ახალი ამბები

რესპუბლიკური პარტია არ იქნება უმაღლეს საბჭოში – კორძაია ჩავლეიშვილის ნაბიჯის შემდეგ

16 დეკემბერი, 2020 • 1422
რესპუბლიკური პარტია არ იქნება უმაღლეს საბჭოში – კორძაია ჩავლეიშვილის ნაბიჯის შემდეგ

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ პარტია აჭარის უმაღლეს საბჭოში არ იქნება წარმოდგენილი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უმაღლეს საბჭოში შედის ირაკლი ჩავლეიშვილი, რომელიც პარტიის წევრი იყო.

მან ფეისბუკზე დაწერა, რომ მისი და პარტიის დამოკიდებულება ბოიკოტირებასთან დაკავშირებით „რადიკალურად განსხვავდება“ და პარტიის წევრობას „დროებით იჩერებს“.

თამარ კორძაიამ „ნეტგაზეთს“ მოკლე კომენტარი მისცა და უთხრა, რომ „რესპუბლიკური პარტია არ იქნება აჭარის უმაღლეს საბჭოში, რადგან ირაკლი [ჩავლეიშვილი] არ არის პარტიის წევრი“. ვრცელ კომენტარებს პარტიის ლიდერები 16 დეკემბერს გააკეთებენ.

პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას ფეისბუკის პოსტზე გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება და კომენტარი დაწერა:

„ირაკლი პარტიას არ დაეთანხმა და გავიდა. როგორც თავად წერს, ოპოზიციონერობას აპირებს უმაღლეს საბჭოში. პარლამენტის რესპუბლიკელი დეპუტატები, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია, ხვალ შეიტანენ დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით განცხადებას. ირაკლის გადაწყვეტილება მძიმე ამბავია ჩემთვის ძალიან. მეტს ამ ღამით ვერაფერს გეტყვით“.


„ვფიქრობ, დეპუტატის ადგილი პარლამენტშია. ასევე თანავუგრძნობ მომიტინგეებს ქუჩაში, სადაც ჩემი პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი გამიტარებია“, – დაწერა ჩავლეიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ „დადგება ის დროც, როდესაც საქართველოში პატივი მიეგება ერთი ადამიანის განსხვავებულ აზრს“.

ირაკლი ჩავლეიშვილი „გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო სიაში მე-6 ნომერი იყო.

უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია, აქედან პროპორციული სიით 11 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, ასევე სამივე მაჟორიტარი დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ ერგო.

უმაღლეს საბჭოში 7 ადგილი ერგო „ენმ – გაერთიანებულ ოპოზიციას“, თუმცა ეს პოლიტიკური სუბიექტი უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარს ამბობს.

ვრცლად:

აჭარის უმაღლეს საბჭოში „რესპების“ წევრი შედის და პარტიის წევრობას იჩერებს

მასალების გადაბეჭდვის წესი