ახალი ამბები

იქ არავინ ცხოვრობს, ეს არის დატაცებული მიწები – კალაძე აფრიკის დასახლებაზე

15 დეკემბერი, 2020 • 1251
იქ არავინ ცხოვრობს, ეს არის დატაცებული მიწები – კალაძე აფრიკის დასახლებაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, აფრიკის დასახლების იმ ტერიტორიაზე, სადაც ამ წუთებში [14:40] დაპირისპირება მიმდინარეობს პოლიციას, მუნიციპალურ ინსპექციასა და მოსახლეობას შორის, არავინ არ ცხოვრობს. ამის შესახებ კალაძემ ჟუნრალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც კალაძის გადაწყვეტილებით მუნიციპალური ინსპექცია შენობებს უნგრევს, სხვაგანაც აქვთ სახლები და ეს მათი ერთადერთი საცხოვრებელი არ არის:

“იქ არავინ არ ცხოვრობს. ეს არის დატაცებული მიწები. მიზანმიმართულად ხდება ამ კონკრეტული ტერიტორიების დაკავება, გარკვეული შენობა-ნაგებობეის განთავსება, რომ წლების შემდეგ მოახდინონ ამ მიტაცებული მიწების რაღაცნაირად მითვისება, რაც კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია. ამ ადამიანებს აქვთ სახლები, მიწები და ა.შ… მე არ გამოვრიცხავ, რომ ამის უკან გარკვეული ჯგუფები იყვნენ, რომლებიც ხელს ითბობენ ასეთი გადაწყვეტილებებით”, – განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას სთავაზობს მერია იმ ადამიანებს, ვისაც სხვა ალტერნატივა არ აქვს, კალაძემ უპასუხა, რომ “არსებობს ნახევრად ცარიელი თავშესაფარი” და მერია “ყველანაირად უზრუნველყოფს” ამ პირებს. იმ ადამიანებს კი, ვისაც “გარკვეული პრობლემა აქვს, სახლი დაენგრათ ან ა.შ.” მათთვის გამგეობები თანხებს გამოყოფენ, რათა “ეს ადამიანები იჯარით გაიყვანონ იმისთვის, რომ ქუჩაში არ დარჩნენ”.

“სანამ მე ვარ ქალაქის მმართველი, არჩეული ჩვენი ქალაქის მოსახლეობის მიერ, არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ იმას, რომ სახელმწიფო ქონებების უკანონოდ დატაცებები მოხდეს. ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს ვეხმარებით, ბევრ ოჯახს ვუწყობთ ხელს, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ეს მიდგომა და დამოკიდებულება, “მოვიპაროთ სახელმწიფო მიწები”, კატეგორიულად მიუღებელია”, – აცხადებს კალაძე.

აფრიკის დასახლებაში თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ტექნიკა აქვს მობილიზებული. შენობების დანგრევას წინააღმდეგობას უწევს ადგილობრივი მოსახლეობა. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.

რამდენიმე საათის წინ მუნიციპალურმა ინსპექციამ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ თბილისის მერის დავალებით, ადგილზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყეს.

განცხადებაში ინსპექციამ  ასევე აღნიშნა, რომ ინსპექტირების შედეგად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოავლინეს, რასთან დაკავშირებითაც მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს დაიწყო მოკვლევა. მოკვლევის შედეგად კი დაადგინეს, რომ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი