ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალში დროშის დაწვის გამო დაკავებულს, დიდი ალბათობით, ბრალი ხელოვნურად დაუმძიმეს — ომბუდსმენი

5 ოქტომბერი, 2020 • 1182
გალში დროშის დაწვის გამო დაკავებულს, დიდი ალბათობით, ბრალი ხელოვნურად დაუმძიმეს — ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვის გამო გალში მცხოვრებ ირაკლი ბებუას დაკავებას ეხმაურება. გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ბებუამ დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა დაწვა, თუმცა, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცავი ორგანოები მას ასევე სხვისი ქონების განზრახ განადგურებას და საბრძოლო მასალის უკანონოდ ფლობას ედავება.

როგორც უმბუდსმენი აცხადებს, ირაკლი ბებუას მიერ, სავარაუდოდ, განხორციელებული ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, მაღალია ალბათობა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ მის მიმართ ბრალი ხელოვნურად დაამძიმა.

“საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ადამიანის ძირითადი უფლებების მოქმედება, მათ შორის პირის უფლება, დაცული იყოს თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამებისა და არასათანადო მოპყრობისგან, უსამართლო სასამართლოსგან – ვრცელდება მთავრობების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზეც.

საერთაშორისო სამართლით, არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, ერთი მხრივ, ოკუპანტ სახელმწიფოს, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელს, ასევე, დე ფაქტო ხელისუფლებებს”, — ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

მისივე თქმით, დაკავების შესახებ გავრცელების მომენტიდან სახალხო დამცველი ჩართულია საქმის შესწავლის პროცესში და მას დახმარების თხოვნით დაკავებულის ოჯახის წევრებმაც მიმართეს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.

გალში დაკავებულ ირაკლი ბებუაზე ინფორმაცია 30 სექტემბერს გავრცელდა. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება და გააქტიურდა ცხელი ხაზი.

ასევე, სუს-ის ცნობით, “უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით”.

ერთწუთიანი ვიდეომასალა, სადაც მოქალაქე საკუთარ ქმედებას, სავარაუდოდ, გამომძიებელთან განმარტავს, ფეისბუკის აფხაზმა მომხმარებლებმა ატვირთეს. კომენტარები, რომლებიც თან ახლავს ვიდეოჩვენებას, მუქარას და ქართველების მიმართ აგრესიას შეიცავს.

თავად ირაკლი ბებუამ დაკითხვისას განმარტა, რომ საწინააღმდეგო არაფერი აქვს არც დროშასთან და არც ხალხთან და ეს აქტი მხოლოდ იმისთვის განახორციელა, რომ სურვილი აქვს, აფხაზებმა და ქართველებმა, როგორც უწინ, ისევ ერთად, მეგობრულად იცხოვროვრონ.

სოხუმის ცნობით, ირაკლი ბებუას სახლში ხელყუმბარა აღმოაჩნდა.

“სხვისი ქონების განზრახ დაზიანების, აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის ფაქტზე, ასევე, 1993 წელს დაბადებული ირაკლი ბებუას საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ხელყუმბარის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა”, – ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო შს უწყების განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, ბებუა გალის რაიონის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი და ამ ეტაპზე 30- დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დე ფაქტო შს განცხადების თანახმად, გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი