ახალი ამბები

უკანონობას ვერავის ვერაფერს დავპირდებოდი — სუბარი აფრიკის დასახლებაზე

15 დეკემბერი, 2020 • 1478
უკანონობას ვერავის ვერაფერს დავპირდებოდი — სუბარი აფრიკის დასახლებაზე

სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი გამოეხმაურა აფრიკის დასახლებაში თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ შენობა-ნაგებობის დემონტაჟს.

როგორც აფრიკის დასახლებაში მცხოვრებელთა ნაწილი ამბობს, სწორედ სუბარი დაჰპირდა, რომ საჭიროებებს და მოთხოვნებს გაითვალისწინებდა.

სუბარის თქმით, წინასაარჩევნოდ აფრიკის დასახლებაში ამომრჩევლებს დახმარებას დაჰპირდა, თუმცა, კანონის ფარგელბში.

“ძალიან ბევრი უკანონო მშენებლობა არის. მე ყველას ვპირდებოდი ერთსა და იმავეს, რომ სადაც შესაძლებელი იქნება, დავეხმარებით დაკანონებაში. იგივე თბილისის მერიამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ათასზე მეტი სახლი დააკანონა და ეს პროცესი გრძელდება. მაგრამ არის ადგილები, სადაც ძალიან ძნელია დახმარება.

ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით მითხრეს, რომ ეს არის სახლები, რომლებიც ბოლო 2-3 თვის განმავლობაში აშენდა. უფრო დეტალურ განმარტებებს თბილისის მერი გააკეთებს”, — აცხადებს სუბარი.

სუბარს ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ ხედავდაპრობლემას პანდემიის პირობებში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უსახლკაროდ დარჩენაში, დეპუტატის თქმით, ადამიანები, რომლებმაც მშენებლობა 2-3 თვის წინ დაიწყეს, კანონს უნდა დაემორჩილნონ.

“მართლა ვერ დავპირდებოდი ვერავის ვერაფერს, რაც არ ჯდება კანონის ფარგლებში. არის არაერთი დასახლება, სადაც ადამიანებს წლების წინ აქვთ აშენებული სახლები, ცხოვრობენ იქ, ბავშვებს იქ ზრდიან, ხეხილი დარგული აქვთ… ვპირდებოდით, რომ ყველგან მაქსიმალურად დავეხმარებოდით.

თუმცა ამ ადამიანებს შორისაც იყო ხალხი, რომელიც გვეუბნებოდა, რომ გვაქვს 1400 კვადრატული, 1800 კვადრატული მეტრი შემოღობილი. ასეთ ადამიანს, იქ ყველას ვეუბნებოდი, რომ 1800 მეტრს, შეიძლება ცენტრში არაა, მარა თბილისში ამის დაკანონებაში ვერ დაგპირდებით, რომ მოგეხმარებით, მაგრამ მინიმუმ საცხოვრებელი რომ გქონდეთ, ამაში დაგეხმარებით, სადაც კანონი მოგვცემს საშუალებას. ადამიანებს, რომლმაც მართლა ბოლო 2-3 თვეში ააშენეს და მათ აქვთ სხვა საცხოვრებელი, ასეთ შემთხვევაში კანონს ყველა უნდა დავემორჩილოთ”, — აცხადებს სუბარი.

რას აცხადებდა სუბარი სექტმრეში

წინასაარჩევნო კამპანიის დროს სოზარ სუბარი ამბობდა, რომ მშენებლობების დაკანონება აფრიკის დასახლებაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ასეთი საკითხები სასწრაფოდ იყო გადასჭრელი.

“ასევე სერიოზული პრობლემა არის, რაც შეეხება დაკანონებას იმ მშენებლობების, რომლებიც აქ წლების განმავლობაში ხდებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის სახლები თუ ნაკვეთები, რომლებიც ჯერ კიდევ აქ მცხოვრები ადამიანების მშობლებს ეკუთვნოდათ 60-70-იანი წლებიდან მოყოლებული და დღემდე არ არის დაკანონებული. ბუნებრივია, რომ ასეთი საკითხები სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს. მე უბრალოდ ვპირდები ამ ადამიანებს, რომ ყოველდღიურად ვიცხოვრებ მათთან ერთად, სანამ თითოეული ეს პრობლემა არ გადაწყდება”, — აცხადებდა სუბარი.


აფრიკის დასახლებაში დღეს თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ პოლიციის დახმარებით საცხოვრისები დაანგრია. მერიის განცხადებით, მოქალაქეებს უკანონოდ ჰქონდათ აშენებული შენობები სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე. საცხოვრისების მშენებლობა ადგილობრივებმა გააპროტესტეს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, დააკავეს 10-მდე ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი