ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევა პროტესტის ფონზე

10 დეკემბერი, 2020 • 1266
უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევა პროტესტის ფონზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დღეს ორ კანდიდატს — ივერი აბაშიძეს და გოჩა აბუსერიძეს — გაესაუბრებიან. Covid-19-ის გავრცელების პრევენცის მიზნით მიღებული რეკომენდაციების გამო, მოსმენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში იმართება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის 50 კანდიდატს მოუსმენს, რომელთაგან პარლამენტისთვის წარსადგენად 9-ს შეარჩევს.

უზენაესი სასამართლოს შენობასთან კი შეკრებილი არიან ადვოკატები, ყოფილი მოსამართლეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც, მათი თქმით, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ფორმალურ პროცესს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს პირბადეებზე აწერიათ: “კლანი უნდა წავიდეს”.

“უნდა დამთავრდეს ასეთი უსამართლო სასამართლო და უნდა იყოს სისტემური ცვლილებები. ეს აღარ არის კლანი, ეს არის უკვე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც თავის სურვილზე აძლევს ადამიანებს სამართალს, რაც წარმოუდგენელია. ამ ქვეყნის წინსვლისთვის პირველ რიგში აუცილებელია სასამართლო სისტემის ცვლილებები”, – განუცხადა “ტვ პირველს” თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა.

მამუკა ახვლედიანი 2012-2016 თბილისის საქალაქო სასამართლოს ხელმძღვანელობდა. ის ე.წ. ტესტების სკანდალის შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავმჯდომარის პოსტიდან გაათავისუფლა. კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის შეფასებით, ახვლედიანის გათავისუფლება კანონდარღვევით მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი