„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ [EMC] ამბობს, რომ ე.წ. ლილოს თავშესაფარში 81 ბენეფიციარიდან 49-ს კორონავირუსი დაუდასტურდა, აქედან 12-14 შემთხვევა მიმდინარეა.
ორგანიაზიის ცნობით, ბენეფიციართა ნაწილი საავადმყოფოშ მკურნალობს, ნაწილი კი იზოლაციაში რჩება. თავშესაფრის დირექტორის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფიცირების მაღალი მაჩვენებლების ფონზე, თავშესაფარში გაძლიერდა დეზინფექციის, ტესტირების (უკანასკნელი ტესტირება 26 ნოემბერს განხორციელდა), საერთო სველი წერტილებითა და სასადილოთი სარგებლობის შეზღუდვის, ასევე, ამბულატორიულ მკურნალობაზე მისაწვდომობის ღონისძიებები.
თავშესაფარში ინფიცირების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი კიდევ უფრო შემაშფოთებელია სერვისის შინაარსისა და მისი დანიშნულების გათვალისწინებით. ლილოს თავშესაფარი ყველაზე დაუცველი, თავშესაფრის არმქონე ადამიანებისათვის არის განკუთვნილი, რომელთაც მათი ცხოვრების მძიმე გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ჰქონდეთ ჯანმრთელობის პრობლემები ან ქრონიკული დაავადებები, რაც მათ უკიდურესად მოწყვლადად აქცევს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში.
ამასთან, თავშესაფრის ინფრასტრუქტურული მოწყობა, მაცხოვრებლებს არ აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეთ ინდივიდუალური სივრცე (ოთახი) და ისარგებლონ პირადი სველი წერტილებითა თუ სასადილო სივრცით, რაც ზრდის ვირუსის გავრცელების რისკებს.
EMC ამბობს, რომ თუ მუნიციპალიტეტი შესაბამის ზომებს არ მიიღებს, საფრთხე შეექმნება არა მხოლოდ ბენფიციართა უსაფრთხოებას, არამედ შესაძლოა შეუძლებელიც კი გახდეს ქუჩაში მცხოვრები, მიუსაფარი ადამიანების გადაყვანა მუნიციპალიტეტის ერთადერთ თავშესაფარში, რაც ზამთრისა და პანდემიის პირობებში ამ ჯგუფის წარმომადგენელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დააყენებს.
ორგანიზაცია მოუწოდებს თბილისის მუნიციპალიტეტს და თავშესაფრის ადმინისტრაციას:
- მიიღონ მათ ხელთ არსებული ყველა ზომა თავშესაფარში ინფიცირების შემთხვევების პრევენციის მიზნით, მათ შორის, მკაცრი ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის, ინტენსიური ტესტირების, ინფიცირებულებისა და მათი კონტაქტების სრული იზოლაციის,მეშვეობით;
- გადადგან შესაბამისი ნაბიჯები ინფიცირებული პირებისათვის ჯანდაცვის სერვისებზე დროული წვდომის უზრუნველყოფისთვის;
- მიიღონ ყველა ზომა, რათა არ შეფერხდეს ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი პირებისათვის თავშესაფრით ან სხვა ალტერნატიული სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პანდემიისა და ზამთრის გათვალისწინებით.
საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 174 383 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 145 287 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1614 გარდაიცვალა.