ახალი ამბები

დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ნგრევის პროცესი – EMC

15 დეკემბერი, 2020 • 1150
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ნგრევის პროცესი – EMC

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] მოუწოდებს მუნიციპალიტეტს, აფრიკის დასახლებაში შენობების ნგრევა შეწყვიტოს, ხოლო უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოს.

„ქვეყანაში უსახლკარობასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობისა და საცხოვრისის სერვისების უკიდურესი სიმწირის ფონზე, ნებართვის გარეშე აგებული შენობები ასობით ადამიანისათვის და შინამეურნეობისათვის ერთადერთ თავშესაფარს წარმოადგენს.

ზამთარში, განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის მიმდინარეობისას, ამგვარი საცხოვრისების დემონტაჟით თბილისის მერია არა მხოლოდ ფორმალურად არღვევს საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ პირდაპირ აყენებს შენობებში მცხოვრებელ პირებს ფიზიკური განადგურების რისკის წინაშე.

დღეს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ მიუთითებს მერიის მიერ უსახლკარო ადამიანების მიმართ მგრძნობელობის არარსებობასა და საცხოვრისით უზრუნველყოფის ნაწილში თავისი პასუხისმგებლობების გაუაზრებლობაზე“, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

განცხადებასთან ერთად, EMC ცხელი ხაზის ნომერსაც აქვეყნებს: EMC-ის ცხელი ხაზი: +995 599 65 66 11
აფრიკის დასახლებაში თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ტექნიკა აქვს მობილიზებული. შენობების დანგრევას წინააღმდეგობას უწევს ადგილობრივი მოსახლეობა. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძეც. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე არავინ ცხოვრობს და ეს “დატაცებული მიწებია”.

რამდენიმე საათის წინ მუნიციპალურმა ინსპექციამ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ თბილისის მერის დავალებით, ადგილზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყეს.

განცხადებაში ინსპექციამ  ასევე აღნიშნა, რომ ინსპექტირების შედეგად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოავლინეს, რასთან დაკავშირებითაც მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს დაიწყო მოკვლევა. მოკვლევის შედეგად კი დაადგინეს, რომ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი