ახალი ამბები

მნიშვნელოვანია, ის, ვინც შევიდა პარლამენტში, დროზე იქიდან გამოვიყვანოთ — სააკაშვილი

11 დეკემბერი, 2020 • 1234
მნიშვნელოვანია, ის, ვინც შევიდა პარლამენტში, დროზე იქიდან გამოვიყვანოთ — სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მიერ მანდატების გაუქმების შესახებ მემორანდუმის გაფორმებას ეხმაურება. როგორც სააკაშვილი ამბობს, ეს “დიდი გამარჯვებაა”.

“არავის არ ეჯერა, მიუხედავად ამხელა მოსყიდვისა, დაშინებისა, გაყოფისა, ჭორებისა, სიბინძურისა და პროპაგანდისა, მოხდებოდა პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ძალის გაერთიანება – ერთი იდეის გარშემო, რომ არჩევნები მოპარულია და მოპარული არჩევნები არავის არ უნდა შერჩეს! ამიტომ, ეს მართლაც არის სასწაული – ერთობით ყველაფრის მიღწევა შეიძლება, ძალა არის ერთობაში!”— აცხადებს სააკაშვილი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ის, ვინც პარლამენტში შევიდა, იქიდან დროულად გამოიყვანონ.

“ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ახლა პრაქტიკულად არავინ არ შევიდა პარლამენტში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის, ვინც შევიდა უკანონოდ პარლამენტში და მოიპარა ქართველი ხალხის ნება და არჩევნები, დროზე იქიდან გამოვიყვანოთ და საქართველოს გაუჩნდეს ლეგიტიმური ხელისუფლება, ლეგიტიმური პარლამენტი და საქართველომ გააგრძელოს განვითარება და გადაწყვიტოს უმძიმესი კრიზისი, რომელიც ახლა არის ჩვენს ქვეყანაში”, — აცხადებს სააკაშვილი.

11 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ხელი მოაწერა მემორანდუმებს მანდატების გაუქმებაზე. ხელი მოეწერა სამ დოკუმენტს. ეს დოკუმენტებია:

  • ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და საარჩევნო რეფორმის შესახებ;
  • ბარიერგადალახული პარტიების მემორანდუმი პარტიული სიების გამოწვევასთან დაკავშირებით – მას შემდეგ, რაც პარლამენტი ყველა დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს, ოპოზიციური პარტიები ცესკოს მიმართავენ, რომ სიები ჩახსნას;
  • სიმბოლური განცხადება-მემორანდუმი იმ დეპუტატების მხრიდან, რომლებიც უარს ამბობენ მანდატზე ამ მოწვევის პარლამენტში.

ოპოზიციის მემორანდუმი: ვინ (არ) ამბობს უარს მანდატებზე დღესვე?

მასალების გადაბეჭდვის წესი