ახალი ამბები

საქართველოს აშშ-ზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს, მნიშვნელობა არ აქვს, მე ვიქნები ელჩი თუ სხვა — დეგნანი

15 დეკემბერი, 2020 • 1423
საქართველოს აშშ-ზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს, მნიშვნელობა არ აქვს, მე ვიქნები ელჩი თუ სხვა — დეგნანი

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ბოლო დღეებში მისი და სხვა უცხოელი ელჩების მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრბებს გამოეხმაურა.

როგორც დეგნანი ამბობს, საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება ყველას აქვს, თუმცა მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ საქართველოს აშშ-ზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს. მისი თქმით, აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდამჭერას, მიუხედავად იმისა, რომელი პარტია იქნება ორი ქვეყნის სათავეში.

“რაც შეეხება ელჩებზე გაკეთებულ განცხადებებს, აზრის გამოხატვა ყველას შეუძლია, თუმცა მოსაზრებებს და ფაქტებს შორის განსხვავებაა. ფაქტი ის არის, საქართველოს აშშ-ზე უკეთესი მეგობარი არ ჰყავს. ვფიქრობ, მტკიცება არ სჭირდება იმას, რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის საქართველოს წარმატება. მნიშვნელობა არ აქვს, მე ვიქნები ელჩი თუ სხვა, რომელ პარტიას ექნება ძალაუფლება საქართველოსა თუ აშშ-ში, ჩვენი მხარდაჭერა საქართველოსთვის წარმატების მიღწევაში არ შეიცვლება”, — ამბობს დეგნანი “რუსთავი 2-ის” მიერ გავრცელებულ კომენტარში.

მისივე თქმით, პარტიებს შორის დიალოგი იმის დემონსტრირებაა, რომ  ქართველ პოლიტიკოსებს შორის ინტერესი არსებობს, რათა თავიანთი დიდი განსხვავებები  ერთად გადაჭრან.

“დემოკრატია ნიშნავს განიხილონ თავიანთი განსხვავებები, რაც ძალიან პოზიტიური ნიშანია”,  — ამბობს დეგნანი.

ბოლო დღეებში აშშ-ის ელჩის მიმართ კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვა “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით,  მას შემდეგ, რაც დეგნანი საქართველოში დაინიშნა, მას არ შეხვედრია. გარდა ამისა, გვარამია ამბობს, რომ აშშ-ის საელჩო ვიზას არ აძლევს ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას, რომლის სავარაუდო ლიკვიდაციაც იგეგმებოდა.

მანამდე ელჩების  კრიტიკის გამო განმარტებების გაკეთება მოუწია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერ ნიკა მელიას. მისი თქმით, ის აკრიტიკებს სტრატეგიულ პარტნიორებს, ოღონდ თავს არ ესხმის.  მელიას თქმით, კელი დეგნანს უნდა სტაბილურობა, მაგრამ არა თავისუფალი არჩევნების ხარჯზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი