ახალი ამბები

პროტესტი გადაიზრდება უკმაყოფილებაში და ტრანსფორმირდება, შეიძლება, მათ შორის მშვიდობიან რევოლუციაში – მელია

18 დეკემბერი, 2020 • 932
პროტესტი გადაიზრდება უკმაყოფილებაში და ტრანსფორმირდება, შეიძლება, მათ შორის მშვიდობიან რევოლუციაში – მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, თუ მმართველი გუნდი არ დათანხმდება ხელახალი არჩევნების იდეას, ოპოზიციის ბრძოლა გაგარძელდება, ვიდრე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება.

“გეგმა არის, რომელიც არ არის აუცილებელი, ახლა თქვენ იცოდეთ”, – განუცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ “ქართულ ოცნებას” ხელახალი არჩევნების ჩატარება მოუწევს.

“ან ივანიშვილი ნიშნავს არჩევნებს, ან ოპოზიცია დაიწყებს მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან მკვეთრი საპროტესტო აქციებისთვის მზადების პროცესს. როდესაც ყველა ინსტიტუტს აუქმებ, როდესაც ერთი კაცის პარლამენტი გაქვს, როდესაც სასამართლო სისტემა აღარ არსებობს და სახელმწიფო აღარ ფუნქციონირებს, ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და მხოლოდ და მხოლოდ აზვირთდება, ბუნებრივია, რომ ეს პროტესტი გადაიზრდება უკმაყოფილებაში და ტრანსფორმირდება, შეიძლება, მათ შორის, დიახაც, მშვიდობიან რევოლუციაში”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

როგორც ნიკა მელიამ, ისე “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნეს, რომ თუ ხელისუფლებასთან შეთანხმება ვერ მოხერხდება, ოპოზიცია აქციების დაწყებას გაზაფხულზე გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი