ახალი ამბები

წიგნის მაღაზიების გახსნა, საგადასახადო შეღავათები – გამომცემელთა ასოციაციის მიმართვა მთავრობას

8 დეკემბერი, 2020 • 1250
წიგნის მაღაზიების გახსნა, საგადასახადო შეღავათები – გამომცემელთა ასოციაციის მიმართვა მთავრობას

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ღია წერილით მიმართავს საქართველოს მთავრობას და პანდემიის პერიოდში დახმარებას სთხოვს. საუბარია სხვადასხვა სახის დახმარებაზე, მათ შორის საგადასახადო შეღავათზე. კერძოდ, ასოციაცია მთავრობას სთხოვს პანდემიის პერიოდში საგადასახადო გადასახადისგან გათავისუფლებას.

მიმართვაში, რომლის ადრესატები ქვეყანაში მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი არიან, საუბარია იმ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე, რაშიც სექტორს შეექმნა ჯერ პირველი ლოქდაუნის, შემდეგ კი ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების გამო. დღეს ქვეყანაში წიგნის მაღაზიები დაკეტილია და მთავრობა მაღაზიებს მხოლოდ ონლაინ ვაჭრობის უფლებას აძლევს. ასოციაციის ინფორმაციით, გაზაფხულზე დაწესებულმა აკრძალვებმა სექტორს მაისის ჩათვლით 10 მლნ ლარის ზარალი მიაყენა, ახლანდელი შეზღუდვებით კი წლის ბოლოსთვის ზარალი გაიზრდება.

“საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 26 ნოემბერს უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო, რომელთა გათვალისწინებითაც, საქართველოს დიდ ქალაქებში ფუნქციონირება შეწყვეტეს წიგნის მაღაზიებმა. აღნიშნული ფაქტით, ცხადია, საგამომცემლო სექტორს დამატებითი, უაღრესად მძიმე ზიანი მიადგება. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ გაყიდვები შეზღუდვების ამ ეტაპზე დაშვებულია, შეუძლებელია უგულებელვყოთ ის სტაგნაციური და უსიცოცხლო პერიოდი, რომლის ფარგლებშიც თვეების მანძილზე არ გამოიცემოდა ახალი წიგნები, არსებული მარაგის რეალიზაცია კი საგრძნობლად გართულდა. მიმდინარე პროცესებით გამოწვეულმა ფინანსურმა ზარალმა მაისის თვის ჩათვლით, პირველი ჩაკეტვის შემდგომ, 10 მილიონი ლარი შეადგინა. როგორც მოსალოდნელია, აღნიშნული რიცხვი წლის ბოლომდე საგრძნობლად გაიზრდება და მიაღწევს იმ ნიშნულს, რომელიც სექტორს უმძიმესი დანაკარგებისა და გამოწვევების წინაშე დააყენებს”,-წერია მიმართვაში.

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ასევე აცხადებს, რომ გამომცებლოებებში არსებული კრიზისი ასევე აისახება სასკოლო წიგნებსა და მათ ხარისხზე, რადგან გაკოტრების პირას მყოფი ორგანიზაციები საგანმანათლებლო სფეროში ინვესტირებას ვერ მოახერხებენ.

“აღნიშნული მწვავე სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელად მიგვაჩნია სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი და დროული ღონისძიებების გატარება წიგნის სექტორის დასახმარებლად. ვინაიდან ფინანსური თუ სხვა სახის შეღავათები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც საგამომცემლო სფეროსათვის, ისე ზოგადად ქართული წიგნის სექტორის გადარჩენისათვის, მოგმართავთ თხოვნით, უმოკლეს დროში აღმოუჩინოთ წიგნის მაღაზიებს, გამომცემლობებსა და გამავრცელებელ ორგანიზაციებს როგორც რეგულაციური, ასევე ფინანსური თუ სხვა ტიპის მხარდაჭერა, პანდემიის პერიოდში სრულად გაათავისუფლოთ სექტორი საშემოსავლო გადასახადისგან და მაქსიმალურად დაჩქარებულ რეჟიმში გახსნათ წიგნის მაღაზიები, ვინაიდან სწორედ აღნიშნული სექტორის სტაბილურობა და წინსვლა გარდაუვლად აისახება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და წარმატებულ მომავალზე”,- ნათქვამია მიმართვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი