ახალი ამბები

მსგავსი კანონპროექტები უთანასწოროს ხდის პირობებს – რიში ენმ-ის რეგისტრაციის შესაძლო გაუქმებაზე

19 დეკემბერი, 2020 • 1520
მსგავსი კანონპროექტები უთანასწოროს ხდის პირობებს – რიში ენმ-ის რეგისტრაციის შესაძლო გაუქმებაზე

“მმართველი პარტიები ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობებისგან თავს უნდა იკავებდნენ”, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში “ნაციონალური მოძრაობისთვის” საარჩევნო რეგისტრაციის შესაძლო გაუქმებას.

კანონპროექტი, რომელიც “ქართული ოცნების” ინიციატივით დაინიცირდა პარლამენტში, რიშმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუს დროს შეაფასა.

“ძლიერი დემოკრატია მოიცავს სიტყვის თავისუფლებას. საქართველო უკვე ძალზედ დაზიანდა პოლიტიკური ანგარიშსწორებით და ამის მსგავსი კანონპროექტები უთანასწოროს ხდის პირობებს, რომლებითაც ყველა პოლიტიკურმა მონაწილემ უნდა ისარგებლოს.

მმართველი პარტიები ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობებისგან თავს უნდა იკავებდნენ და პირიქით უნდა ეცადონ, რომ ყველა მხარეს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის თანასწორი საშუალება ჰქონდეს”, – ​ ციტირებს სენატორს “ამერიკის ხმა”.

რა ხდება?

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, 17 დეკემბერს თქვა, რომ პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი, რომელმაც შესაძლოა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს მიღმა დატოვოს.

მისი განმარტებით, კანონპროექტი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს არ აკმაყოფილებს.

მანამდე, 12 დეკემბერს, კობახიძე აცხადებდა, რომ აღნიშნული კანონპროექტით, შემდეგ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს პარტიის ლიდერის სახელით კამპანიაში მონაწილეობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ენმ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნება.

რა შემთხვევაში გამოცხადდება რიგგარეშე არჩევნები – კობახიძე “ოცნების” პოზიციას ასაჯაროებს

მასალების გადაბეჭდვის წესი