ახალი ამბებისაზოგადოება

FDA-ის მრჩეველთა პანელმა Pfizer-ის ვაქცინის დამტკიცების რეკომენდაცია გასცა

11 დეკემბერი, 2020 • 1585
FDA-ის მრჩეველთა პანელმა Pfizer-ის ვაქცინის დამტკიცების რეკომენდაცია გასცა

ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მრჩეველთა პანელმა, რომელიც არაერთი ავტორიტეტული მეცნიერისგან შედგება, ხმათა უმრავლესობით გასცა რეკომენდაცია Pfizer/BioNtech-ის ვაქცინის დამტკიცების შესახებ.

ეს ნიშნავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, დიდი ალბათობით, FDA საბოლოოდ დაამტკიცებს, რის შემდეგაც მისი მასობრივად გამოყენება გახდება შესაძლებელი. აშშ-ში მოელიან, რომ საბოლოო გადაწყვეტილება 12 დეკემბერს გახდება ცნობილი. ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს.

FDA-ის მრჩეველთა პანელმა გადაწყვეტილება კენჭისყრით მიიღო, რა დროსაც კომისიაში შემავალმა 17-მა მეცნიერმა ვაქცინის ავტორიზაციას მხარი დაუჭირა, ხოლო 3 წინააღმდეგ წავიდა და ერთმა თავი შეიკავა.

“როდესაც დღიურად 2000—3000 გარდაცვლილი გყავს, ჩემთვის ეს იყო ნათელი არჩევანი”, – განაცხადა გადაწყვეტილების მიმღები კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ოფერ ლევიმ.

ვაქცინის კიდევ ერთმა მხარდამჭერმა მეცნიერმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგმა ერიკ რუბინმა თქვა, რომ Pfizer/BioNtech-ის ვაქცინის მაღალი ეფექტიანობისა და უსაფრთხოების მყარი მტკიცებულებები არსებობს, რის გამოც ის ემხრობა მასობრივ გამოყენებას.

მრჩეველთა პანელის კიდევ ერთი წევრის, არჩანა ჩატერჯის განცხადებით, მან განსხვავებული აზრი დააფიქსირა, რადგან ჯერჯერობით არ მოიპოვება საკმარისი მონაცემები, რომელიც მიუთითებს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია 17 წლამდე მოზარდთა ასაცრელად.

“ისინი არ არიან მაღალი რისკის ჯგუფის წარმომადგენლები, ხოლო მონაცემები, რომლებიც ამ ჯგუფის შესახებ გვაქვს, ძალიან შეზღუდულია”, – განაცხადა მან.

ვირუსოლოგისა და მიჩიგანის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლის ოვეტა ფულერის განცხადებით, რომელმაც ასევე არ დაუჭირა მხარი ვაქცინის დაუყონებლივ გამოყენებას,  ისურვებდა, რომ ჰქონოდა დამატებით, სულ მცირე, ორი თვე, რათა შესაძლებელი ყოფილიყო დაკვირვებოდა ვაქცინის მოქმედებას.

პოლიტიკური შეფასებები

აშშ-ში კორონავირუსთან ბრძოლა და, შესაბამისად, მისი ვაქცინის შექმნა პოლიტიკის, უფრო კონკრეტულად კი, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი თემა გახლდათ.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ჯო ბაიდენი საკუთარი Twitter-ით ეხმიანება FDA-ს მიერ ვაქცინიზაციის რეკომენდაციას. იგი მომხდარს კაშკაშა სინათლეს უწოდებს.

“გუშინ აღინიშნა კიდევ ერთი ტრაგიკული, პრევენციული ეტაპი ვირუსთან ბრძოლის ჩვენს ისტორიაში, თუმცა ეს ახალი ამბავი არის კაშკაშა სინათლე. მე მადლიერი ვარ ყველა მეცნიერის, მკვლევრის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, რომელთაც ეს შესაძლებელი გახადეს”, – ნათქვამია ჯო ბაიდენის შეფასებაში.

ცნობილია, რომ ჯო ბაიდენი მხარს უჭერს მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციის პროგრამას. მან პირობა დადო, რომ ადმინისტრაციის გადაბარების პირველ 100 დღის განმავლობაში, ვაქცინას ხელმისაწვდომს გახდის ყველა ამერიკელისთვის.

Pfizer-ისა და BioNtech-ის ვაქცინა 

Pfizer-ისა და BioNtech-ის მიერ შექმნილი პროდუქტი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ყველაზე სწრაფად შექმნილი ვაქცინა გახლავთ, რომლის შესაქმნელად ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10 თვე დასჭირდათ.

ვირუსოლოგების თქმით, როგორც წესი, იმავე მოცულობის სამუშაოს ათი წელი სჭირდება ხოლმე.

ვაქცინის შექმნის პროცესში ჩატარებული კვლევების მიხედვით, იგი 95%-ით ეფექტიანია.

ვაქცინის შენახვა აუცილებელია  -70 გრადუს ცელსიუსზე და ტრანსპორტირებისთვის შენახული უნდა იყოს სპეციალურ ყუთებში, რომელშიც განთავსდება მშრალი ყინული.

გასულ კვირაში ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების რეგულირების სააგენტომ დასაშვებად სცნო ვაქცინის გამოყენება, ხოლო სამი დღის წინ, ვაქცინით ბრიტანეთში პირველი ადამიანი აიცრა.

ბრიტანეთში პირველი პაციენტი აიცრა კორონავირუსის ვაქცინით

შესწორება: ნიუსის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ FDA-მ Pfizer/BioNtech-ის ვაქცინა საბოლოოდ დაამტკიცა. ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ მასალა გასწორდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი