ახალი ამბები

საქართველო ბოლო 7 დღეში ვირუსის გავრცელებით მსოფლიოში კვლავ პირველია, დღიური გარდაცვალებებით – მე-14

10 დეკემბერი, 2020 • 840
საქართველო ბოლო 7 დღეში ვირუსის გავრცელებით მსოფლიოში კვლავ პირველია, დღიური გარდაცვალებებით – მე-14

ბოლო 7 დღის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე COVID-19-ის გავრცელებით საქართველო ისევ პირველ ადგილზეა. ამას მოწმობს დიაგრამა, რომელსაც ამერიკული გამოცემა New York Times აქვეყნებს.

გამოცემის თანახმად, ბოლო 1 კვირის მანძილზე ახალი კორონავირუსის შემთხვევათა გავრცელების საშუალო მაჩვენებელი 4 429.6-ს შეადგენს, რაც 100 000 მოსახლეზე 118.7 შემთხვევას გულისხმობს. საქართველოს მოსდევენ სერბეთი, ბელიზი და ლიეტუვა.

საქართველო უკვე მეორე კვირაა, ამ მონაცემით პირველ ადგილზეა მსოფლიოს ქვეყნებს შორის.

“მიუხედავად ტესტირების ორჯერ და მეტი გაფართოებისა, ზრდა ახალი შემთხვევებისა აღარ გვაქვს. ამანვე გვაჩვენა, სხვათა შორის, რომ მაშინ, როცა მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე გავრცელებით 100 000 მოსახლეზე, ჩვენმა სისტემამ გაუძლო. კი, ხარვეზებით,  ვიცით ყველამ, როგორი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ სისტემამ გაუძლო ამას. მეტს ვერ გაუძლებდა. მეტს რომ ვერ გაუძლებდა, პროგნოზი რახან იყო გაცილებით უარესი, ამიტომაც დაწესდა ეს შეზღუდვები”, – თქვა პაატა იმნაძემ ბრიფინგზე, მთავრობის ადმინისტრაციაში.

ამავე დიაგრამის მიხედვით, საქართველო მე-14 პოზიციაზეა (2 ქვეყანასთან ერთად) ბოლო 7 დღის მანძილზე 100 000 სულ მოსახლეზე ვირუსით გარდაცვალების შემთხვევათა დღიური რაოდენობით. ამავე პერიოდის განმავლობაში საშუალო მაჩვენებელი 38.9-ს შეადგენს, რაც 100 000 მოსახლეზე გარდაცვალების 1 შემთხვევას გულისხმობს. ამ კუთხით ყველაზე უარესი მდგომარეობა სლოვენიაში, ბულგარეთსა და უნგრეთშია. საქართველოს მსგავსი მაჩვენებლები აქვთ ბელგიას და ავსტრიას.

სტატისტიკა დაადასტურა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემაც, თუმცა თქვა, რომ სისტემამ ამ მოცემულობას გაუძლო.


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 43 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა 4 570 ახალი შემთხვევა.

მთავრობა ამბობს, რომ ამავე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 636 კვლევა ტესტით, მათ შორის, 11 718 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 918 – PCR ტესტით.

მასალების გადაბეჭდვის წესი