ახალი ამბები

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას ვწყვეტთ – პროკურატურა

17 დეკემბერი, 2020 • 1210
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას ვწყვეტთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტეს. უწყების განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებებმა დაადასტურეს, რომ ადგილი თვითმკვლელობას ჰქონდა.

„საქართველოს პროკურატურამ დაასრულა თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება. მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწვეტის შესახებ”, – ამბობს პროკურატურა და ამატებს, რომ საქმის ფარგლებში საქმეზე გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი.
საგამოძიებო უწყება დღევანდელ ბრიფინგზე ამბობს, რომ გამოძიების ფარგლებში ასევე გამოითხოვეს სოციალური ქსელიდან [ფეისბუკი და ინსტაგრამი] თამარ ბაჩალიაშვილთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია.

ამასთანავე, შეისწავლეს ის საიტები და საძიებო ქსელები, რომლის დახმარებითაც, პროკურატურის თქმით, ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობას გეგმავდა. თვითმკვლელობის მიზეზად კი პროკურატურა ბაჩალიაშვილის პირად ურთიერთობებს ასახელებს.

„Google“-ს ანგარიშის დათვალიერებით დადგინდა, რომ 18 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა ავტომანქანით გადაადგილება დაიწყო 10:09 საათზე – მოძრაობის დაწყების ადგილი იყო მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი.

10:15 საათზე მივიდა ფონიჭალის პარკის მიმდებარედ, მისი ბებიის რ.ზ-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც გაჩერდა დაახლოებით 10 წუთი. 10:25 საათზე აღნიშნული ტერიტორიიდან გადაადგილდა რუსთავის გზატკეცილზე, საიდანაც გადავიდა თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე, გზიდან გადაუხვია ფონიჭალის სასაფლაოზე, საიდანაც მოძრაობა განაგრძო თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე და 12:13 საათზე ავტომანქანა გააჩერა სოფელ მაწევანის მიმდებარედ, ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე. ეს არის მისი გადაადგილების ბოლო ლოკაცია, სადაც 22 ივლისს საკუთარ ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

„საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის, ასევე, თამარ ბაჩალიაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზია მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია. გვამის გამოკვლევა 22 ივლისს ჩატარდა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მისი სიკვდილიდან გასული იყო დაახლოებით 4 დღე. ამავე საექსპერტო დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის, ანუ ნანემსრების კვალი, არ აღინიშნებოდა.

მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანებები ასევე არ აღინიშნებოდა თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე. შესაბამისად, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების პარალელურად, უტყუარი საექსპერტო კვლევებით იქნა უარყოფილი ყველა ვერსია თამარ ბაჩალიაშვილის ძალადობრივი სიკვდილის შესახებ. თვითმკვლელობის განხორციელებისას სხვა პირთა ავტომანქანაში ყოფნა, ასევე, გამოირიცხა ბიოლოგიური საექსპერტო კვლევებით, რომელთა თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში არსებულ ნივთებზე, მათ შორის წყლის ცარიელ ბოთლზე, აღმოჩნდა  თამარ ბაჩალიაშვილის დნმ-ის კვალი“, – ამბობს პროკურატურა.


თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს, შემდეგ კი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი დაემატა, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს. ოჯახი თვითმკვლელეობის ვერსიას არ იზიარებს და გამოძიებას არასათანადო მუშაობაში ადანაშაულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი