ნეტგაზეთი | რას შეცვლის ახალი სტანდარტი შშმ პირთა ყოველდღიურობაში რას შეცვლის ახალი სტანდარტი შშმ პირთა ყოველდღიურობაში – Netgazeti
RU | GE  

რას შეცვლის ახალი სტანდარტი შშმ პირთა ყოველდღიურობაში

პირველი მარტიდან ვერც ერთი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა, ვეღარ აშენდება შშმ პირების საჭიროებების გათვალისწინების გარეშე. ყოველ შემთხვევაში, ასეთ დათქმას შეიცავს “მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები”, რომელიც მთავრობამ 4 დეკემბერს დაამტკიცა.

მსგავსი მასშტაბის სტანდარტები სახელმწიფოს ამ დრომდე არ გააჩნდა, რაც ინფრასტრუქტურაზეც ნათლად აისახა. შესაბამისად, დოკუმენტის დამტკიცებას მიესალმებიან აქტივისტები, მესამე სექტორი და სახალხო დამცველი. თუმცა გამოწვევა ახლა რეგლამენტში გაწერილი დათქმების რეალობაში გადატანაა.

რა იცვლება დოკუმენტით?

“მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი” წარმოადგენს ტექნიკურ რეგლამენტს, რომელიც ამერიკულ საერთაშორისო სტანდარტს((ICC A117.1-2017) ეფუძნება.

პროექტი მოამზადა ფონდმა “ღია საზოგადოება საქართველო”. მუშაობის პროცესსა და დისკუსიებში 1 წლის განმავლობაში იყვნენ ჩართულნი პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი, მერიის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, შშმ პირები და ორგანიზაციები, ასევე, ექსპერტები და გაეროს განვითარების ფონდის თანამშრომლები.

დოკუმენტს დღის წესრიგში შემოაქვს სტანდარტების პაკეტი, რომელიც მშენებლობაზე ნებართვის მსურველმა ამა თუ იმ სამშენებლო პროექტის განხორციელებისას უნდა გაითვალისწინოს. როგორც პროცესში ჩართული ადამიანები ამბობენ, მსგავსი მასშტაბის რეგლამენტი აქამდე არ არსებობდა და მანამდე მოქმედი მსგავსი კანონმდებლობის შემთხვევაში პრობლემები იყო როგორც დარღვევების ზედამხედველობის, ისე გამოსაყენებელი სანქციების მდგრადობის კუთხით.

ახალი რეგლამენტი მოიცავს საჯარო სარგებლობის შენობა-ნაგებობების, სარეკრეაციო სივრცეების, ქუჩებისა და დამხმარე საშუალებების უნივერსალური მოხმარების კონცეფციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი პროექტის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა კატეგორიის შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებები.

ეს კატეგორიები აერთიანებს მოქალაქეებს, რომელთაც ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის გამო არ შეუძლიათ გადაადგილება, სიარულისას დამოკიდებულნი არიან დამხმარე საშუალებებზე, არიან უსინათლონი და მცირემხედველნი, ყრუ და სმენადაქვეითებულნი, არ შეუძლიათ კოორდინაცია, არ შეუძლიათ რამესთან მიღწევა და მანიპულაცია/ხელის მტევნისა და თითების მოძრაობა, ნაკლებ ამტანები არიან, უჭირთ გრძნობიერი ინფორმაციის გადმოცემა და მასზე რეაგირება და ახასიათებთ ფიზიკური ზომის უკიდურესობები.

“ღია საზოგადოება საქართველო” აღნიშნავს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რეგლამენტი ყველა კატეგორიის შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებებს ითვალისწინებს.

“ეს არ ეხება მხოლოდ პანდუსებს. ეს ეხება აბსოლუტურად ყველაფერს, რასთანაც, შეიძლება, აქტიური შეხება ჰქონდეს შშმ პირს და მას მისაწვდომობაში დაეხმაროს”, – ეუბნება ფონდის წარმომადგენელი ნინო კიკნაძე “ნეტგაზეთს”.

ის, რაც ახალ რეგლამენტს უნდა დაექვემდებაროს, დოკუმენტის 10 თავშია განაწილებული. მაგალითად, დაწვრილებითაა გაწერილია სტანდარტები დეტალებზე, როგორებიცაა საზოგადოებრივი სარგებლობის კიბის საფეხურის კონსტრუქცია და მისი სახელურის სიმაღლე, იატაკების მდგრადობა, გზა-კარების, კარებისა და ჭიშკრების პარამეტრები, სავაჭრო დახლების ამაღლების ხარისხი თუ ავტობუსის გაჩერებების მოწყობა.

დოკუმენტის ერთ-ერთი მუხლის თანახმად, სტანდარტები გავრცელდება უკვე აშენებულ ან მშენებარე ობიექტებზეც. ამ ეტაპზე ბუნდოვანია, რა ვადას აძლევს სახელმწიფო ამ ობიექტების მფლობელებს, ვინაიდან, როგორც მუხლში ვკითხულობთ, აღნიშნული ვადა “მისაწვდომობის ეროვნულ გეგმაში” უნდა იყოს გაწერილი, რომელიც 2021 წლის ივნისში უნდა დამტკიცდეს.

მისაწვდომობა – “კვლავ აქტუალური პრობლემა” შშმ პირებისთვის

შშმ პირების უფლებათა აქტივისტი კობა ნადირაძე პროექტის შემუშავების პროცესში თავადაც მონაწილეობდა. მისი თქმით, მისაწვდომობის ნაწილში “სერიოზული პრობლემებია ყველა მიმართულებით”, მათ შორის, ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის კუთხითა და სტანდარტების არარსებობიდან გამომდინარე.

სახელწოდება “მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები” არასწორად მიაჩნია, ვინაიდან აღნიშნავს, რომ დოკუმენტი მხოლოდ სივრცით, ფიზიკური გარემოს მოწყობას ეხება, მისაწვდომობა კი, თავისი არსით, გაცილებით ფართო ცნებაა.

“ის[მისაწვდომობა] [ფიზიკური გარემოს გარდა] მოიცავს ასევე საკომუნიკაციო საშუალებებს, სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც თავის მხრივ იყოფა საზღვაო, სახმელეთო, საზოგადოებრივ, საჰაერო ტრანსპორტად…

ეს ყველაფერი მისაწვდომობის ნაწილია. კომუნიკაციებში იგულისხმება როგორც მედიასაშუალებები, ისე სახელმწიფო სერვისებში გამოყენებული ინფორმაციის გაცვლის საშუალებები და ტექნოლოგიები, რომელთაც, მაგალითად, სმენის არმქონე ადამიანები იყენებენ”.

კობა ნადირაძე ფოტო: "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის"

კობა ნადირაძე ფოტო: “ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის”

თუმცა აქტივისტი ხაზს უსვამს მიღებული დოკუმენტის მნიშვნელოვნებასაც:

“თუ მიღებულ იქნა ეს ნორმა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ფიზიკური გარემოს მოწყობის სტანდარტი, რაც ძალიან დიდ ადგილს იკავებს[მისაწვდომობის ნაწილში].

ეს შეეხება, მაგალითად, ემერჯენსი სისტემებსაც, ხანძრის შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს ევაკუაცია სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირებისა, სართულებს შორის გადაადგილების ნორმები, შესასვლელები და ყველაფერი ის, რაც შეეხება სივრცის მოწყობას ფიზიკური გარემოს ჭრილში. ასეთ ფართო მოცვას ეს დოკუმენტი არ აკეთებს”.

რთული სათქმელია, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების რა ნაწილია ბოლომდე მისაწვდომი შშმ პირებისთვის. კობა ნადირაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ აღნიშნული სტატისტიკის წარმოებას სახელმწიფოს ავალდებულებს შშმ პირთა უფლებების კონვენცია, თუმცა ამ დროისთვის მონაცემთა შეგროვება არ ხდება.

მიუხედავად ამისა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ შშმ პირები კომფორტულად ვერ სარგებლობენ იმ ობიექტებითაც კი, რომლებიც თეორიულად მისაწვდომია. სახალხო დამცველის თქმით, ეს საკითხი კვლავ აქტუალურ და მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, უწყების არაერთი რეაგირების მიუხედავად.

ერთ-ერთი ბოლო ზოგადი წინადადება ომბუდსმენმა 19 ნოემბერს გასცა “ლიბერთი ბანკის” მისამართით, რომლის ერთ-ერთ ფილიალსაც, განმცხადებლის თქმით, პანდუსი კი აქვს, თუმცა, მოაჯირის გარეშე, რაც მისით სარგებლობას მეტად ართულებს. ეს მაშინ, როცა შშმ პირები მათთვის განკუთვნილ სოციალურ პაკეტს სწორედ “ლიბერთი ბანკის” მეშვეობით იღებენ.

ეკა სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე. ფოტო: ომბუდსმენის ვებსაიტი

“ლიბერთი ბანკის მიმართ გამოცემული ზოგადი წინადადება არ არის პირველი. სახალხო დამცველმა 2018 წელს გამოსცა ასევე რეკომენდაცია სანოტარო ბიუროების მისაწვდომობასთან დაკავშირებით. ესეც პრობლემური საკითხია. ძალიან ბევრი დაწესებულება მსგავსი ხარვეზებითა და პრობლემებით ფუნქციონირებს”, – აღნიშნავს ეკა სხილაძე, სახალხო დამცველის მოადგილე.

თეორიულად არსებული, თუმცა უსარგებლო პანდუსები ხშირად ყველაზე ნათელი გამოხატულებაა იმისა, რომ მისაწვდომობის ნაწილი ობიექტების დაპროექტებისას, არაერთ შემთვევაში, ფორმალურ კომპონენტად განიხილება. “ღია საზოგადოების” წარმომადგენელი ნინო კიკნაძე ამ მომცემულობას სწორედ სტანდარტების არქონას უკავშირებს, ზედამხედველობის მექანიზმისა და კონკრეტული სანქციების არარსებობასთან ერთად.

უსარგებლო პანდუსი ხულოში, სოფელ ვაშლოვნის მრავალფუნქციურ შენობასთან. ფოტო: ეკა ბარამიძე/ ბათუმელები

სახალხო დამცველის მოადგილე საუბრობს კიდევ ერთ პრობლემურ ტენდენციაზე: როცა დამპროექტებელი  შშმ პირთა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საჭიროებაზე ორიენტირდება და ფიქრობს, რომ მისაწვდომობის პრობლემა ამით მთლიანად გადაჭრილია.

“…ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ადაპტირება იყოს არა მხოლოდ კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული, არამედ უნივერსალური დიზაინისა და სტანდარტის პრინციპებს პასუხოსბდეს; ანუ, ყველა ადამიანისთვის იყოს თანაბრად მისაწვდომი მისით სარგებლობა.

სამწუხაროდ, ტენდენციად რჩება ის, რომ შენობებში კეთდება პანდუსი და ისინი ფიქრობენ, რომ შენობის მისაწვდომობა შშმ პირებისთვის არის უზრუნველყოფილი, მათ შორის, საკმაოდ ხშირად ვაწყდებით შემთხვევებს, როდესაც არსებული პანდუსიც კი ვერ პასუხობს რეალურ საჭიროებას და რეალურად, საფრთხის შემცველიც შეიძლება იყოს მისი გამოყენება”, – ამბობს ეკა სხილაძე.

მისივე თქმით, ვითარების შეცვლის წინაპირობაა ზემოხსენებული სტანდარტი, რომელიც თავისი შინაარსით “ცალსახად მოცულობითი და მრავალფეროვანია”.

“მხოლოდ რეგლამენტის მიღებით ვერ შემოიფარგლება ამ სფეროში მუშაობა”

როგორც პროცესში ჩართული მხარეები აღნიშნავენ, დოკუმენტის ამოქმედების შემდეგ, გამოწვევად რჩება მისი პრაქტიკაში განხორციელება. კობა ნადირაძე იხსენებს სივრცითი მოწყობის ტექნიკურ რეგლამენტს, რომელიც 2014 წელს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა.

რეგლამენტის მიზანი დაახლოებით,ამჟამინდელის მსგავსი იყო და მოიცავდა შშმ პირებისთვის “ხელმისაწვდომი ფიზიკური გარემოს სტანდარტების გათვალისწინებას პროექტირებისა და მშენებლობის პროცესში”.

“ამ მოთხოვნათა დაცვა და შესრულება სავალდებულოა ნებისმიერი ორგანიზაციისათვის, რომელიც ამუშავებს დასახლებულ ადგილთა გეგმარებისა და განაშენიანების პროექტებს ან ახდენს მათ რეალიზაციას, გარდა ამისა სისრულეში მოჰყავს საპროექტო დოკუმენტაცია”, – ვკითხულობთ 2014 წლის დოკუმენტში.

თუმცა, როგორც ნადირაძე აღნიშნავს, აღსრულების შესაბამისი მექანიზმების არარსებობის გამო 6 წლის წინ დამტკიცებული რეგლამენტი, პრაქტიკულად, არ მუშაობს.

“ახლა, ამ დადგენილების მიხედვით, [უკვე]უნდა გვქონდეს უნივერსალური გარემო, ეს სტანდარტი რომ მუშაობდეს. 2019 წლის იანვრიდან ასეთი[ხარვეზიანი] პროექტები აღარ უნდა დამტკიცებულიყო. თუმცა ეს არ მოქმედებს, ვინაიდან არავინ არის ზედამხედველი”, – აღნიშნავს აქტივისტი.

ამჟამინდელი რეგლამენტის აღსრულების კუთხით, რათა მან ზემოხსენებული, 6 წლის წინანდელი დოკუმენტის ბედი არ გაიზიაროს, ნადირაძეს რამდენიმე კითხვა აქვს:

“რეპრესიულ მეთოდს ვიყენებთ თუ წამახალისებელ მეთოდს? ფიზიკური პირების შემთხვევაში, უკვე არსებული შენობების ადაპტირების ნაწილში დისკუსიის საგანი იყო, შეეხება თუ არა ეს სტანდარტი, მაგალითად, გესთჰაუსებს, რომლებიც შეიძლება კონკრეტული შენობის მეორე სართულზე იყოს გახსნილი.

ეს ჯგუფები შეიძლება არ იყვნენ მზად იმისთვის, რომ ინვესტიცია გააკეთონ და მისაწვდომობის სტანდარტებს მოარგონ ეს ფიზიკური გარემო. ან თუ იქნება, რამდენ წელიწადში? სანქციებს დაექვემდებარება თუ სახელმწიფოსგან იქნება წახალისებული, ვთქვათ, საგადასახადო და ეკონომიკური მექანიზმების გამოყენებით?”

“ღია საზოგადოების” ფონდში მიაჩნიათ, რომ პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს 160-გვერდიანი დოკუმენტის გამარტივებული ვერსიის შედგენა, რომელსაც შემდეგ შესაბამის უწყებებს დაურიგებს. ნინო კიკნაძე საუბრობს მშენებლობაზე ნებართვების გაცემასა და პროცესის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ორგანოების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზეც. ფონდი პროცესში მონაწილეობის მისაღებად მზადაა.

ასეთივე პოზიცია აქვს სახალხო დამცველის აპარატსაც.

“…დოკუმენტის პრაქტიკაში დანერგვა არის მნიშვნელოვანი გამოწვევა ხოლმე. მხოლოდ რეგლამენტის მიღებით ვერ შემოიფარგლება ამ სფეროში მუშაობა. რადგან საჭიროებები არის მრავალფეროვანი, სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ გაგრძელდეს უწყვეტი მუშაობა, მათ შორის, ინფორმაციის მიწოდება პასუხისმგებელი პირებისთვის დროულად”, – აცხადებს ომბუდსმენის მოადგილე.

რას აპირებს სახელმწიფო?

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ამბობენ, რომ მისაწვდომობის სტანდარტების გათვალისწინების გარეშე შესაბამისი ორგანოები არ გასცემენ მშენებლობის ნებართვას.

“მშენებლობის პროცესში ,,მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტებიხ“ მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა ჩაითვლება სანებართვო პირობების დარღვევად და, შესაბამისად, გატარდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სანქციები”, – აღნიშნულია უწყებიდან “ნეტგაზეთისთვის” გამოგზავნილ წერილობით კომენტარში.

სამინისტროს ასევე ვკითხეთ, კონკრეტულად რას მოიაზრებს ეს სანქციები და რომელი უწყებები იქნებიან პასუხისმგებელნი მათ აღსრულებაზე.

საპასუხო წერილში აღნიშნულია, რომ სანქციები განსხვავდება კლასების მიხედვით იმ შენობებისა, რომელთა მიმართაც  რეგლამენტით გათვალისწინებული სტანდარტები ირღვევა.

იხილეთ შენობა-ნაგებობების კლასები და მათი განსაზღვრული მახასიათებლები

ა) I კლასი – შენობა-ნაგებობები, რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს;
ბ) II კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის დაბალი ფაქტორით;
გ) III კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის საშუალო ფაქტორით;
დ) IV კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მაღალი ფაქტორით;
ე) V კლასი – შენობა-ნაგებობები რისკის მომეტებული ფაქტორით (განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობები).

სამინისტროს ცნობით, თუ რეგლამენტი დაირღვა I-IV კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობის მიმართ, გატარდება “სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” 132 პრიმა მუხლით  გათვალისწინებული  სანქციები. ჯარიმა, შესაბამისი კლასის მიხედვით, 3-დან 20 000 ლარამდე მერყეობს. პროცესს მუნიციპალიტეტების შესაბამისი ზედამხედველობის სამსახურები გააკონტროლებენ.

თუ რეგლამენტი დაირღვა V კლასის ობიექტების მშენებლობისას, ამოქმედდება “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 45 პრიმა მუხლით გათვალისწინებული სანქციები. ამ შემთხვევაში ჯარიმა 30 000 ლარია. სამინისტროს თანახმად, ამ ნაწილს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო გააკონტროლებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან