ახალი ამბები

ბელარუსის შსს-სა და როსგვარდიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

18 დეკემბერი, 2020 • 849
ბელარუსის შსს-სა და როსგვარდიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუსეთის ეროვნული გვარდიას – როსგვარდიის ფედერალურ სამსახურს – შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც შეთანხმების ტექსტიდან ირკვევა, მხარეები ითანამშრომლებენ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროებში, ასევე, სტრატეგიული და მნიშვნელოვანი სახელმწიფო შენობებისა და ტვირთების დაცვასა და ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას განათლებისა და წვრთნების, მათ შორის ერთობლივი წვრთნების, ჩატარების მიმართულებითაც.

რა ხდება ბელარუსში

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართა, ადგილობრივი ცესკოს მონაცემებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. მან ხმათა 80%-ზე მეტი მოაგროვა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ლუკაშენკოს უშუალო კონკურენტმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ მხოლოდ 10.12 % მოგროვება შეძლო.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ბელარუსის დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები, სადაც მოქალაქეები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

პირადი უსაფრთხოების მიზნით, ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა და თავი ევროკავშირს შეაფარა.

სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აკავებენ აქციის მონაწილეს. მინსკი

ქვეყნის დატოვებიდან მალევე, ბელარუსის სასამართლომ ტიხანოვსკაია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და “ბელარუსის ეროვნული უსაფრთხოების ძირის გამოთხრაში” დაადანაშაულა და მასზე ძებნა გამოაცხადა. პოლიტიკოსზე ძებნა აქვს გამოცხადებული რუსეთის ფედერაციასაც.

ბელარუსში ამ დრომდე იმართება საპროტესტო აქციები. მოქალაქეთა ნაწილის თქმით, ისინი არ აპირებენ აქციების შეწყვეტას, სანამ ალექსანდრე ლუკაშენკო პრეზიდენტის პოსტიდან არ გადადგება.

ფოტო გარეკანზე – დემონსტრაცია მინსკში


საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ რუსეთსა და ბელარუსს, ტრადიციულად, კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობები ჰქონდათ. ორ ქვეყანას შორის გაფორმებულია შეთანხმება სამოკავშირეო სახელმწიფოს შესახებ, რომელიც ასევე გულისხმობს რუსეთისა და ბელარუსის შესაძლო გაერთიანებასაც.

ქვეყნების გაერთიანების საკითხი წლის დასაწყისში კვლავ გააქტიურდა, თუმცა ლუკაშენკოს განცხადებით, რეალობა შეცვლილია და დღეს ბელარუსის მოსახლეობას აღარ სურს რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანება, რასაც მოჰყვა მოლაპარაკებების სერია ორ ქვეყანას შორის.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რუსეთის ფედერაცია ლუკაშენკოს მთავრობის მთავარი საგარეო მხარდამჭერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი