობის დღესასწაულზე მხოლოდ გამონაკლისის სახით გალობდა.

რამდენიმე დღის წინ თამრიკო ჭოხონელიძემ სატელევიზიო ეთერში თქვა, რომ მას შემდეგ, რაც მან სხვადასხვა ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაცია საჯაროდ დაგმო, საშობაო საგალობელის შესასრულებლად აღარ იწვევენ.

“თამრიკო, კარგია, რომ გალობდა, თუმცა ის არ არის მგალობელი. ეს იყო შეღავათი, გამონაკლისი. თამრიკოს გარდა სხვასაც უგალობია აქ”, – თქვა ჯაღმაიძემ.

ჟურნალისტმა დეკანოზს უთხრა, რომ ჭოხონელიძე 10 წლის განმავლობაში გალობდა საშობაოდ, რასაც სასულიერო პირმა ასეთი პასუხი გასცა:

“გასაგებია, მაინც გამონაკლისი იყო ეს. თამრიკო ხომ არ არის მგალობელი? მისი აქ მსახურებაზე გალობა იყო გამონაკლისი.

…სუხიშვილების ანსამბლმა ლასკალაში ჩაატარა კონცერტი 67 წელს. ეს არ ნიშნავს, რომ თუ დღეს აღარ ატარებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ რაღაც…”

თამრიკო ჭოხონელიძე წლების განმავლობაში მონაწილეობდა სხვადასხვა კონცერტში, მათ შორის, ასრულებდა საშობაო საგალობლებს. 2019 წლის მაისში კი თქვა, რომ სექსუალური ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაცია დაუშვებელია, რის შემდეგაც კიბერბულინგის სამიზნე გახდა.

ნინო ლომჯარიას ღია მიმართვა მომღერალ თამარ ჭოხონელიძეს

მასალების გადაბეჭდვის წესი