ახალი ამბები

როდესაც გაჭირვებულებს ასე ეპყრობი, ხარ ცხოველი — ხოშტარია სახლების დანგრევაზე

15 დეკემბერი, 2020 • 1140
როდესაც გაჭირვებულებს ასე ეპყრობი, ხარ ცხოველი — ხოშტარია სახლების დანგრევაზე

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია მივიდა თბილისის გარეუბანში, აფრიკის დასახლებაში, სადაც მერიის წარმომადგენლები ადგილობრივებს სახლებს უნგრევს. მისი თქმით, გამოსავალი უნდა მოიძებნოს ისე, რომ გათვალისწინებული იყოს “გაჭირვებული ადამიანების ინტერესები”.

“აქ არის გაჭირვება და როდესაც გაჭირვებულებს ასე ეპყრობი, ხარ ჩვეულებრივი ცხოველი. ასეთ ტერიტორიაზე, ამ ჩვენს უბედურ ქვეყანაში უამრავ ადამიანს აქვს აშენებული [ სახლები] იმიტომ, რომ სახელმწიფოსგან არიან მიტოვებულები. თუ რამე გამოსავალია მოსაძებნი, გამოსავალი უნდა მოიძებნოს, მათ შორის, გაჭირვებული ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით. ეს, რაც ხდება, არის ცხოველობა, ჩვეულებრივი არაადამიანობა. სხვა არაფერი არ შეუძლიათ ამათ, შეუძლიათ დაკავება, ჯარით მოსვლა და ჩვეულებრივი გაჭირვებული თავისუფალი მოქალაქეების მიმართ ასე მოპყრობა. სხვა არაფერი შეუძლიათ…

დასხდნენ, სამართლებრივი გზა იპოვონ, თუ რამე არის. მე მაინტერესებს, თაბორის მთა რომ დაუკანონეს ბიძინა ივანიშვილს, ამაზე პასუხს ვინ აგებს. ბიძინა თუ ხარ, ყველაფერი შეიძლება და გაჭირვებული თუ ხარ, ჯარი უნდა დაასიონ ადამიანებს”, – განაცხადა ხოშტარიამ.

აფრიკის დასახლებაში თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ტექნიკა აქვს მობილიზებული. შენობების დანგრევას წინააღმდეგობას უწევს ადგილობრივი მოსახლეობა, თუმცა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა უკვე მოახერხეს რამდენიმე შენობის დანრგევა. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო აფრიკის დასახლებაში 8 ადამიანის დაკავებას ადასტურებს, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მათ მიერ აშენებული სახლების მერიის მიერ ნგრევას აპროტესტებდნენ. თუმცა, როგორც “ნეტგაზეთის” რეპორტიორი ადგილიდან იუწყება, პოლიციამ უფრო მეტი პირი გაიყვანა ადგილიდან.

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძეც. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე არავინ ცხოვრობს და ეს “დატაცებული მიწებია”.

რამდენიმე საათის წინ მუნიციპალურმა ინსპექციამ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ თბილისის მერის დავალებით, ადგილზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყეს.

განცხადებაში ინსპექციამ  ასევე აღნიშნა, რომ ინსპექტირების შედეგად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოავლინეს, რასთან დაკავშირებითაც მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს დაიწყო მოკვლევა. მოკვლევის შედეგად კი დაადგინეს, რომ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.

“მერია ამ გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ზრდის უსახლკაროთა რიცხვს” – OSGF აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟზე

მასალების გადაბეჭდვის წესი