ახალი ამბები

ნაკლებად მოსალოდნელია, ამნისტია გიორგი რურუას შეეხოს — სარჯველაძე

16 დეკემბერი, 2020 • 1237
ნაკლებად მოსალოდნელია, ამნისტია გიორგი რურუას შეეხოს — სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართული ოცნების” მიერ დაანონსებული ამნისტია “მთავარი არხის” მეწილეს, გიორგი რურუას შეეხოს.

რურუა ერთ-ერთია იმ პირთაგან, რომელსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს და მისი გათავისუფლება “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნაა.

ჟურნალისტმა სარჯველაძეს ჰკითხა, შეეხებოდა თუ არა ამნისტია ე.წ. პოლიტპატიმრებს, მაგალითად, გიორგი რურუას, რაზეც სარჯველაძემ თქვა, რომ სჯობს ამაის შესახებ მომავალში ისაუბრონ.

“პოლიტპატიმრის არსებობის თაობაზე ჩვენს ქვეყანაში ჩემთვის არაფერია ცნობილი და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავეთანმხები ამ შეფასებას. რაც შეეხება კონკრეტულ პირებთან მიმართებით ამის გავრცელებას, ალბათ, უმჯობესი იქნება, მომავალში ვისაუბროთ. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს შეეხოთ იმ პირებს, ვისზეც თქვენ სვამდით კითხვას”, — განაცხადა სარჯველაძემ.

ოპოზიცია ასევე ითხოვს აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებასაც,

სარჯველაძეს ჰკითხეს, არის თუ არა აღნიშნულ პროექტში სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომლითაც ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებული. მისი თქმით, ეს მუხლი ამნისტიის კანონპროექტში გათვალისწინებული არაა.

“მე რამდენადაც ვფლობ ინფორმაციას, რა მუხლითაც მიმდინარეობს გამოძიება, იმ მუხლთან დაკავშირებით ამნისტიაში არაფერია ნათქვამი. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ეს მუხლი გათვალისწინებული არ გახლავთ”, — განაცხადა სარჯველაძემ.

დღეს, 16 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის ინიცირება მოხდება.

კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით,  კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ზოგიერთი ისეთი დანაშაული, როგორიცაა მკვლელობა ან კიდევ ოჯახში ძალადობა. მისივე თქმით, ამნისტია სულ შეეხება 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და ციხეს დატოვებს რამდენიმე ასეული პატიმარი.

“ქართული ოცნება” ამნისტიას აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი