ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ოპოზიცია 22 დეკემბრიდან დაუმორჩილებლობის აქციების დაწყებას აანონსებს

17 დეკემბერი, 2020 •
სომხეთში ოპოზიცია 22 დეკემბრიდან დაუმორჩილებლობის აქციების დაწყებას აანონსებს

სომხეთის 16 ოპოზიციური პარტია და მათი მხარდამჭერები 22 დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გეგმავენ  დაუმორჩილებლობის აქციების დაწყებას პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.

ამავე მოთხოვნით “ღირსების მარში” ერევანში 16 დეკემბერს გაიმართა.

“ნიკოლ ფაშინიანმა ჩააბარა არწახი, გაყიდა და თურქებს ჩააბარა. ის პირადად არის დამნაშავე 5 ათასზე მეტი ახალგაზრდის დაღუპვაში. ის დამნაშავეა იმაში, რომ 10 ათასზე მეტი ბავშვის სიცოცხლე დამახინჯდა და ამ დრომდე არწახში თურქებს ჩვენს ჯარისკაცები ტყვედ აჰყავთ. სჯობს დაასრულოს დემაგოგია, რადგან ბევრად მძიმე სახელმწიფოებრივი დანაშაულები მიუღძვის”, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი “აყვავებული სომხეთიდან” ნაირა ზოჰრაბიანი.

ნიკოლ ფაშინიანი კი azatutyun.am-თან [რადიო თავისუფლება] ინტერვიუში აცხადებს, რომ მისთვის გაურკვეველია, რატომ არ ითხოვს ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს.

ოპოზიციის მოთხოვნის შესაბამისად, ფაშინიანმა უნდა დატოვოს პოსტი, მის ნაცვლად დროებითი პრემიერი უნდა დაინიშნოს, რომელიც თავის მხრივ, ერთი წლის განმავლობაში ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს.

ერევანში საპროტესტო აქციები 10 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას ცეცხლის შეწყვეტაზე, მთიანი ყარაბაღის რაიონების აზერბაიჯანისთვის გადაცემასა და რუსი სამშვიდობოების ყარაბაღში განთავსებაზე. ოპოზიციამ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით მალევე დააანონსა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები და პრემიერის პოსტზე ყოფილი პრემიერის, ვაზგენ მანუკიანის კანდიდატურაც წარმოადგინა. ნიკოლ ფაშიანიანის გადადგომას ითხოვენ ასევე სომხეთის ყოფილი პრეზიდენტები და სომხეთის აპოსტოლური ეკლესია.

მასალების გადაბეჭდვის წესი