ახალი ამბები

2 კვირა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება – გამყრელიძე

14 დეკემბერი, 2020 • 1200
2 კვირა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მომდევნო ორ კვირაში კორონავირუსით გარდაცვლილების ზრდას პროგნოზირებს. ამის მიზეზად გამყრელიძე კრიტიკული მდგომარეობის მქონე პაციენტების დიდ რაოდენობას ასახელებს, რაც მისი თქმით დაახლოებით 400-ია.

გამყრელიძე განმარტავს, რომ ინფიცირების ზრდის შემდეგ, როგორც წესი, 2-3 კვირაში გარდაცვალების მაჩვენებელიც იზრდება. ბოლო დღეებში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსს  49 ადამიანი ემსხვერპლა.

“პირდაპირ გეუბნებით, მომავალი ორი კვირა სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა გვექნება, რადგან საკმაო რაოდენობის ადამიანები არიან კრიტიკულ მდგომარეობაში, დაახლოებით 400-მდე ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. [ეს ადამიანები] კრიტიკულად მძიმედ არიან და მათი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი კეთდება. თუმცა, როგორც სტატისტიკიდან ხედავთ, ჩვენ, სამწუხაროდ, სიკვდილიანობის ზრდა გვაქვს. ეს მოსალოდნელი იყო, რადგან სიკვდილიანობა, როგორც წესი, დაახლოებით 2-3 კვირით ინაცვლებს, როცა ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. ანუ 2-3 კვირის შემდეგ ვლინდება ხოლმე სიკვდილიანობის ზრდა. 49 გარდაცვლილი, რაც დღეს გვაქვს, საკმაოდ მაღალია ჩვენთვის. ხშირად ვამბობ, რომ 29 [გარდაცვლილი] არის ჩვენთვის ის მაჩვენებელი, როცა შემზღუდველი ღონისძებები ქვეყანაში აუცილებელია, რაც დღეს ტარდება”,-აცხადებს გამყრელიძე.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ჩატარდა 6 554 ტესტი, გამოვლინდა 1 337 შემთხვევა.

ბოლო 7 დღის განმავლობაში კორონავირუსით დღიური საშუალო გარდაცვალებების სტატისტიკით საქართველო მსოფლიოში მე-8 ადგილზეა ყოველ 100 ათას მოსახლეზე გაანგარიშებით. საქართველოს მსგავსი მაჩვენებელი რამდენიმე ქვეყანას აქვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი