ახალი ამბები

გამოძიების შეწყვეტას სტრასბურგშიც გავასაჩივრებთ – ადვოკატი ბაჩალიაშვილის საქმეზე

17 დეკემბერი, 2020 • 1241
გამოძიების შეწყვეტას სტრასბურგშიც გავასაჩივრებთ – ადვოკატი ბაჩალიაშვილის საქმეზე

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი და ადვოკატი ეკა ქობესაშვილი ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.

დღეს საქართველოს პროკურატურამ სპეციალური ბრიფინგი ჩაატარა, სადაც თქვა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას წყვეტს. უწყების თქმით, დანაშაული არ მომხდარა, ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი კი თვითმკვლელობაა. 

როგორც ეკა ქობესაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, პროკურატურის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელია, ვინაიდან, გუშინ, 16 დეკემბერს, უწყებასა და ბაჩალიაშვილის ოჯახს შორის შეხვედრა შედგა.

„გამოძიების შეწყვეტა არის არასწორი, მით უმეტეს, ასეთ ნაჩქარევ რეჟიმში. გუშინ იყო ოჯახის წევრების შეხვედრა პროკურატურაში, სადაც მათ დააფიქსირეს, რომ მათ ვერ მიიღეს კითხვებზე პასუხები“, – ამბობს ადვოკატი და ამატებს, რომ შეხვედრის დროს, ასევე, მოხდა შეთანხმება მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე.

ადვოკატი გვიყვება, რომ გამოძიების შეწყვეტის შემდეგ, ოჯახს ასევე შეეზღუდება საქმის მასალებზე წვდომა.

„მათთვის [პროკურატურისთვის] სიახლე გახდა მხოლოდ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასვკნა, სადაც ალბათობით ხარისხში წერია, რომ შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილმა მოიკლა თავი. მაშინ, როდესაც ასევე შესაძლოა, ის მოკლეს. რახან „შესაძლოასთან“ გვაქვს საქმე, აუცილებელია მეტი სიცხადე და ეს მტკიცებულებებიც უნდა ყოფილიყო უფრო ნათლად შეფასებული“, – გვიხსნის ეკა ქობესაშვილი.

რაც შეეხება კითხვებს, რომელიც ოჯახს ჯერ კიდევ აქვს – ადვოკატი განმარტავს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, თავად ოჯახის წევრებისთვის ჯერჯერობით უცნობია ბევრი დეტალი გადაადგილებასთან დაკავშირებით.

„პროკურატურამ ცხადად ვერ გასცა პასუხი, 4 დღის განმავლობაში მანქანა იქ იყო თუ არა. ასევე, რატომ არის შეცვლილი პოზიცია ექსპერტიზების, როდესაც თავდაპირველად სისხლი აღმოაჩინეს მანქანში, შემდეგ კი შეცვალეს და თქვეს, რომ სისხლი არ აღმოჩნდა და მხოლოდ ელემენტები. „გუგლ თაიმლაინის“ [გუგლის რუკის ერთ-ერთი ფუნქცია] გამოყენება არ ემთხვევა მოწმეთა ჩვენებებს და ასევე ჩვენ არ ვიცით, იმ დღესთან დაკავშირებით ბაჩალიაშვილს კომუნიკაცია ვისთან ჰქონდა“, – აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, ტყუილია, რომ თითქოს, ოჯახი არ თანამშრომლობდა პროკურატურასთან ან/და არასწორ ინფორმაციას აწვდიდა.

„ოჯახი რჩება იმ ვერსიაზე, რომ მოკლეს. სამწუხაროდ, ვინ მოკლა, ამაზე პასუხი არ აქვს. ამაზე გამოძიებას უნდა ემუშავა.

გამოვიყენებთ ყველა შესაძლო საშუალებას, გავასაჩივრებთ სასამართლოში და ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“, – ამბობს ქობესაშვილი.


თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, შემდეგ კი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს. ოჯახი თვითმკვლელეობის ვერსიას არ იზიარებს და გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას ვწყვეტთ – პროკურატურა

მასალების გადაბეჭდვის წესი