ახალი ამბები

კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა, მაგრამ არა თავისუფალი არჩევნების ხარჯზე — მელია

3 დეკემბერი, 2020 • 1165
კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა, მაგრამ არა თავისუფალი არჩევნების ხარჯზე — მელია

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია “ქართული ოცნების” ბრალდბებს პასუხობს და ამბობს, რომ ის აკრიტიკებს სტრატეგიულ პარტნიორებს და არა თავს ესხმის.

“ქართული ოცნება” ამბობს, რომ “პროდასავლურობას ამოფარებული “ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს თავს ესხმის.

მელიას თქმით, ვისაც პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივ დევნაზე მისგან საპირისპირო პოზიცია აქვს, თუნდაც ეს ელჩი იყოს, მის კრიტიკას დაიმსახურებს.

“კრიტიკასა და თავდასხმას შორის არის უდიდესი განსხვავება და ვის გამოც მე გამოვთქვი მოსაზრება, ეს, მე მგონი, თქვენ ძალიან კარგად იცით. ქვეყანაში იდევნება თუ არა თავისუფალი სიტყვა, მიმდინარეობს თუ არა დევნა პოლიტიკურ ოპონენტებზე, ეს ყველაფერი როდესაც ხდება, ვინც არ უნდა იყოს და ამაზე აქვს სრულიად საპირისპირო პოზიცია, რა თქმა უნდა, ჩემგან კრიტიკას დაიმსახურებს. კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა, გასაგებია და მისასალმებელია, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდეს”, — განუცხადა მელიამ ჟურნალისტებს.

“ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობას” ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების დათესვაში ადანაშაულებს და სურს, რომ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამასთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ. ამის შესახებ დღეს, 3 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” წევრმა კახა კუჭავამ ისაუბრა.

კუჭავას ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მიერ “მთავარი არხის” ეთერში გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ნიკა მელია გამოეხმაურა მისი და სხვა ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო საქმეები განახლებას. მისი თქმით, ეს ოცნების მხრიდან ვაჭრობის პროცესის გახსნა იყო, იმ ფონზე, როცა ელჩების შუამავლობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მელიას თქმით, მისი მოლოდინი იყო, რომ აშშ-ის და EU-ს ელჩს გარკვეული პოზიციები უნდა დაეფიქსირებინათ.

“ოცნება” საერთაშორისო ორგანიზაციებს ენმ-ის “ანტიდასავლურობაზე” პოზიციის გამოხატვას სთხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი