ახალი ამბები

რა დაუჯდება თბილისს ახალი 2021 წლის აღნიშვნა

18 დეკემბერი, 2020 • 3654
რა დაუჯდება თბილისს ახალი 2021 წლის აღნიშვნა

სხვა წლების მსგავსად, თბილისის მერია წელსაც გეგმავს, რომ საახალწლოდ დედაქალაქში სხვადსხვა ღონისძიებები გამართოს და მიუხედავად პანდემიისა, ამაში 2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯოს.

თუმცა, ზუსტად რა თანხის დახარჯვას აპირებს ქალაქი ახალი წლის აღნიშვნაში, ჯერჯერობით უცნობია. ნეტგაზეთი რამდენიმე დღეა ცდილობს, ეს ინფორმაცია მერიისგან მიიღოს, მაგრამ უშედეგოდ.

პარალელურად, შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ საიტზე მერიის არაერთი ტენდერია ატვირთული, რომელთა საერთო ღირებულება 2 მილიონს აჭარბებს და რომელიც აუქციონის გარეშე იმართება.

რას აპირებს მერია?

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია 31 დეკემბერს გალა კონცერტის გამართვას აპირებს, რომელსაც მაყურებელი ვერ დაესწრება. უმაყურებლო დისტანციურ კონცერტში უწყება 491 ათასი ლარის გადახდას გეგმავს.

 

ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს, ჟურნალისტებმა კალაძეს ჰკითხეს, რამდენად მიზანშეწონილი იყო პანდემიის პირობებში თითქმის ნახევარი მილიონის გადახდა ერთ კონცერტში, რაზეც კალაძემ უპასუხა, რომ ამ თანხებით კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ჰონორარებით დაეხმარება, შემდეგ კი დაამატა:

„უფრო მეტი დაიხარჯება იმიტომ, რომ ეს არ არის ერთი კონცერტი, იქნება შობასაც და ახალ წელსაც,“.

კალაძემ 16 დეკემბერს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზეც დაადასტურა, რომ საახალწლო პერიოდში თბილისში სამი კონცერტი გაიმართება, თუმცა, სხვა ღონისძიებები – მაგალითად, საშობაო სოფელი – არა. მისივე განმარტებით, ეს გადაწყვეტილება თანხებსაც დაზოგავს.

დისტანციურ კონცერტებთან ერთად, მერია ნაძვის ხის ანთების ღონისძიებასაც გეგმავდა, რაც საბოლოოდ 17 დეკემბერს შედგა კიდეც. თუმცა ვერც ამ სანახაობას დაესწრო მაყურებელი და დიტანციურად, პირდაპირ ეთერში გადაიცა.


ნეტგაზეთი მთელი კვირის განმავლობაში მერიისგან ცდილობდა გაეგო, თუ ზუსტად რა თანხები დაიხარჯებოდა საახალწლო ღონისძიებებზე. უწყება პასუხს დაგვიპრდა, მას ამ დრომდე ველოდებით.

თუმცა მერიაში ასევე გვითხრეს, რომ ღონისძიებებისთვის აუცილებელი ინვენტარისა და სერვისის შესასყიდად უწყებამ ტენდერი გამოცახადა. 

2.7-მილიონიანი ტენდერის ამბავი – რა ხდება?

თბილისის მერიამ 1-3 დეკემბერს შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ საიტზე 10-ზე მეტი ტენდერი აუქციონის გარეშე მართლაც განათავსა, რომელთა საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარს აჭარბებს.

ყველა ეს ტენდერი საახალწლო ღონისძიებებს ეხება, თუმცა მათში საუბარია არა მხოლოდ 2021 წლის ახალ წელზე, არამედ 2022 წელზეც. კერძოდ, ზოგიერთ მათგანის დოკუმენტაციაში ვკითხულობთ:

„ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ან 2021 წლის პირველი იანვრიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის წერილობითი დავალების შესაბამისად.

დოკუმენტაციის მიხედვით, აუქციონის გარეშე ჩატარებული ტენდერით გათვალისწინებული დავალება უნდა შესრულდეს დავალების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, ხოლო 2022 წლის საახალწლო ღონისძიებებისათვის გასაწევი მომსახურებების ვადები განისაზღვრება ღონისძიებების საჭიროებებიდან გამომდინარე“.

ერთ-ერთი ასეთი ტენდერი, რომლის ღირებულებაც 216 000 ლარია, მერიამ პირდაპირი სატელევიზიო სიგნალის მიღებისთვის საჭირო რამდენიმე LED ეკრანი უნდა განათავსოს.

ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ – „შპს ვიზუალ გრუმპა“ მიიღო, თუმცა მისი მენეჯერი ზურა ულუმბელაშვილი გვიყვება, რომ მერიასთან შეთანხმება ვერ შედგა.

„ხელშეკრულებაში როგორც გვეწერა, ეკრანებით უზრუნველყოფა უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ჩვენ არ დავთანხმდით, ხელშეკრულებას ხელი არ მოვაწერეთ, შესაბამისად, ჩვენ აღარ მივიღებთ მათ ტენდერში მონაწილეობას“, – ამბობს ის.

ჩვენს კითხვაზე, რა დროისთვის უნდა მიეწოდებინათ ეს სერვისი, მენეჯერი გვპასუხობს, რომ მთავარი 2020 წლის 31 დეკემბრის ღამე იყო. რაც შეეხება 2022 წელს:

„სავარაუდოდ, იქ 31 დეკემბერი იგულისხმება.. დეტალები ჩვენ არ გვქონდა შეთანხმებული, მაგრამ იგულისხმება, სავარაუდოდ, 2021 წლის 31 დეკემბერსაც შესაძლოა დასჭირვებოდათ, ან შეიძლებოდა, არც დასჭირვებოდათ. დეტალებზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჯერდებიან ხოლმე“, – გვიხსნის ის.

ტენდერებზე , რომელთა ჯამური რაოდენობა 2.7 მილიონს აჭარბებს, პირველად ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორმა“ დაწერა.

? თბილისის მერია 100,000 ლარს დახარჯავს კონცერტებისთვის ფოიერვერკების შესასყიდად და 216,000 ლარს კონცერტების დიდ ეკრანზე…

Posted by ფლანგვის დეტექტორი on Monday, 14 December 2020

ის იუწყებოდა, რომ საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი 13 ტენდერი შეისწავლა, რომელთა საერთო ღირებულება 2 705 550 ლარს შეადგენს.

„ყველაზე კრიზისულ წელს გამოცხადებულია 13 ტენდერი იმისთვის, რომ 2020 წლამდე შესყიდვები განხორციელდეს. მერია ახლა იხდის იმის ფულსაც, რომ გაისად და კიდევ იმის შემდეგ, საკონცენტო ატრიბუტიკა, ფოიერვერკები და სხვა სერვისი შეიძინოს.

ამის შესახებ საუბრისას, ასევე, მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც კვლევისას დადგინდა –  წელს თბილისის ბიუჯეტს თუ შევავლებთ თვალს, ადვილი დასანახია, რომ დაახლოებით 270 მილიონით შემცირდა თბილისის ბიუჯეტი, ამ დროს, ხელფასები გაზრდილია 5.5 მილიონით. ეს მაშინ, როდესაც მომუშავეთა რაოდენობა, ვინც ქალაქს ემსახურება – არ გაზრდილა“, – ამბობს ნეტგაზეთთან „ფლანგვის დეტექტორის“ დამფუძნებელი, შოთა დიღმელაშვილი.

დიღმელაშვილი, გვიყვება, რომ კრიზისის დროს ამხელა თანხების ღონისძიებებზე დახარჯვა  „არალოგიკურად დიდი ფუფუნებაა“.

„ორგანიზაცია „სირცხვილიაში“, რომლის წევრიც ასევე ვარ, მოქალაქეებს ვეხმარებით. დაახლოებით 500-ზე მეტ ოჯახს, რომლებიც პანდემიის გამო, განსაკუთრებულ გასაჭირში არიან, ყოველდღიურ რუტინად იქცა უკიდურესი გაჭირვების ყურება. მაგალითად, მახსენდება ერთი ქალი, რომელსაც იმდენად ძლიერი თავის ტკივილი ჰქონდა, რომ ლოგინიდან 3 დღე ვერ დგებოდა.

თუმცა მას არჩევანი ჰქონდა, ტკივილგამაყუჩებელსა და ჩვილის საჭმელს შორის. შესაბამისად, იმ 5 ლარსაც წამალზე ვერ ხარჯავდა. მე არ ვიცი, ამ დროს კონცერტებში გადაყრილ ფულს რა შეფასება მივცე“, – გვიყვება დიღმელაშვილი.

LED ეკრანებზე ტენდერის მსგავსად, ამავე პერიოდში რამდენიმეათასიანი ტენდერი კიდევ სხვა სერვისებზეცაა გამოცხადებული, მაგალითად, 418 100 ლარად- სხვადასხვა ტიპის სცენებზე და პოდიუმებზე; 100 000 ლარად -ფოიერვერკებზე; 199 200 ლარად- კონცერტის გახმოვანების აპარატურაზე; 388 700 ლარად- სასცენო გადახურვაზე და სხვა.

სერვისების უმეტესობაზე ტენდერი ჯერჯერობით არ დასრულებულა. როგორც წესი, უწყების მიერ დაწესებული სავარაუდო ღირებულება ხელშეკრულების დადებისთვის იცვლება.

ამის პარალელურად, მერიამ ნაძვის ხის ტოტების გადაკეთებასა და გირლანდებში თითქმის 200 ათასი ლარი დახარჯა.

მერია ნაძვის ხის ტოტების გადაკეთებასა და გირლანდების ყიდვაში ₾195 800-ს იხდის

მასალების გადაბეჭდვის წესი