ახალი ამბები

შეშფოთებული ვარ, თუ როგორ აისახება მოლაპარაკებებზე – ჰარცელი ელჩების კრიტიკაზე

15 დეკემბერი, 2020 • 1044
შეშფოთებული ვარ, თუ როგორ აისახება მოლაპარაკებებზე – ჰარცელი ელჩების კრიტიკაზე

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ბოლო დღეებში მისი და სხვა უცხოელი ელჩების მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებების გამო შეშფოთებული არაა.

ჰარცელის თქმით, მას ის უფრო აშფოთებს, თუ როგორ აისახება ეს ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

„ჯერ კიდევ ადრეა იმაზე საუბარი, როგორ გაგრძელდება ეს პროცესი. პარლამენტის გახსნის შემდეგ სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. როგორც ფასილიტატორი, ისევ მზად ვარ ვიპოვოთ მხარეებს შორის შეთანხმება. შესაძლებლობების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ეს იქნება რთული პროცესი, რომელსაც დიდი ძალისხმევა დასჭირდება. ვაგრძელებთ მათ დახმარებას. რთული სათქმელია, რა გამოვა აქედან, თუმცა არსებობს შანსი. რაც უფრო დაიხურება კარი, მით უფრო მეტად გართულდება გამოსავლის პოვნა. მე არ ვარ მოსამართლე, მე ვარ ფასილიტატორი მხარეებს შორის.

რაც შეეხება ელჩებზე თავდასხმას, მე არ ვარ ამაზე შეშფოთებული, მე უფრო შეშფოთებული ვარ, თუ როგორ აისახება ეს მოლაპარაკებების პროცესზე, სადაც ერთიანობის მიღწევას ვცდილობთ”, — ამბობს ჰარცელი, რომლის კომენტარსაც “რუსთავი 2” ავრცელებს.

ბოლო დღეებში აშშ-ის ელჩის მიმართ კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვა “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დეგნანი საქართველოში დაინიშნა, მას არ შეხვედრია. გარდა ამისა, გვარამია ამბობს, რომ აშშ-ის საელჩო ვიზას არ აძლევს ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, რომლის სავარაუდო ლიკვიდაციაც იგეგმებოდა.

მანამდე ელჩების  კრიტიკის გამო განმარტებების გაკეთება მოუწია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერ ნიკა მელიას. მისი თქმით, ის აკრიტიკებს სტრატეგიულ პარტნიორებს, ოღონდ თავს არ ესხმის.  მელიას თქმით, კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა, მაგრამ არა თავისუფალი არჩევნების ხარჯზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი