ახალი ამბები

“უნდა დავაკვირდეთ” – გაიხსენება თუ არა 24 დეკემბერს მოლები, რესტორნები

14 დეკემბერი, 2020 •
“უნდა დავაკვირდეთ” – გაიხსენება თუ არა 24 დეკემბერს მოლები, რესტორნები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ეს კვირა [14 დეკემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით] კორონავირუსთან ბრძოლის მომდევნო ნაბიჯების დასაგეგმად გადამწყვეტი იქნება.

გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ გარკვეულწილად შეინიშნება ვირუსის გავრცელების მასშტაბების კლება.

„ეს კვირა გარკვეულწილად იქნება კრიტიკული, იმისთვის, რომ ჩვენ ვნახოთ, რა მიმართულებით მივდივართ და რამდენად ის შეზღუდვები, რომელიც მოქმედებს და უკავშირდება შემთხვევების კლებას – არის რეალურად ეფექტური და მოგვცემს სტაბილიზაციის შესაძლებლობას“, – ამბობს ის.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია შეზღუდვების შემსუბუქება 24 დეკემბრიდან, გაბუნია პასუხობს:

„ერთი კვირა უნდა დავაკვირდეთ. ეს ერთი კვირა ეპიდემიოლოგიურად ჩვენთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის ტენდენცია სტაბილიზაციის, რომელიც შეინიშნება, შენარჩუნდება. ამის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილებები სხვა დანარჩენ ქმედებებთან დაკავშირებითაც“, – დასძენს გაბუნია და ამატებს, რომ უფრო დეტალურად შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბარი დამოკიდებული იქნება იმ ეპიდსიტუაციაზე, რომელიც ქვეყანაში იქნება.

თამარ გაბუნიას მსგავსად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კვირის ბოლოს მიიღება გადაწყვეტილება, შემსუბუქდება თუ არა შეზღუდვები.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი უფრო რადიკალურები ვართ, მაგრამ საკოორდინაციო საბჭო იღებს ბალანსირებულ, შეჯერებულ გადაწყვეტილებას“, – ამბობს ის.


საქართველოში 28 ნოემბრიდან ამოქმედებულია საყოველთაო შეზღუდვები, მათ შორის, აკრძალულია 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება, გაუქმებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა.

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვათა ნაწილი უნდა შემსუბუქდეს. როგორც მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში წერია, ამ პერიოდში სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები მუშაობას განაახლებენ. აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც.

მთავრობამ ახალი შეზღუდვების ჩამონათვალი გამოაქვეყნა

26 თებევრლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 191 063 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 161 681 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა – 1 839.

მასალების გადაბეჭდვის წესი