ახალი ამბები

სექსუალური დამნაშავეების არაადეკვატურად მსუბუქად დასჯა და სხვა ხარვეზები | ომბუდსმენის კვლევა

9 დეკემბერი, 2020 • 1345
სექსუალური დამნაშავეების არაადეკვატურად მსუბუქად დასჯა და სხვა ხარვეზები | ომბუდსმენის კვლევა

თითქმის სამწლიანი დაკვირვებისა და კვლევის შედეგად, სახალხო დამცველის ოფისმა დაასკვნა, რომ სექსუალური დანაშაულებების კუთხით ქართულ მართლმსაჯულებაში არის მნიშვნელოვანი პრობლემები. მაგალითად, არასათანადო კვალიფიკაცია ეძლევა და არაადეკვატური სასჯელით ისჯება გაუპატიურების ზოგი შემთხვევა. ასევე, სექსუალური ძალადობის საქმეებში გამოძიების მხრიდან სტერეოტიპული მიდგომების გამო, ხშირად ზიანდება მსხვერპლის ინტერესები და ა.შ. პრობლემების ჩამონათვალი ამ მიმართულებით ვრცელია.

ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ჩაატარა კვლევა.

კველვა მოიცავს 2017 წლის პირველი ივნისიდან 2019 წლის პირველ მაისამდე ჩადენილ სექსუალური ძალადობის დანაშაულებსა და ამ დანაშაულების მიმართაც განხორციელდა მართლმსაჯულება. ამასთან, კვლევაში შესულია მხოლოდ ის საქმეები, რომლებიც 18 წელს გადაცილებულ ადამიანებს უკავშირდება და რომელთა სამართალწარმოებაც პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულებულია.

ამასთან, კვლევა ჩატარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, სექსუალური ძალადობის დანაშაულების სამი- გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების მიმართულებით.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონმდებლობა და პრაქტიკა გაუპატიურებისა და სხვა სექსუალური ძალადობის დანაშაულებათა მიმართ სტამბოლის კონვენციითა და ადამიანის უფლებათა სტანდარტებით გათვალისწინებულ ძირეულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, თუმცა გაკრვეული დარღვევები მაინც შეინიშნება.

დარღვევები სექსუალური დანაშაულების მართლმსაჯულების მიმართულებით

კვლევაში აღნიშნულია, რომ სექსუალური ძალადობის დანაშაულების საკანონმდებლო დეფინიციის, ამგვარი დანაშაულების გამოძიების, სისხლისამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის ეტაპებზე მნიშვნელოვანი პრობლემები გამოვლინდა. კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ეს დარღვევები არ აკმაყოფილებს სტამბოლის კონვენციითა და ადამიანის უფლებათა სხვა ინსტრუმენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ:

  • საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გაუპატიურებისა და სხვა სახის სექსუალური ძალადობის დანაშაულები არ ითვალისწინებს მსხვერპლის თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანხმობის არარსებობას, როგორც დანაშაულების დეფინიციის შემადგენელ ნაწილს, რაც უნდა შეფასდეს კონტექსტის მხედველობაში მიღებით, მათ შორის იმის საფუძველზე, არსებობდა თუ არა ნების დამთრგუნველი გარემოებები. ამასთან, რიგი დანაშაულები, რომლებიც თავისი ბუნებით გაუპატიურებას წარმოადგენს, მოცულია 139-ე მუხლით (პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება), რომელიც არ წამოადგენს მძიმე დანაშაულს, ითვალისწინებს არაპროპორციულად მსუბუქ სანქციებს და კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.

  • მიუხედავად სექსუალური ძალადობის დანაშაულების გენდერული ბუნებისა, მართლმსაჯულების განხორციელება არ ხდება გენდერული ხედვითა და ქალთა მიმართ ძალადობის სისტემური და სტრუქტურული ბუნების გათვალისწინებით. ამასთან, კვლევის ფარგლებში შესწავლილ არცერთ საქმეში, სადაც სექსუალურ ძალადობაზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, არ მომხდარა დამნაშავის ქმედებაში გენდერული ან სქესის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივის გამოკვლევა ან ქალთა მიმართ ძალადობის სტრუქტურული ბუნების განხილვა და მოსამართლის ან პროკურორის მხრიდან მასზე მითითება.

  • მიუხედავად იმისა, რომ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე კანონმდებლობა ex officio რეაგირების ვალდებულებას და სახელმწიფოს პროაქტიულ როლს ითვალისწინებს, კვლევამ ცხადყო, რომ ხშირ შემთხვევაში დამნაშავის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებული ტვირთი თვით ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეკისრებათ. როდესაც გამოძიების მიერ საქმეში გაუპატიურების შემადგენლობა არ იკვეთება, რიგ შემთხვევებში პრობლემაა სხვა მუხლის ფარგლებში დანაშაულის გამოძიების გაგრძელება და მსხვერპლის გადამისამართება ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის არასისხლისსამართლებივ მექანიზმებზე. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ იმის სრული შეფასება, თუ რამდენად ეკისრება მსხვერპლს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ტვირთი, შესაძლოა მხოლოდ ისეთი საქმეების შესწავლით, რომლებიც გამოძიების პროცესშია და შედეგი არ დამდგარა – რისი შეფასებაც აღნიშნული კვლევის ფარგლებს გარეთ არის.

  • სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების ორგანოებს სექსუალური ძალადობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ზედმეტად მკაცრ მოთხოვნებს იყენებენ. ასეთი მიდგომა ხშირად სექსუალური ძალადობის მხოლოდ უკიდურესი ფორმების დროს და გამონაკლის შემთხვევებში იწვევს მოძალადის დასჯას. ძალადობის სხვადასხვა სერიოზული ფორმა, მტკიცებულებათა შეუსაბამო სტანდარტის გამო, დაუსჯელი რჩება.

  • სექსუალური ძალადობის საქმეების უმეტესობაში ამგვარი დანაშაულების მიმართ გამოიყენება სხვადასხვა სტერეოტიპული მიდგომა ან მსხვერპლისთვის დამაზიანებელი გენდერული ცრურწმენები, როგორც გამოძიების, ისე სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო განხილვის დროს. არ ხდება შესაბამისი ზომების მიღება მსხვერპლის მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაცვის კუთხით. ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მსხვერპლის სხეულზე, სექსუალური ძალადობის გამოძიების „სავალდებულო’’ ნაბიჯად აღიქმება და მსხვერპლისთვის ხშირად უკიდურესად ტრავმული პროცედურაა.

  • ხშირად სექსუალური ძალადობის მსხვერპლები ექსპერტიზაზე უარს ამბობენ ექსპერტთა სქესის გამო. დაზარალებულებს არ აქვთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ ექსპერტის სქესი და, მათი თქმით, რიგ შემთხვევაში საპირისპირო სქესის წარმომადგენლის მხრიდან ექსპერტიზის ჩატარება დამატებითი სტრესის მომტანია.

  • სასამართლო პროცესებზე მსხვერპლები ბრალდებულებს, ყველა შემთხვევაში, პირისპირ ხვდებოდნენ და კითხვებს მათ ხშირად თავად ბრალდებულებიც უსვამდნენ. ეს კი დაზარალებულთა დაბნეულობას, გაღიზიანებასა და დისკომფორტს იწვევდა.

  • შესწავლილ საქმეებში სტამბოლის კონვენციითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებებზე (მათ შორის, სსკ-ის 531 -ე მუხლით განსაზღვრულ ქმედებებზე) მითითება არასოდეს მომხდარა, მათ შორის, მაშინაც, როცა საქმის მასალები ასეთი გარემოებების გამოვლენის შესაძლებლობას იძლეოდა. როდესაც დამამძიმებელ გარემოებებზე მითითება არ ხდება, შეფარდებული სასჯელი შესაძლოა არ იყოს დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი.

  • ზოგიერთ საქმეში პრობლემად გამოიკვეთა ასევე სასამართლოს მიერ სხვადასხვა შემამსუბუქებელ გარემოებაზე მითითება, რაც სექსუალური ძალადობისა და გენდერული სახის დანაშაულებთან დაკავშირებით დისკრიმინაციულ მიდგომებზე მიანიშნებს.

  • მოწყვლად ჯგუფებს მიკუთვნებული ქალები განსაკუთრებულ ბარიერებს აწყდებიან სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კუთხით. ბარიერებს, ხშირ შემთხვევაში, იწვევს არასათანადო ან დისკრიმინაციული საკანონმდებლო რეგულირება, მოწყვლადი ქალების მიმართ სტიგმა, მიგრაციის სტატუსი, გონივრული მისადაგების არარსებობა, ენობრივი ბარიერები და შესაბამისი ორგანოების არასათანადო მომზადება მოწყვლადი ქალების მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაზე რეაგირების თვალსაზრისით. საკითხი დამატებით საჭიროებს სიღრმისეულ გამოკვლევას.

რა შეიცვალა უკეთესობისკენ

კვლევაში განხილულია სექსუალური ძალადობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის და პრაქტიკის დადებითი და უარყოფითი მხარეები. კვლევის ავტორები დადებითად აფასებენ კანონმდებლობის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, ის ითვალისწინებს საჯარო დევნის ვალდებულებას, ნაცვლად კერძო ან კერძო-საჯარო დევნისა. ასევე დადებითად არის შეფასებული ის ფაქტიც, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე გამოძიების/დევნის შეწყვეტის საფუძვლებს შორის დაზარალებულის და დამნაშავის “შერიგებას”, დამნაშავის „საზოგადოებრივი საშიშროების’’ დაკარგვის ან დამნაშავისა და მსხვერპლის ქორწინების საფუძველზე გამოძიების/დევნის შეწყვეტის შესაძლებლობას.

დადებითად არის შეფასებული ის ფაქტიც, რომ კანონმდებლობის თანახმად, როგორც ქორწინებაში, ასევე ქორწინების გარეთ ჩადენილ სექსუალურ დანაშაული დასჯადია. ასევე, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დისკრიმინაციულ გამონაკლისებს სხვადასხვა ჯგუფს მიკუთვნებულ პირებთან მიმართებაში და კანონი განსაზღვრავს სქესისა და გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი დანაშაულის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

რაც შეეხება კანონმდებლობის პრაქტიკაში განხორციელებას, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ მიმართულებით გამოიკვეთა დადებითი ფაქტორები. კერძოდ, სასამართლომდე მიღწეული საქმეების შემთხვევაში გამოძიება მყისიერად, დაყოვნების გარეშე ჩატარდა და კონკრეტულ პირებს დროულად მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი. ამასთან, გამოძიების პროცესში არ გამოიყენება მსხვერპლისა და მოძალადის “დაპირისპირების” პროცედურა, რომელიც მსხვერპლის მიმართ დისკრიმინაციული და ტრავმული იქნებოდა. ასევე, კვლევის ავტორები დადებითად აფასებენ იმ პრაქტიკასაც, რომ სექსუალური ძალადობის ვერ დადასტურების შემთხვევაში საქმე ცრუ დასმენის მუხლით არ იღძვრება.

“იმ საქმეებზე, რომლებმაც სასამართლო ეტაპს მიაღწია და რომლებზეც განაჩენი დადგა, გამოძიება დაიწყო მყისიერად, დაყოვნების გარეშე ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები და დროულად მოხდა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება „არადამაკმაყოფილებელი’’ მორალური მხარის შესახებ, ან დაცვის მხარის ადვოკატის უკმაყოფილება გენდერული თანასწორობის პრინციპების არსებობასთან მიმართებით.

აღნიშნული დანაშაულებისთვის შეფარდებული სასჯელები, ძირითადად, მხედველობაში იღებდა დანაშაულის სიმძიმეს. სტამბოლის კონვენცია მოითხოვს, ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებდეს ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის სექსუალური ძალადობის, დასჯას ეფექტიანი, პროპორციული და პრევენციული ეფექტის მქონე სანქციებით, აღნიშნული დანაშაულების სიმძიმის მხედველობაში მიღებით”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

რა უნდა შეიცვალოს

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ამჟამინდელი კანონმდებლობა არ შეესაბამება სტამბოლის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, რომლის თანახმადაც გაუპატიურების და სექსუალური ძალადობის სხვა დანაშაულების დეფინიცია დაფუძნებული უნდა იყოს მსხვერპლის თანხმობის არარსებობაზე, ხოლო ძალადობა უნდა განიხილებოდეს, როგორც დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება.

ასევე, დოკუმენტში განმარტებულია, რომ საქართველოს კანონმდებლობით ძალადობა არის დეფინიციის შემადგენელი ნაწილი და არა დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება. გარდა ამისა, ძალადობის მუქარა საქართველოს კანონმდებლობაში შეზღუდულად განიმარტება და მოიცავს მხოლოდ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მყისიერ მუქარას, რომელმაც დაზარალებულს მუქარის შესრულების საფუძვლლიანი შიში გაუჩინა. თუმცა ამ ნაწილში არ არის გათვალისწინებული მუქარის სხვა ფორმები, რა გზითაც ჩადენილი დანაშაული გაუპატირების მიღმა ექცევა.

ამასთან, კვლევაში განმარტებულია, რომ კანონმდებლობით შეზღუდულია დაზარალებულის უმწეობის გამოყენების შესაზლებლობაც:

“ის არ აღიქმება მსხვერპლის ნების დამთრგუნველ გარემოებად, როგორც ამას საერთაშორისო სტანდარტები მოითხოვს, უმწეო მდგომარეობა განიმარტება მსხვერპლის ისეთ მდგომარეობად, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო (ასაკი, შეზღუდული შესაძლებლობა, ალკოჰოლის ან ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა და სხვა) ხელს უშლის მსხვერპლს, გააცნობიეროს იმ ქმედებების მნიშვნელობა, რომლებსაც ის ექვემდებარება და მოკლებულია შესაძლებლობას, წინააღმდეგობა გაუწიოს მოძალადეს.

კანონმდებლობა, ასევე, მხედველობაში არ იღებს მიზეზებს, რომელთა გამოც, შესაძლოა, დაზარალებულმა ვერ შეძლო წინააღმდეგობის გაწევა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს, მაგალითად, მსხვერპლის შიშით, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში უფრო მეტი ზიანი მიადგება, ან, თუ მსხვერპლი პარალიზებული ან იზოლირებული იყო”.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ სტამბოლის კონვენციის გათვალისწინებით საქართველოს კანონმდებლობაში 2017 წელს შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება სექსუალური ძალადობის დანაშაულების დეფინიცია. ასევე, სექსუალური ძალადობის გარკვეული ფორმები, რომლებიც თავისი ბუნებით გაუპატიურებას და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ითვალისწინებს, კვალიფიცირდება, როგორც ნაკლებად მძიმე დანაშული, რომელიც არ ითვალისწინებს ადეკვატურ სასჯელს და ამასთან, ძალადობა არის გაუპატიურების დეფინიციის შემადგენელი ნაწილი და არა მისი დამამძიმებელი გარემოება.

“შესწავლილი საქმეების ანალიზიდან იკვეთება, რომ სექსუალურ ძალადობაზე მართლმსაჯულების განხორციელების დროს, არცერთ ეტაპზე, გენდერული ხედვის გათვალისწინება არ მომხდარა. სექსუალური ძალადობა საგამოძიებო და სასამართლო ორგანოების მხრიდან არ აღიქმება, როგორც გენდერული დანაშაული, რომლის მსხვერპლები ხდებიან ქალები და გოგოები, მათი სქესის და გენდერის გამო და რომ ამგვარი ქმედება არაპროპორციულად აზიანებს ქალებს.

ხშირ შემთხვევაში, დანაშაულის სამიზნე ქალები ექცევიან დაქვემდებარებულ მდგომარეობაში სწორედ ძალაუფლების არათანაბარი გადანაწილების, პატრიარქალური, სოციალური და კულტურული ნორმებისა და პრაქტიკის შედეგად. შესაბამისად, არცერთ საქმეზე, სადაც სექსუალურ ძალადობაზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, არ მომხდარა შესაძლო დისკრიმინაციული მოტივის გამოკვლევა, სასამართლო განაჩენებში გენდერული ხედვის განვითარება და, ამგვარი მოტივის გამოვლენის შემთხვევაში, დამნაშავისთვის სასჯელის დამძიმება”, – წერია კვლევაში.

ზემოთ აღნიშნული შეფასებებისა და კვლევაში ჩამოთვლილი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, კვლევის ავტორებმა სხვადასხვა უწყების მისამართით  რეკომენდაციები შეიმუშავეს:

ავტორები სხვადასხვა რეკომენდაციით მიმართავენ საქართველოს პარლამენტს, შსს-ს, პროკურატურას, სასამართლოსა და იუსტიციის სამინისტროს, რათა განხორციელდეს ძირეული ძვლილებები სექსუალური დანაშაულებების მართლმსაჯულების გაუმჯობესების მიმართულებით.

<strong>რეკომენდაციები ნახეთ აქ – დააკლიკეთ</strong>

რეკომენდაციები პარლამენტს

  •  შევიდეს ცვლილება გაუპატიურების დეფინიციაში (სსკ-ის 137-ე მუხლი), რათა, სტამბოლის კონვენციის შესაბამისად, აღნიშნული მუხლების დეფინიცია ეფუძნებოდეს მსხვერპლის თავისუფალი, ნამდვილი და ნებაყოფლობითი თანხმობის არარსებობას, რაც უნდა შეფასდეს გარემომცველი გარემოებების კონტექსტში.
  • გაუპატიურების (სსკ-ის 137-ე მუხლი) და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების (სსკ-ის 138-ე მუხლი) დეფინიციიდან მოხდეს ძალადობის ამოღება და ძალადობა განისაზღვროს აღნიშნული მუხლების დამამძიმებელ გარემოებად.
  • მოხდეს სსკ-ის 139-ე მუხლში ცვლილებების შეტანა სსკ-ის 137-ე და 138-ე მუხლებთან გადაფარვის თავიდან ასაცილებლად. კერძოდ, ქმედებები, რომლებიც ითვალისწინებს მსხვერპლის სხეულში შეღწევას ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ფიზიკურ კონტაქტს, რაც დღეს მოცულია სსკ-ის 139-ე მუხლით, უნდა ინტეგრირდეს 137-ე და 138-ე მუხლებში. 139-ე მუხლი უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იძულების ისეთ შემთხვევებში, როცა არ მომხდარა მსხვერპლის სხეულში შეღწევა ან სხვა სახის ფიზიკური ფორმის სექსუალური კონტაქტი.
  • გადაისინჯოს სსკ-ის მე-111 მუხლის შენიშვნა არაერთგზის დანაშაულების შესახებ და, სტამბოლის კონვენციაზე დაყრდნობით, ჩანაწერი გავრცელდეს ქალთა მიმართ ყველა სახის ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე.
  • მეუღლის მიმართ სექსუალური ძალადობის ჩადენა უნდა გამოიყოს, როგორც სექსუალური ძალადობის მუხლების (სსკ-ის 137-ე და 139-ე მუხლები) დამამძიმებელი გარემოება, სტამბოლის კონვენციის შესაბამისად.
  • სსკ-ის 53-ე მუხლში (სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები) გაკეთდეს შენიშვნა, რომელიც განსაზღვრავს, რომ ქალთა მიმართ და ოჯახურ დანაშაულებზე არ არის მიზანშეწონილი გარკვეული შემამსუბუქებელი გარემოებების გამოყენება, მათ შორის: ბრალდებულის და დაზარალებულის „შერიგება’’, ბრალდებულის მიერ დაზარალებულისთვის ფულადი დახმარების აღმოჩენა, დაზარალებულის მხრიდან პრეტენზიის არქონა, დამნაშავის მონანიება და მისი დადებითად დახასიათება მოწმეების მიერ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას:

  • შსს-მ და გენერალურმა პროკურატურამ, მნიშვნელოვანია, უზრუნველყონ, რომ პრიორიტეტულად მოხდეს სექსუალური ძალადობის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ფორმის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა და დანაშაულთა წრე არ იყოს დავიწროებული იმ საქმეებით, სადაც მტკიცებულებად ფიზიკური დაზიანებები და სქესობრივი აქტისთვის დამახასიათებელი ბიოლოგიური მასალა მოიპოვება.
  • შსს-მ და გენერალურმა პროკურატურამ, მნიშვნელოვანია, უზრუნველყონ გამომძიებლების და პროკურორების მომზადება სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე სხვადასახვა სახის მტკიცებულებების მოპოვების ტექნიკაში, რაც ასევე მოიცავს სტერეოტიპებზე დაფუძნებული მიდგომების გამორიცხვას მტკიცებულებათა მოპოვების დროს.
  • გამომძიებლებმა და პროკურორებმა, მნიშვნელოვანია, უზრუნველყონ, რომ სექსუალური ძალადობის საქმეებზე პრიორიტეტულად მოხდეს სათანადო მტკიცებულებების მოპოვება სტამბოლის კონვენციით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებებთან მიმართებით, მათზე დაყრდნობით მოხდეს დანაშაულის კვალიფიკაცია და სასამართლოში წარდგენა.
  • გამომძიებლებმა და პროკურორებმა უზრუნველყონ, რომ სექსუალური ძალადობის საქმეებზე, სსკ-ის 531-ე მუხლით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებებთან მიმართებით, მოხდეს სათანადო მტკიცებულებების მოპოვება და მათი, როგორც საქმეში არსებული დამამძიმებელი გარემოებების, სასამართლოსთვის წარდგენა.
  • გამომძიებლებმა და პროკურორებმა, მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ძალადობის წინარე ისტორიის, როგორც დამამძიმებელი გარემოების გამოკვლევას, მიუხედავად იმისა, დაზარალებულის მიმართ წარსულში გამოცემულია თუ არა შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.
  • შსს-მ და გენერალურმა პროკურატურამ უზრუნველყონ, რომ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე გამოძიება/დევნა არ შეწყდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ მსხვერპლმა უარყო ან შეცვალა ჩვენება, ან ჩვენებას აძლევს არათანმიმდევრულად, ან არ სურს დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა, ან რამე მიზეზით არ შეუძლია ჩვენების მიცემა (მათ შორის, მსხვერპლის ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო). მნიშვნელოვანია, გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება მოიცავდეს ინფორმაციას, თუ რა ზომები მიიღო გამომძიებელმა/პროკურორმა, რათა დაედგინა, მსხვერპლმა ჩვენება ხომ არ შეცვალა სავარაუდო მოძალადის ან სხვა პირის მხრიდან ზეწოლის, სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული სტიგმის, საზოგადოების მხრიდან გაკიცხვის შიშის ან სხვა მსგავსი მიზეზის გამო.
  • როდესაც გამოძიება დაწყებულია გაუპატიურების მუხლით და საქმეში არ არსებობს გაუპატიურების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მნიშვნელოვანია, დანაშაული გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შესაბამის მუხლზე, რომლის ნიშნებიც იკვეთება – მაგალითად, ძალადობა (სსკ-ის 126-ე მუხლი), იძულება (სსკ-ის 150-ე მუხლი) ან ადევნება (სსკ-ის 1511-ე მუხლი) – და არ შეწყდეს გამოძიება იმ მიზეზით, რომ მასში კონკრეტულად გაუპატიურების ნიშნები არ იდენტიფიცირდა.
  • როდესაც გამოძიება დაწყებულია გაუპატიურების მუხლით, მაგრამ მასში იკვეთება სექსუალური შევიწროების ნიშნები, მსხვერპლის გადამისამართება უნდა მოხდეს სექსუალური შევიწროების დროს მოქმედ არასისხლისსამართლებრივ მექანიზმებზე.
  • როდესაც გამოძიება დაწყებულია გაუპატიურების მუხლით, მაგრამ მასში არ დგინდება დანაშაულის ნიშნები და იკვეთება ქალთა მიმართ ძალადობა, რომელიც გათვალისწინებულია კანონით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ, მსხვერპლის გადამისამართება უნდა მოხდეს აღნიშნული კანონით გათვალისწინებულ მექანიზმებზე (შემაკავებელი და დამცავი ორდერი).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურას და სასამართლოს:

  • სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად არ უნდა ხდებოდეს ხისტი და ზედმეტად შემზღუდველი მტკიცებულებითი სტანდარტებით ხელმძღვანელობა და მტკიცებულებთა გამყარების მოთხოვნა.
  • სექსუალური ძალადობის საქმეებზე, ყველა სტადიაზე, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ რისკის შეფასება და მართვა სათანადო უწყებებთან თანამშრომლობით.
  • გადაიხედოს სექსუალური ძალადობის საქმეებზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სავალდებულოდ ჩატარების პრაქტიკა და მიღებული იყოს ყველა ზომა, რათა მსხვერპლის სხეულზე ექსპერტიზა, მისი ინტრუზიული ხასიათიდან გამომდინარე, არ ჩატარდეს მისი ინფორმირებული თანხმობის გარეშე და ისეთ შემთხვევებში, როდესაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები საკმარისია მნიშვნელოვანი ინფორმაციის დასადგენად და პირისთვის ბრალის წასაყენებლად.
  • სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დროს, სხვა დაზიანებებთან ერთად საქალწულე აპკის შემოწმების შემთხვევაში, აიკრძალოს აპკის მდგომარეობაზე დაყრდნობით დასკვნის გაკეთება იმის თაობაზე, ჰქონდა თუ არა ქალს ვაგინალური სქესობრივი კავშირი. აღნიშნულ მიდგომას არ აქვს სამეცნიერო ან კლინიკური საფუძველი სქესობრივი კავშირის ან გაუპატიურების დასადასტურებლად. აპკის შემოწმებამ შეიძლება უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენოს ბრალდებული, ზოგჯერ კი, შედეგად მისი გამართლება გამოიწვიოს.
  • დაზარალებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის გამოკვლევა და ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი დაზარალებულის ფსიქიკური მდგომარეობის პრობლემის შესახებ და როდესაც ამ მდგომარეობას შეეძლო, გავლენა მოეხდინა სამართალდამცავი ორგანოებისთვის დაზარალებულის მიერ ძალადობასთან დაკავშირებით მიწოდებულ ინფორმაციაზე.
  • მოხდეს გამომძიებლების, პროკურორების და მოსამართლეების გადამზადება სექსუალური ძალადობის საქმეებზე გენდერული სტერეოტიპების რაობასა და მათი აღმოფხვრის საკითხზე მართლმსაჯულების პროცესში.
  • შემუშავდეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა გამოკითხვის გაიდლაინი გამოძიების პროცესში გამომძიებლების და პროკურორებისთვის, რათა მოხდეს მსხვერპლის მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და არ მოუწიოს მას ერთი და იმავე ინფორმაციის მრავალჯერადი გამეორება.
  • სასამართლო პროცესებზე დაზარალებულის პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის დროს მიღებული უნდა იყოს ზომები მისი მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან ასარიდებლად (როგორიცაა შესაბამისი კითხვების აცილება, დაზარალებულის დისტანციური დაკითხვა და სხვა)
  • მნიშვნელოვანია, მოხდეს სექსუალური ძალადობის მსხვერპლების გადამისამართება სერვისებზე, დაზარალებულის სტატუსის მიუხედავად.
  • მნიშვნელოვანია, ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულება განხორციელდეს გენდერული ხედვით. მართლმსაჯულების მიზანი (სხვა მიზნებთან ერთად) უნდა იყოს გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა და არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფა, სტამბოლის კონვენციის პრინციპებზე დაყრდნობით.
  • სტამბოლის კონვენციის და ადამიანის უფლებათა სტანდარტებზე დაყრდნობით, ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულების განხილვა უნდა მოხდეს გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულების ჭრილში. ამ მიზნით, ყველა შესაძლო შემთხვევაში, გენდერული ძალადობის ძირეული მიზეზების გათვალისწინებით, უნდა მოხდეს მტკიცებულებების მოპოვება, გაანალიზება და მხედველობაში მიღება დამნაშავის მიერ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად (და, შესაბამისად, სსკ-ის 531-ე მუხლზე მითითება).
  • სექსუალური ძალადობის საქმეებზე, რომლებიც უკავშირდება სტამბოლის კონვენციით განსაზღვრულ მავნე პრაქტიკებს, როგორიცაა ქორწინების იძულება (რაც რიგ შემთხვევაში გამოიხატება მოტაცებით – ქორწინების მიზნით), ყველა შემთხვევაში, მართლმსაჯულება უნდა განხორციელდეს ამგვარი დანაშაულების გენდერული ბუნების გათვალისწინებით, უნდა მოხდეს დამნაშავის ქმედებაში დისკრიმინაციული მოტივის გამოკვლევა და მისი სათანადოდ შეფასება დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის დანიშვნის დროს. არ შეიძლება კულტურის, ჩვეულებების, რელიგიის, ტრადიციების ან ე.წ. „ღირსების’’ გამოყენება ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის ქორწინების იძულების და სექსუალური ძალადობის გასამართლებლად.
  • მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებთან დაკავშირებით მოხდეს ერთიანი სტატისტიკის წარმოება, რომელშიც მოცემული იქნება ინფორმაცია პირის სქესის, ეთნიკური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის, პროსტიტუციაში ჩართულობის და მოწყვლადობის სხვა მაჩვენებლის მიხედვით.
  • მოხდეს თითოეული მოწყვლადი ჯგუფის ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე არსებული ბარიერების (მათ შორის, საკანონმდებლო) შესწავლა და ეფექტიანი ზომების მიღება მათ აღმოსაფხვრელად, რათა ქალებმა შეძლონ სექსუალურ ძალადობაზე შეტყობინების გაკეთება.
  • მნიშვნელოვანია, გამომძიებლებმა და პროკურორებმა უზრუნველყონ შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება მოწყვლადი ჯგუფების მიმართ სექსუალური ძალადობის დისკრიმინაციული მოტივით ჩადენის დასადასტურებლად, ხოლო მოსამართლემ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს ისინი, როგორც დამამძიმებელი გარემოება (სსკ-ის 531 -ე მუხლი).
  • გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებები უნდა მოიცავდეს დასაბუთებას იმის თაობაზე, თუ რა განსაკუთრებული ზომები მიიღო გამომძიებელმა/ პროკურორმა მოწყვლად ჯგუფს მიკუთვნებული პირის მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის დასადასტურებლად, პირის მოწყვლადობის სპეციალური გარემოებების გათვალისწინებით.

სასამართლოს:

  • სასამართლომ, სექსუალური ძალადობის საქმეებზე, მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს სტამბოლის კონვენციითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებას და არ გამოიყენოს შემამსუბუქებელი გარემოებები, რომელთაც საფუძვლად უდევს გენდერული სტერეოტიპები და დისკრიმინაციული ეფექტი აქვს ამგვარი დანაშაულების მიმართ (მაგალითად, ბრალდებულის და დაზარალებულის „შერიგება’’ და ბრალდებულის მიერ დაზარალებულისთვის ფულადი დახმარების აღმოჩენა).
  • მეუღლის მიმართ სექსუალური ძალადობის ჩადენის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, მოსამართლემ განიხილოს, როგორც სასჯელის დამამძიმებელი გარემოება სსკ-ის 531 2-ე მუხლზე დაყრდნობით (დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ).
  • მოსამართლემ სრულად გაითვალისწინოს სექსუალური ძალადობის დანაშაულების სიმძიმე და პრიორიტეტი მიანიჭოს ამგვარ დანაშაულებზე რეალური სასჯელების შეფარდებას (განსაკუთრებით, სსკ-ის 139-ე მუხლთან მიმართებით).
  • სექსუალური ძალადობის, განსაკუთრებით, გაუპატიურების საქმეებზე, მათი შედეგებიდან გამომდინარე, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე არ უნდა მოხდეს დამნაშავის რეალური სასჯელისგან გათავისუფლება.
  • სასამართლომ უზრუნველყოს სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მტკიცებულებათა ფართო სპექტრის მხედველობაში მიღება და გაანალიზება, რათა დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა მოხდეს ისეთ დანაშაულებზე, რომლებიც ფიზიკური ძალადობის გამოყენების გარეშე არის ჩადენილი, ან სადაც მტკიცებულებად არ მოიპოვება სქესობრივი აქტისთვის დამახასიათებელი დაზიანებები მსხვერპლის სხეულზე და დამნაშავის ბიოლოგიური მასალა (მაგრამ დანაშაული, შესაძლოა, დასტურდებოდეს სხვა სახის მტკიცებულებებით).
  • მოხდეს მოსამართლეთა გადამზადება გენდერული სტერეოტიპების არსებობის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების მომზადების სპეციალური წესების შესახებ.

სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას:

  • მოხდეს სისხლის სამართლის ადვოკატების გადამზადება სექსუალური ძალადობის საქმეებზე გენდერული სტერეოტიპების რაობასა და მათი აღმოფხვრის საკითხზე მართლმსაჯულების პროცესში, ადვოკატთა ეთიკის კოდექსზე დაყრდნობით.

სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს:

  • გაიზარდოს ქალ ექსპერტთა რაოდენობა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალს მიეცეს საშუალება, აირჩიოს ექსპერტის სქესი.
  • მოხდეს ექსპერტთა გადამზადება სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთან ექსპერტიზის ჩატარების სპეციფიკური წესების შესახებ.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს:

  • სახელმწიფომ გააფართოოს სათანადო სპეციალური სერვისები სექსუალური ძალადობის მსხვერპლის დახმარებისთვის და უზრუნველყოს მათი ხელმისაწვდომობა დაზარალებულის სტატუსის მიუხედავად.
  • სახელმწიფომ უზრუნველყოს, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სერვისები პასუხობდეს მოწყვლად ჯგუფთა სპეციალურ საჭიროებებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრს:

  • შევიდეს ცვლილება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში No181 (2010 წლის 8 ოქტომბერი) სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების ზოგადი ნაწილის დამტკიცების შესახებ და განისაზღვროს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის ყველა ფორმის დანაშაულების (განსაკუთრებით, დანაშაულები, რომლებიც ფიზიკური ძალის გამოყენებით არ არის ჩადენილი) შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნა პრიორიტეტულად უნდა განხორციელდეს, ამასთან, დამნაშავის მიერ მსხვერპლისთვის ზიანის ანაზღაურებამ გავლენა არ უნდა მოახდინოს დევნის დაწყებაზე საჯარო ინტერესის საფუძველზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი