ახალი ამბები

ტრამპის ბრძანებით, ამერიკულ ვაქცინას პირველ რიგში ამერიკელები მიიღებენ – FOX

8 დეკემბერი, 2020 • 948
ტრამპის ბრძანებით, ამერიკულ ვაქცინას პირველ რიგში ამერიკელები მიიღებენ – FOX

ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, სამშაბათს, 8 დეკემბერს, ხელს მოაწერს ბრძანებას, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის ამერიკული ვაქცინა პირველ რიგში აშშ-ის ყველა მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს ქვეყანა დანარჩენი მსოფლიოსთვის ვაქცინის გაცემას დახმარების სახით. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News ექკლუზიურად, მთავრობის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ბრძანების შესახებ ინფორმაცია საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა. Fox News იუწყება, რომ შეხვედრა Pfizer და BioNTech განაცხადს დაეთმობა, რომლის მიხედვითაც კომპანიები კორონავირუსის ვაქცინაზე სასწრაფო ნებართვას ითხოვენ. აღნიშნული განაცხადი კომპანიებმა სამი კვირის წინ გააკეთეს. ამასთან, საკვებისა და წამლების ადმინისტრაცია 17 დეკემბერს შეკრებასაც გეგმავს Moderna-ს ვაქცინის განსახილველად.

Fox News-ის ცნობით, გასულ კვირას წყარომ თეთრი სახლის კორონავირუსის სამუშაო ჯგუფიდან განუცხადა, რომ პარასკევს, 11 დეკემბერს, შესაძლოა  ნებართვა  გაიცეს Pfizer-სა და BioNTech-სთვის ვაქცინის გამოშვებაზე.

“პრიორიტეტულია, რომ [კორონავირუსის] ვაქცინები პირველ რიგში ამერიკელებს მიეწოდოთ იქამდე, სანამ მათ გავრცელებას დავიწყებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით”, – განუცხადა გამოცემას წყარომ.

რაც შეეხება საერთაშორისო დახმარებას, Fox News წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ დახმარების გაცემა შესაძლოა დაიწყოს “გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისისთვის”. ასევე, წყაროს თქმით, ეს მოხდება მას შემდეგ, რაც “ვაქცინას მიიღებენ ის ადამიანები, ვისაც ამისი სურვილი ექნება”.

წყაროს განმარტებით, ბრძანებაში, რომელსაც დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, ხვალ მოაწერს ხელს, გარკვევით წერია, რომ “ის [ბრძანება] მიმართულია პირველ რიგში ამერიკელი ხალხისთვის იქამდე, სანამ ვაქცინას პარტნიორი და მოკავშირე ქვეყნები მიიღებენ”.

“ჩვენ მალე გვექნება კორონავირუსის ძალიან ეფექტური ვაქცინა ამერიკელი ხალხისთვის”, – განუცხადა Fox News-ს კიდევ ერთმა წყარომ. მისი თქმით, ვაქცინა “მნიშვნელოვანია ამერიკის მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე, ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობისთვის”.

ასევე, გამოცემის ცნობით, ბრძანებაში საუბარია COVID-19-ის ვაქცინებზე საერთაშორისო წვდომის შესაძლებლობის შესახებ. ბრძანებაში ასევე გაწერილი იქნება, თუ როგორ უნდა ჩაერთონ სხვადასხვა ამერიკული ორგანიზაციები კორონავირუსის პანდემიის დასრულების პროცესში.

Fox News-ის ინფორმაციით, ბრძანებაში ხაზგაზმული იქნება სახელმწიფოს “სამი ძირითადი მიდგომა”, რომელიც მოიცავს იმ საერთაშორისო პარტნიორებთან და მოკავშირეებთან მუშაობას, რომელთაც მაღალეფექტური ვაქცინის შესაძენად ფინანსური რესურსები გააჩნიათ.

იმ ქვეყნებს კი, რომლებსაც საკმარისი ფინანსური რესურსები არ გააჩნიათ, ამერიკა დაეხმარება ვაქცინის შეძენისთვის საჭირო “რესურსების გამოყენებაში”. ამასთან, ბრძანება მოიცავს იმ ორგანიზაციებთან მუშაობის აუცილებლობასაც, რომლებიც მიზნად ისახავენ რესურსების გაცემას დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის, რათა აშშ-ის მთავრობა დარწმუნებული იყოს, რომ ეს ქვეყნები დახმარებას მიიღებენ ვაქცინის სახით. წყაროს ინფორმაციით, საუბარია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე 92 ქვეყანაზე.

Fox News-ის წყაროს ცნობით, ამერიკის მთავრობა ვაქცინის მწარმოებელ 6 კანდიდატთან თანამშრომლობს, რისთვისაც ქვეყანამ დიდი ფინანსური რესურსი გაიღო. აღნიშნული 6 კანდიდატიდან ორმა უკვე მოითხოვა ვაქცინის სწრაფი დამტკიცება.

ამასთან, გამოცემის ცნობით, ჯანმრთელობისა და ადამიანთა მომსახურების მდივანმა, ალექს აზარმა განაცხადა, რომ საშუალო ამერიკელი ვაქცინის გაკეთებას შეძლებს 2021 წლის მეორე კვარტალში. მანამდე კი ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ “წინა ხაზზე” მომუშავე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის მოხუცთა თავშესაფრის მცხოვრებლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი