ახალი ამბები

ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის სახლების დანგრევის საკითხს – ლომჯარია

15 დეკემბერი, 2020 • 909
ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის სახლების დანგრევის საკითხს – ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისში, აფრიკის დასახლებაში დღეს მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნული საკითხის კანონიერებას შეისწავლის.

ლომჯარიას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიას უნებართვო მშენებლობების დემონტაჟის უფლება აქვს, დაუშვებელია, რომ ეს პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს.

“ქვეყანაში უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტების არარსებობა და აღნიშნულ პირთა შესახებ ზუსტი სტატისტიკის არქონა სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს, რაზეც წლებია ვსაუბრობთ. ამასთანავე, გამოწვევაა უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხი. მართალია, თბილისში ფუნქციონირებს ლილოს თავშესაფარი, სადაც არის თავისუფალი ადგილები, თუმცა იქ არსებული ფართები არ არის გათვლილი ოჯახების, მათ შორის არასრულწლოვანი პირებისთვის”, – წერს ლომჯარია ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მისი თქმით, აფრიკის დასახლებაში დღეს მიმდინარე პროცესები დაკავშირებულია ადამიანების უსახლკაროდ დარჩენის რისკებთან. ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა შეაფასოს ეს რისკები და საჭირეობის შემთხვევაში თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით მხარდამჭერი ზომები უნდა შესთავაზოს ადგილობრივ მოსახლეობას.

“უმძიმესი იყო მედიაში გავრცელებულ კადრებში იმ ოჯახების ხილვა, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დავალებით დემონტაჟს დაექვემდებარა. დაუშვებელია აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს. კერძოდ, საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია პირების უსახლკაროდ დარჩენის რისკებთან, რაც წარმოშობს სახელმწიფო მხრიდან აღნიშნული რისკების შეფასების და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მხარდამჭერი ზომების შეთავაზების აუცილებლობას. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ ზამთრის პერიოდში დემონტაჟის ღონისძიებების განხორციელება წარმოშობს არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის რისკებს. აღნიშნულს ემატება პანდემიიდან გამომდინარე საფრთხეებიც”, – წერია განცხადებაში.

ლომჯარია თბილისის მერიას ოფიციალური განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებს, სადაც მუნიციპალიტეტი ამომწურავად განმარტავს, თუ რა ღონისძიებები გატარდა ამ დრომდე და რა ღონისძიებებს გაატარებს ადგილობრივი ხელისუფლება იმისთვის, რომ ოჯახები, რომელთა სახლების დემონტაჟიც დღეს განხორციელდა, უსახლკარობისგან დაიცვან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერიას მოვუწოდებ გაკეთოს ოფიციალური განცხადება, რომელიც მოცემული იქნება ამომწურავი ინფორმაცია, რა ღონისძიებები იქნა და იქნება გატარებული იმ ოჯახების უსახლკარობისგან დაცვის მიზნით, რომელთა საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს დაექვემდებარა.

“რაც შეეხება თავად დემონტაჟის კანონიერებას, მართალია, ხელისუფლებას გააჩნია უნებართვო მშენებლობების დემონტაჟის უფლება, თუმცა დაუშვებელია აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის აღნიშნული პროცესის კანონიერების საკითხს”, – წერს ლომჯარია.

დღეს, 15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ტექნიკა ჰქონდა მობილიზებული. შენობების დანგრევას წინააღმდეგობა გაუწია ადგილობრივმა მოსახლეობამ, თუმცა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მოახერხეს რამდენიმე შენობის დანრგევა. ადგილზე იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფრიკის დასახლებაში 8 ადამიანის დაკავება დაადასტურა, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მათ მიერ აშენებული სახლების მერიის მიერ ნგრევას აპროტესტებდნენ. თუმცა, როგორც “ნეტგაზეთის” რეპორტიორი ადგილიდან იუწყებოდა, პოლიციამ უფრო მეტი პირი გაიყვანა ადგილიდან.

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძეც. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე არავინ ცხოვრობს და ეს “დატაცებული მიწებია”.

ასევე, დემონტაჟის დაწყებისას მუნიციპალურმა ინსპექციამ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ თბილისის მერის დავალებით, ადგილზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყეს.

განცხადებაში ინსპექციამ ასევე აღნიშნა, რომ ინსპექტირების შედეგად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოავლინეს, რასთან დაკავშირებითაც მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს დაიწყო მოკვლევა. მოკვლევის შედეგად კი დაადგინეს, რომ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი