ახალი ამბები

გვჭირდება ახალი მიდგომა აფხაზებთან და ოსებთან დასაახლოებლად | ზურაბიშვილი

11 დეკემბერი, 2020 • 896
გვჭირდება ახალი მიდგომა აფხაზებთან და ოსებთან დასაახლოებლად | ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ აფხაზებთან და ოსებთან დაახლოებისთვის საჭიროაახალი მიდგომების დანერგვა.

“ახალი მიდგომა გვჭირდება ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ აფხაზ და ოს მოსახლეობასთან დასაახლოებლად. ოკუპაციაზე მხოლოდ მუდმივად აპელირება არასაკმარისია, თუ, იმავდროულად, არ ვეძებთ გზებს აფხაზებთან და ოსებთან ფიზიკური და ზნეობრივი დისტანციის შემცირებისთვის და ერთობის აღდგენისთვის. თუ, იმავდროულად, ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში ქართველი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას ვერ ვახერხებთ. ოკუპაციას არ ვეგუებით და არ შევეგუებით! ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, მხოლოდ გაჩერება დამღუპველია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, ოკუპაციის დასაძლევად აუცილებელია რუსეთთან დიალოგი, “თუმცა ეს არ ნიშნავს რამის აღიარებას”.

“გაყინული კონფლიქტებისა და ოკუპაციის დასაძლევად გვჭირდება ახალი მიდგომა და თვითიზოლაციიდან გამოსვლა: შეიძლება არ გვჯეროდეს, რომ დიალოგი რამის მომტანია. გასაგებია, რომ არ ვენდობოდეთ ქვეყანას, რომელმაც მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. თუმცა არ შეიძლება, მთელი მსოფლიოსგან და ჩვენი უახლოესი პარტნიორებისგან განსხვავებით, ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დიპლომატიაზე უარს ამბობს”, – ამბობს ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იგი ოპოზიციას ეთანხმება იმაში, რომ რუსეთთან მხოლოდ დიპლომატია არ ამართლებს.

“ისიც უნდა ითქვას და ამაში ოპოზიციას გარკვეულწილად ვეთანხმები, რომ რუსეთთან მხოლოდ პარალელური დიპლომატია არ ამართლებს, რადგან მას აკლია ის ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რაც თან ახლავს ფორმალურ მოლაპარაკებებს. უნდა ვიცოდეთ, რომ დიალოგი არ ნიშნავს რამის აღიარებას, მოლაპარაკება არ ნიშნავს დათმობას, ხოლო დიპლომატიაზე უარის თქმა ნიშნავს ყველა ბერკეტის ხელიდან გაშვებას და გაყინვას. დიალოგს კი თავისი ფორმატი აქვს და ჩვენთვის აუცილებელია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ მიმართულებითაც”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


დღეს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბა. სხდომას არ ესწრებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მათი ნაწილი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბნენ და ხელმოწერით დააფიქსირეს, რომ უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე და aუქმებენ საარჩევნო სიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი