ნეტგაზეთი | კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” გვარამიასა და მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” გვარამიასა და მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს – Netgazeti
RU | GE  

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” გვარამიასა და მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” “მთავარი არხის” დერექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მას დაჭერით და ქონების ჩამორთმევით დაემუქრნენ.

კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მისი წევრი ორგანიზაციები ნიკა გვარამიასა და “მთავარი არხის” მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ. ამასთან, ისინი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებენ, პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენონ ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების საკითხი. ასევე დაიცვან “მთავარი არხის” დირექტორი “აშკარა საფრთხეებისა და პოლიტიკური დევნისგან”.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კოალიციამ არაერთხელ გამოთქვა “საფუძვლიანი ეჭვი” მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ნიკა გვარამიას მიმართ განხორციელებული სხვადასხვა სახის ზეწოლის თაობაზე. მათ შორის გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესის წარმოების, საბოტაჟის ბრალდებით გამოძიების დაწყების, გვარამიას მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის და, როგორც გვარამია ამბობს, პროკურატურის მხრიდან გვარამიას ოჯახზე თვალთვალის სახით.

“2019 წლის ზაფხულში „რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ბრალი წაუყენეს, მათ შორის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ქონების მიტაცების გამო. სამართალდამცავ ორგანოებს კი არ წარმოუდგენიათ რაიმე მნიშვნელოვანი განმარტება ამ საქმეზე. მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველმა გვარამიას მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი დევნა შეაფასა, როგორც სამართლებრივად უსაფუძვლო. 2019 წლის 4 ნოემბერს სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიას მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. საქმის შესწავლა საქართველოს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო. აპარატმა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები სრულად გააანალიზა.

საჯარო დოკუმენტში მითითებულია, რომ „განხილული კანონმდებლობებისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება. დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია, თუნდაც ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, მაგრამ კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდეს და მოკლე, ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას უზრუნველყოფდეს”, – განმარტებულია კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის მარტში ოპოზიციასა და მთავრობას შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ფასილიტატორობით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გვარამიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის მიმდინარეობა შეჩერდა და განახლდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუმცა სასამართლო სხდომა კვლავ გადაიდო.

“აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „მთავარი არხის“ წინააღმდეგ 2020 წელს საბოტაჟის ბრალდებით კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, თუმცა გამოძიება არ დასრულებულა”, – აცხადებს კოალიცია.

განცხადების ავტორების თქმით, გასული წლის განმავლობაში ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის წევრების პირადი უსაფრთხოების საკითხი რამდენჯერმე დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ:

“2020 წლის 30 იანვარს, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიკა გვარამიას რამდენიმე პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში თავს დაესხა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიების შედეგები საზოგადოებისათვის უცნობია. ასევე 2020 წლის დასაწყისში ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მის ოჯახს პროკურატურა 28 დღის განმავლობაში უთვალთვალებდა. მისი განცხადებით, თვალთვალის შესახებ მისი ინფორმირება მიზნად ისახავდა მასზე და მის ოჯახზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

კოალიციამ არაერთხელ განაცხადა, რომ დაუშვებელია მმართველი პოლიტიკური პარტიის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მედიაზე სიტყვიერი თავდასხმები და უპასუხისმგებლო შეფასებები. მათ შორისაა საქართველოს პარლამენტის წევრის, თეა წულუკიანის 2020 წლის 14 დეკემბრის განცხადება ნიკა გვარამიას მეუღლესა და არასრულწლოვან შვილზე თვალთვალისა და მიყურადების შესახებ”, – წერია განცხადებაში.

კოალიცია ეჭვობს, რომ ნიკა გვარამიას წინაარმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის მიზანი “მთავარი არხის” სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებაა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს პროცესი უარყოფითად აისახება “მთავარი არხის” გუნდზე და ჟურნალისტების სამუშაო გარემოზე.

“კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები გამოვხატავთ მხარდაჭერას ნიკა გვარამიასა და „მთავარი არხის“ მიმართ. მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, პოლიტიკურ დღის წესრიგში დააყენონ ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და მედიის თავისუფლების საკითხები, დაიცვან „მთავარი არხის“ დირექტორი და დამფუძნებელი აშკარა საფრთხეებისა და პოლიტიკური დევნისაგან”, – აცხადებს კოალიცია “მედის ადვოკატირებისთვის”.

“მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ?” – წულუკიანი გვარამიაზე

გვარამიას თქმით, მის ოჯახს უთვალთვალებენ, პროკურატურა ამბობს, რომ ეს მტკიცებულებაა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი