ახალი ამბები

აბა, მიგვეშვა მშენებლობები, შესახლებულიყვნენ და მერე გამოგვეყარა? – კალაძე

15 დეკემბერი, 2020 • 1132
აბა, მიგვეშვა მშენებლობები, შესახლებულიყვნენ და მერე გამოგვეყარა? – კალაძე

თბილისის მერი კალაძე კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ უშუალოდ იმ შენობებში, რაც დღეს აფრიკის დასახლებაში დაანგრიეს, არავინ ცხოვრობდა.

„იქ არ ცხოვრობდნენ ადამიანები… აბა, როგორ უნდა გაგვეკეთებინა? მიგვეშვა ეს კონკრეტული მშენებლობები, დაამთავრებდნენ მშენებლობას, შესახლდებოდნენ და მერე მივსულიყავით, დაგვენგრია და გამოგვეყარა ამ სიცივეში, ეგ იქნებოდა სწორი დამოკიდებულება?” – იკითხა კალაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში საუბრისას.

„ამ მშენებარე შენობა-ნაგებობებში არცერთი ადამიანი არ ცხოვრობდა. მიმდებარე ტერიტორიებზე არის დატაცებული მიწები, უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობები, სადაც კონკრეტული ოჯახები, ადამიანები ცხოვრობენ და ამ სახლებს, ამ ადამიანებს არავინ არ შეხებია. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით“, – განაცხადა კალაძემ.

15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში (სამგორის რაიონში) თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტექნიკის გამოყენებით დაანგრია რამდენიმე შენობა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ  წინააღმდეგობის გაწევა სცადა, არ დაენგრიათ მათი სახლები, თუმცა მერიის წარმომადგენლებმა, დაახლოებით 200-მდე პოლიციელის მობილიზების ფონზე, შენობები მაინც დაანგრიეს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე არავინ ცხოვრობს და ეს „დატაცებული მიწებია“. მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, მოხდა „ადგილზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი“.

მოგვიანებით კალაძემ განაცხადა, რომ „არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო“. მისი განცხადებითვე, ყველა დანგრეული ნაგებობა იყო „მშენებარე და, რა თქმა უნდა, იქ ადამიანები არ ცხოვრობდნენ“.

თუმცა ადგილობრივების ნაწილი ამბობდა, რომ ეს სახლები მათი ერთადერთი საკუთრებაა.

კახა კალაძემ თქვა, რომ ვისაც სახლი არ აქვს, შეუძლია მუნიციპალური თავშესაფრით ისარგებლოს, რომელიც, მისი თქმითვე, „ნახევრად ცარიელია“.

ვრცლად:

აფრიკის დასახლებაში დაკავებულ ერთ პირს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მასალების გადაბეჭდვის წესი