ახალი ამბები

მერიასთან გააპროტესტეს აფრიკის დასახლებაში სახლების დანგრევა

15 დეკემბერი, 2020 • 1275
მერიასთან გააპროტესტეს აფრიკის დასახლებაში სახლების დანგრევა

15 დეკემბერს, საღამოს საათებში, თბილისის მერიის წინ რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა აფრიკის დასახლებაში სახლების დანგრევის გასაპროტესტებლად და მოსახლეობის მხარდასაჭერად.

რამდენიმე საათით ადრე აფრიკის დასახლებაში (სამგორის რაიონში) თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტექნიკის გამოყენებით დაანგრია რამდენიმე შენობა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ შენობების დანგრევას წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა მერიის წარმომადგენლებმა, დაახლოებით 200-მდე პოლიციელის მობილიზების ფონზე, შენობები მაინც დაანგრიეს.

მერიასთან მივიდნენ მოქალაქეები, მათ შორის აქტივისტები და პოლიტიკოსები (დამოუკიდებელი მემარცხენე აქტივისტები, პოლიტიკოსები „ლეიბორისტული პარტიიდან“, „ლელოდან“ და ა.შ.).

დამოუკიდებელმა აქტივისტმა, გიორგი ღვინჯილიამ, რომელიც ხშირად გამოდის ადამიანების გამოსახლებისა და უსახლკარობის წინააღმდეგ, აქციაზე განაცხადა:

„ვაპროტესტებთ, ზოგადად, იმას, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება და ბიზნესელიტა ჩვენს მოსახლეობას“.

ღვინჯილიას თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ ხვალაც გაგრძელდება შენობების დემონტაჟი და ამიტომ აპირებენ, ხვალაც შეიკრიბონ და მხარი დაუჭირონ მათ.

კიდევ ერთმა დემონსტრანტმა, კოტე ერისთავმა განაცხადა, რომ მერია ისე ასახლებს ადამიანებს, რომ გეგმა არა აქვს:

„ათწლეულებია, [სახელმწიფოს] არა აქვს გეგმა, როგორ დააკმაყოფილოს უსახლკაროები… ეს არის დიდი უკანონობა და უსამართლობა“, – თქვა მან.

„ეს არ არის პარტიული აქცია, ეს არის სპონტანური აქცია. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ადგილობრივ მოსახლეობას, ისევე, როგორც მოსახლეობას, და ხვალ მათთან ერთად გავაგრძელებთ ამ პროტესტს“, – განაცხადა მან.

ვრცლად ამ საკითხზე გირჩევთ წაიკითხოთ:

აფრიკის დასახლებაში დაკავებულ ერთ პირს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მასალების გადაბეჭდვის წესი