ახალი ამბები

მეგრელიშვილის თქმით, “გირჩის” პარლამენტში შესვლა დამოკიდებულია ენმ-ზე

8 დეკემბერი, 2020 • 924
მეგრელიშვილის თქმით, “გირჩის” პარლამენტში შესვლა დამოკიდებულია ენმ-ზე

“გირჩის” წევრ ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, “გირჩი” პარლამენტში ენმ-ის შესვლის შემთხვევაში შევა.

მეგრელიშვილის განმარტებით, რიგგარეშე არჩევნები “გირჩისთვის” არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც სხვა თემები და ამის შესახებ მოლაპარაკების მაგიდასთან ყველამ იცის. ამიტომ “გირჩი” თავისი სპეციფიკური მოთხოვნების დაკმაყოფილებაში ენმ-ისა და სხვა ოპოზიციური პარტიების დახმარებას ითხოვს.

“გირჩი” შევა პარლამენტში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ნამდვილად პარლამენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ უნდა იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია, გამარჯვებული ოპოზიცია “ნაციონალური მოძრაობა” უნდა იყოს იქ. ანუ, “გირჩის” მომავალი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეთანხმდებიან სხვა ოპოზიციური პარტიებიც, მაგრამ განსაკუთრებით, “ნაციონალური მოძრაობა”. ჩვენი გადაწყვეტილება იქნება დამოკიდებული ამ შეთანხმებაზე და არა სხვა რამეზე”, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა “ლელოს” ოფისში ოპოზიციის მორიგი კონსულტაციების დაწყებამდე.

მეგრელიშვილის აზრით, პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწიეს, დიალოგის ჩაშლის სურვილი აქვთ და შეხვედრაზე მივიდა იმის გასარკვევად, მართლა ხომ არ აპირებს ვინმე მოლაპარაკებების ჩაშლას.

მეგრელიშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “გირჩის” სამი წევრი — თვითონ, იაგო ხვიჩია და ალექსანდრე რაქვიაშვილი — სადეპუტატო მანდატების მიღებას გეგმავენ.

“აქ რომ მოვდიოდი, ჟურნალისტისგან გავიგე, რომ [პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით] ეჭვმიტანილები არიან გიორგი ვაშაძე, ელისაშვილი და “გირჩის” სამი ლიდერი. საქმე რაშია — ამდენი ხანია მიმდინარეობს მოლაპარაკება და ჩვენ, ფაქტობრივად, ვერ მოვახერხეთ, რომ ამ მოლაპარაკებაში ვინ რას უჭერს მხარს, ვისთვის რა არის მნიშვნელოვანი, ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებას. მიდის შავბნელ ოთახში რაღაც თამაში. ჩვენ გვინდა, რომ ახლა მივიღოთ საშუალება და უფლება, დავიწყოთ საუბარი იმ მოლაპარკების დეტალებზე, რომელიც 5-6 საათი მიმდინარეობს”, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

“ლელოს” ოფისში ოპოზიციის კონსულტაციების შემდეგ “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი