ახალი ამბები

აჭარის უმაღლეს საბჭოში „რესპების“ წევრი შედის და პარტიის წევრობას იჩერებს

15 დეკემბერი, 2020 • 1313
აჭარის უმაღლეს საბჭოში „რესპების“ წევრი შედის და პარტიის წევრობას იჩერებს

ირაკლი ჩავლეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის.

ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ დაწერა. მისივე თქმით, იგი დროებით იჩერებს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრობას.

„სამწუხაროდ, ჩემი და საქართველოს რესპუბლიკური პარტიის დამოკიდებულება, უმაღლესი საბჭოს ბოიკოტირებასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავდება“, – წერს იგი.

„ვფიქრობ, დეპუტატის ადგილი პარლამენტშია. ასევე თანავუგრძნობ მომიტინგეებს ქუჩაში, სადაც ჩემი პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი გამიტარებია“ – წერს დეპუტატი და იმედს გამოთქვამს, რომ „ დადგება ის დროც, როდესაც საქართველოში პატივი მიეგება ერთი ადამიანის განსხვავებულ აზრს“.

ჩავლეიშვილის პოსტი

ირაკლი ჩავლეიშვილის უმაღლს საბჭოში შესაძლო შესვლაზე დღეს დილიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუმცა მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე დღეს, 15 დეკემბერს, არ გამოჩენილა.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ჩავლეიშვილს ხელი არც ოპოზიციის მემორანდუმზე მოუწერია, როგორც ეს არჩეულმა 6-მა დეპუტატმა გააკეთა, მათ დააფიქსირეს, რომ უმაღლეს საბჭოში შესვლას არ აპირებენ.

უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია, აქედან პროპორციული სიით 11 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, ასევე სამივე მაჟორიტარი დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ ერგო. უმაღლეს საბჭოში 7 ადგილი ერგო „გაერთიანებულ ოპოზიციას“, თუმცა ეს პოლიტიკური სუბიექტი უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარს ამბობს.

ირაკლი ჩავლეიშვილი „გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო სიაში მე-6 ნომერი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი