ახალი ამბები

ჩიხლაძე უარყოფს, რომ ვაშაძე და მანჯგალაძე პარლამენტში შედიან

8 დეკემბერი, 2020 • 1090
ჩიხლაძე უარყოფს, რომ ვაშაძე და მანჯგალაძე პარლამენტში შედიან

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე უარყოს ინფორმაციას, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში ბლოკის ლიდერი გიორგი ვაშაძე და ერთ-ერთი წევრი პაატა მანჯგალაძე შესვლას აპირებენ.

ამის შესახებ ჩიხლაძემ დღეს, 8 დეკემბერს, “ლელოს” ოფისში შესვლამდე განაცხადა, სადაც ოპოზიციის შეხვედრა იმართება.

“უარვყოფ ამ ინფორმაციას, არანაირი შესვლა არ განიხილება, ეს არის მცდარი ინფორმაცია. არ ვიცი, რატომ ვრცელდება, ან ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას. არანაირი შესვლა, გამოსვლა არ განიხილება, თუ არ იქნა მიღწეული შეთანხმება ფუნდამენტურ საკითხებზე. ასეთი შეთანხმება და მოლპარაკება დამთავრებული არ არის. ამიტომ გამოვრიცხავ და ეს არის მცდარი ინფორმაცია”, — განაცხადა ჩიხლაძემ.

დღეს “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარლამენტში შესვლას სამი ოპოზიციური პარტიის 7 წარმომადგენელი აპირებს.

“ჩვენ გავახმოვანეთ ის ინფორმაცია, რომელიც გვაქვს და რომლის თანახმადაც პარლამენტში შედის (კი არ ყოყმანობს, კი არ ფიქრობს – სწორედაც შედის) 7 ოპოზიციონერი (შემდეგ გამოშვებაში დავასახელებთ შვიდივეს), მათ შორის ორი თქვენი სიიდან, პირველ რიგში, ბატონი ვაშაძე. ესააა ჩვენი ინფო, რომლის დამალვასაც არ ვაპირებთ”,— დაწერა გვარამიამ “სტრატეგია აღმაშენებლის” ბლოკის ერთ-ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის ფეისბუკ პოსტზე საპასუხოდ.

გვარამიას იქვე უპასუხა თავად გიორგი ვაშაძემაც და დაწერა, რომ მასზე შეტევას ახორციელებენ.

“რა ინფო, რის ინფო, საიდან მოიტანეთ??? მთელი ცხოვრება ჩემზე შემოტავზე როგორ უნდა იყოთ აწყობილი”, — წერს ვაშაძე.

მანამდე სოციალური ქსელით ოპოზიციის რამდენიმე წევრის პარლამენტში შესვლაზე ინფორმაცია გაავრცელა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა. მისი ინფორმაციით,  საუბარია 6-7 ადამიანზე სხვადასხვა პარტიებიდან. ოქრუაშვილი მათ ვინაობას არ ასახელებს, ამბობს, რომ “მათივე ბაგეებიდან” უნდა გაიგოს ხალხმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი